ჩვენ დედად ღვთისმშობელი გვყავს, თქვენ კი უდედოდ დარჩენილ ობლებს მიჰგავხართ...
ჩვენ დედად ღვთისმშობელი გვყავს, თქვენ კი უდედოდ დარჩენილ ობლებს მიჰგავხართ...
ერთმა ამერიკელმა მართლმადიდებელმა გადაწყვიტა, ათონის მთა მოელოცა და ბერი პაისი მოენახულებინა. სრულიად მოულოდნელად მასთან ერთად გამგზავრების სურვილი ერთმა პროტესტანტმა პასტორმაც გამოთქვა.

ბერმა ორივე გულთბილად მიიღო, ტრადიციულად, ლუკუმითა და ცივი წყლით გაუმასპინძლდა და მათ გვერდით დაბრძანდა. გავიდა რამდენიმე წუთი და პროტესტანტმა სტუმარმა წმინდა ნაწილებზე ჩამოაგდო სიტყვა, თან ამტკიცებდა, - ყველა ადამიანის ძვალი ერთნაირია და მათგან რომელიმეს თაყვანისცემა ყოვლად დაუშვებელიაო...

მაშინ ბერმა სიყვარულით მიუგო: "რასაც შენ ფიქრობ, არ არის მართალი. აი, თუნდაც გუშინდელი შემთხვევა ავიღოთ: ჩემთან მამა-შვილი მოვიდა. პატარა ბიჭი ეშმაკეული, ყრუ-მუნჯი გახლდათ, რომელსაც სიტყვა არასოდეს წარმოუთქვამს. ჩემს სენაკში შევედი, წმინდა არსენის წმინდა ნაწილი რომ გამომებრძანებინა, თუმცა ეს არავის დაუნახავს. როგორც კი სიწმინდეს ხელი შევახე, ეზოში მდგომმა ეშმაკეულმა ყრუ-მუნჯმა მყისვე იყვირა: "არა, ეს დამწვავსო!"

როგორც კი გარეთ გამოვედი და სიწმინდით ჯვარი გადავსახე, ყმაწვილი მყისვე განიკურნა და იმ წუთიდან მოყოლებული საუბრობს და სხვებივით იქცევა.

აი, ხომ ხედავ, მე თეორიაზე დაყრდნობით კი არა, დიდი გამოცდილებიდან გამომდინარე გესაუბრები".

ბერმა პროტესტანტს თავისი კეთილი თვალებით შეხედა და განაგრძო: "არასწორად ნუ გამიგებ, რადგან ამპარტავნება კი არა, სიყვარული მალაპარაკებს. კიდევ ერთ რამეს გეტყვი: ჩვენ დედად ღვთისმშობელი გვყავს, თქვენ კი უდედოდ დარჩენილ ობლებს მიჰგავხართ, რადგან თავადვე უარყოფთ მასო".

ბერი პაისის სტუმრები ამერიკაში დაბრუნდნენ. განვლო ექვსმა თვემ და პროტესტანტმა პასტორმა აღიარა, რომ ეს სულიერი ობლობა მართლაც ძლიერ შეიგრძნო და ბერის ლოცვათა წყალობით მალე მოინათლა კიდეც.
ბეჭდვა
1კ1