ურწმუნო ამერიკაში წასვლა დამჭირდა, მართლმადიდებლობის მადლი რომ შემეგრძნო...
ურწმუნო ამერიკაში წასვლა დამჭირდა, მართლმადიდებლობის მადლი რომ შემეგრძნო...
მისი ამბავი, ერთი შეხედვით, უამრავი თანამედროვე ქართველი ქალის ბიოგრაფიას ჰგავს - სრულიად ახალგაზრდა წავიდა სასწავლებლად ამერიკაში და იქიდან... მორწმუნე ქრისტიანად დაბრუნდა.

რისთვის დასჭირდა ამხელა სივრცის გადასერვა იმ მიწიდან, რომლის წიაღშიც მისი მღვდელ-მონაზონი წინაპრები განისვენებენ და რატომ შეიგრძნო ქრისტიანობა სწორედ რწმენისგან თითქმის დაცლილ ქვეყანაში, არავინ იცის. როგორ ეხსნება ადამიანს გული რწმენისთვის ან როდის არის ის მზად საამისოდ, შეუძლებელია, სიტყვით გადმოვცეთ. ამერიკიდან დაბრუნებული ახალგაზრდა ქალის ნაამბობსაც იმ იმედით გთავაზობთ, იქნებ სტრიქონთა შორის ნაწილობრივ მაინც ამოიკითხოთ დაფარული:

- რამდენიმე წლის წინ კონკურსში გავიმარჯვე და სასწავლებლად ერთი წლით ამერიკაში გავემგზავრე. ვერ ვიტყვი, მანამდე ღვთის არსებობის არ მწამდა-მეთქი, მონათლულიც გახლდით, თუმცა ეკლესიური ცხოვრებით არ მიცხოვრია - არ ვლოცულობდი და არც მარხვებს ვინახავდი, იშვიათად თუ შევივლიდი ტაძარში სანთლის დასანთებად.

კონკურსში გამარჯვებულთა პროგრამა ამერიკულ სკოლაში სწავლის გარდა იქაურ ოჯახებში ცხოვრებასაც ითვალისწინებდა. როგორც ჩანს, ღვთის განგება იყო, რომ იმ შორეულ ქვეყანაში მაინცდამაინც მორწმუნე მართლმადიდებელ ოჯახში მეცხოვრა.

ცოტა ხანში ჩემს ამერიკელ მასპინძლებთან ერთად მეც დავიწყე სიარული რუსულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში, პირველი მარხვაც იქ შევინახე, მერე ვგალობდი კიდეც... რუსული ტაძრის მღვდელი, მამა სილა, არაჩვეულებრივი მოხუცი, ჩემი პირველი მოძღვარი გახდა, პირველად სწორედ მას ჩავაბარე აღსარება და მანვე მაზიარა. მე და მამა სილას დღემდე გვაქვს მიმოწერა და ისევ ვმეგობრობთ.

ჩემი "ამერიკული ოჯახის" ყველა წევრი ეკლესიაში მსახურობს: მშობლები გალობენ, შვილი სტიქაროსანია, სიძე კი - დიაკვანი.

ამერიკაში ყოფნისას მრავალი ეკლესია მოვილოცე. ის ტაძარი კი, რომლის მრევლიც გახლდით, როგორც აღმოჩნდა, ანტიოქიის საპატრიარქოს ეკუთვნოდა. შინ რომ ვბრუნდებოდი, იქაურმა მრევლმა იმდენი საეკლესიო სიწმინდე და წიგნი მისახსოვრა, უზარმაზარი ჩანთა გაივსო. მამა სილამ გზა დამილოცა და მითხრა: - შენ ისევ დაბრუნდებიო...

უკვე ამდენი წელი გავიდა, მაგრამ არც ჩემს იქაურ მეგობრებთან შემიწყვეტია ურთიერთობა და არც იქაურ ეკლესიასთან. ღვთის განგებით, რამდენიმე წლის წინ საქართველოში სტუმრად მყოფი ამერიკელი მღვდლები და მონაზვნები გავიცანი და ისინიც დავიმეგობრე...

მაგრამ, იცით, რა მიკვირს ყველაზე მეტად? მე, ქართველს, მართლმადიდებლად მონათლულს, უძველესი ქრისტიანული ქვეყნის მკვიდრსა და მღვდელ-მონაზონი წინაპრების პატრონს, ურწმუნო ამერიკაში ჩასვლა რატომ დამჭირდა, რომ მართლმადიდებლობის მადლი შემეგრძნო. როგორც ჩანს, ამხელა მანძილი უნდა გადამესერა, მეც და ჩემი ოჯახის წევრებიც რომ მოვქცეულიყავით.

მართლაც, შეუცნობელნი არიან გზანი უფლისანი...
ბეჭდვა
1კ1