მარტოკაცი ტაძარს როგორ ავაშენებო?!
მარტოკაცი ტაძარს როგორ ავაშენებო?!
დაახლოებით წმინდა თამარის მეფობისას თბილისის ქვემოთ, სომხითში, აჭარიდან, წმინდა გიორგი მაწყვერელის მშობლიური კუთხიდან, შუარტყალის ხეობიდან, სამუშაოდ ერთი კალატოზი ჩამოსულა. სახელად ბასილი რქმევია. ოსტატიც კარგი ყოფილა და ამიტომ ტაძრის აშენება დაუვალებიათ. ამ დროს გამოეცხადა მას წმინდა მთავარმოწამე გიორგი და უთხრა: ნუ ხარ აქ და ნუ ზრუნავ "მოსარეწელისთვის სიგლახაკისა შენისა". წადი შინ და მარტომ ამიშენე ტაძარი. თუ ვინმეს დაიხმარ, მთელ სახლეულს აგიოხრებო. განცვიფრებულ ბოლოკ-ბასილს (ასე უწოდებდნენ მას ახლობელნი) მიუმართავს: ჰოი, წმიდაო მთავარმოწამევ, რა ვქნა მე უბადრუკმა. აქ ფულის საშოვნელად წამოვედი, რათა ოჯახი გამოვკვებო. ნება მომეცი, დაწყებული საქმე დავამთავრო. ეგეც არ იყოს, მარტოკაცი ტაძარს როგორ ავაშენებო! წმინდა გიორგი განრისხებულა: ისმინე ჩემი, ბოლოკ-ბასილ, წადი კლარჯეთის უდაბნოში. იქ სნეული მოხუცი მონაზონია, სახელად სტეფანე, და ჩემი სახელით კურნება აღუთქვი. სთხოვე ჯორი და რკინა, გამოკვერე რკინით ქვის სათლელი იარაღი და დაიწყე ეკლესიის შენება. ქვას შენი უღელი ხარით მოიტან, ქვიშას - სტეფანეს ჯორითო. მობრუნდა ბასილი შინ, უამბო ყველაფერი ახლობლებს. მათ არ დაუჯერეს - ეტყობა, ჭკუაზე შეირყაო. მალე ბოლოკ-ბასილმა ოპიზის მონასტერში მამა სტეფანე მოინახულა და გადასცა წმინდა გიორგის დანაბარები. ბერმა ჯორი და რკინა მისცა და, მთავარმოწამის სიტყვისაებრ, მყის განიკურნა. მოიწია შინ ბასილი და შეუდგა მუშაობას. საძირკვლის გათხრა დაიწყო წმინდანის მითითებულ ადგილას. აქ მიწა ნესტიანი (მწყურნები) და რბილი იყო, ამიტომ ბასილმა ტაძრის სიმაღლის საძირკველი გათხარა და დაიწყო ამოშენება. სატაძრე ქვასაც წმინდა გიორგისვე მინიშნებით ტეხდა. წმინდანს გაუფრთხილებია ბასილი: თუ საჭირო ქვას მოტეხ, იმ ადგილზე ერთი ჩიტი დაჯდება ხოლმე, თუ არადა - ამაოდ გიწვალიაო. მართლაც, ის ჩიტი თან დასდევდა ბასილს და ეკლესიის აშენების შემდეგაც მრავალი წელი არ მოსცილებია ტაძარს.

წმინდა გიორგი ცხადად შეეწეოდა ბასილს. იმხელა ლოდებს, მთელი სოფელი რომ შეკრებილიყო, ძვრას ვერ უზამდა, ბასილი თავისუფლად იღებდა. ხალხი წმინდანს ვერ ხედავდა. წმინდა გიორგი არც დუღაბის ჩასხმაზე აკარებდა ვინმეს. ვისაც ბასილის შეწევნის სურვილი გაუჩნებოდა, ზოგს ძილში ეცხადებოდა, ზოგს ცხადად და მკაცრად აფრთხილებდა. ერთხელ ბასილმა ქვის დაწყობაში შვილი, იოანე, დაიხმარა, მაგრამ ქვა მოწყდა და ბასილს დაეცა. ოსტატი დიდხანს იყო გონდაკარგული. ამის შემდეგ მისთვის ხელის შეშველება ვეღარავინ გაბედა. ერთხელ, ზაქარიაწმინდის მთაზე ლოდი მოკვეთა, დადო მარხილზე და ხარებს წინ გაუძღვა. ეტყობა, მარხილი კარგად არ იყო შებმული, გაიხსნა და დაცურდა. ასცდა ბასილს, ხარებს, ყველაფერს გვერდი ისე აუარა, რომ არ გადაბრუნებულა, გავლო ხევი, მცირე აღმართიც აიარა და გაჩერდა. მალე ბასილიც მივიდა, ხარები შეაბა მარხილში, მიიტანა ქვა ტაძართან და დასავლეთის კარებს ბალავრად დაუდო.

იმ დროს იმ მხარეში შიმშილობა მძვინვარებდა, პური ძვირად ფასობდა. წმინდა გიორგი მოუტანდა ხოლმე თავის მონას ხან ყურძენს, ხან ჟოლოს და მოუძლურებულ ბასილს ამ სასწაულით გაამხნევებდა. "ბაჩილო!" - დაუძახებდა ბავშვივით ენამოჩლექით, რამეთუ ბასილიც მცირედ ენაბრგვილი იყო და რაიმეს აჩუქებდა. ერთხელ, როცა ხორცი შემოაკლდა, ირემიც კი მიუყვანა.

სპარსთაგან ტყვედქმნილი მრავალი ქართველი გამოიხსნა წმინდანმა. ერთისთვის უთქვამს: თუ ამიშენებ ქართაგან მისაფარებელ ქვის სასანთლეს, უეჭველად გამოგიხსნიო. კაციც დაჰპირებია და ტყვეობიდან დახსნილს დანაპირები შეუსრულებია.

წმინდა გიორგის შეწევნით ასე აშენდა ტაძარი ერთი კაცის ხელით. შემდგომში ბასილს, წმინდა გიორგის გამოცხადებისაებრ, სხვა ეკლესიაც აუშენებია, აქ კი ნება დაურთია მთავარმოწამეს, ხალხი დაეხმარებინა.

პირველი ტაძრის მშენებლობისას ბასილს ქვის ჯვარი გამოუთლია, მაგრამ წმინდანს ტაძარში შეტანის ნება არც მისთვის და არც მისი შვილისთვის არ მიუცია. ასე ესვენა თურმე გარეთ, მასზე ჩიტიც ვერ ჩამოჯდებოდა. წმინდა გიორგის ბასილისთვის უთქვამს: მე ვიცი, როცა დავასვენებ ჯვარს ჩემს ეკლესიაშიო. ეს დრო კი ხვარაზმელთა შემოსევისას დამდგარა. თბილისის დარბევის შემდეგ, ხვარაზმელთა ნაწილს ლიხსიმიერი საქართველოც დაურბევია. ბასილის შვილიშვილის, მღვდელმონაზონ იოსებისა და მისი სახლეულის გარდა, თურმე ყველამ გაქცევით უშველა თავს. ნიშნად სამცხის მტერთაგან გადარჩენისა წმინდა გიორგიმ ამ ჯვრის ტაძრის გუმბათზე აღმართვა ინება. ეს პატივი, "ნეშტი ამის სასწაულისაი", ბასილის შვილიშვილს, ნეტარ იოსებს ერგო. მანაც წმინდანის შეწევნით ძნელად სატვირთავი ჯვარი ძალზე ადვილად აიტანა და ტაძარზე დაამყარა. ამით განსრულდა წმინდა გიორგის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე დიდი და უცნაური სასწაული, რომელსაც ანალოგი არ მოეპოვება ეკლესიის ისტორიაში.

ერთხელ, ქვის კვეთისას, წმინდა გიორგის უთქვამს: "შთადექ, ბასილი, და განზომე, ეგე რაოდენი არსო". ჩადგა ბასილი ნაპრალში და წმინდანმა ლოდებით შემოსალტა. ბასილს აღმოხდა: რად მკლავ, მე საბრალოსო. ხოლო წმინდანმა "რეცა სიცილის სახედ და ლაღობისა" გასწია ლოდები და უთხრა ბასილს: "აღმოვედ და ნუ ხარ მოწყინარე მსახურებისა ჩემისა და სრულ ჰქმენ ტაძარი ჩემიო". მართლაც რომ საგულისხმო ამბავია: ქართველებს ხომ წმინდა გიორგის სიყვარულისთვის "გეორგიანებს" გვეძახიან. ამიტომაც ჩვენც, ბასილის მსგავსად, არ უნდა შეგვწყინდეს ღვთისა და მისი წმინდა ნების მსახურება, რათა შეგვეწიოს წმინდა გიორგი და აგვაშენებინოს ის ლამაზი ტაძარი, რომელსაც ერთიანი, ძლიერი, მართლმადიდებელი საქართველო ჰქვია.
ბეჭდვა
1კ1