"მასზე გამოსახული დედა ღვთისა ჯვარცმული უფლის წინაშე ლოცულობს..."
"მასზე გამოსახული დედა ღვთისა ჯვარცმული უფლის წინაშე ლოცულობს..."
ქალაქ ახტირში უძველესი დროიდან არსებობდა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის სახელობის სამრევლო ტაძარი, სადაც 1739 წლიდან დიდად მოწყალე და ღვთისმოშიში მღვდელი დანიელ ვასილიევი მოღვაწეობდა.

ერთ მშვენიერ დღეს მამა დანიელი თურმე ბოსტანში თიბავდა, მაგრამ ცელის ორჯერ მოქნევაც ვერ მოასწრო, რომ ბალახში ხატი შენიშნა. მასზე გამოსახული დედა ღვთისა ჯვარცმული უფლის წინაშე ლოცულობდა და გამოუთქმელი ნათლით იყო გაბრწყინვებული.

გაოგნებულმა მღვდელმა მყისვე პირჯვარი გადაიწერა, მხურვალედ ილოცა, ხატის წინ სამი დიდი მეტანია აღასრულა, შემდეგ შინ წააბრძანა და საპატიო ადგილას დააბრძანა. სამი წელი ხატი მის სახლში იმყოფებოდა. შინაურებმა მალევე შენიშნეს, რომ რაღაც გამოუთქმელი შიშის გამო ხატის სამყოფელ ოთახში ღამის გათევა შეუძლებელი იყო.

სამი წლის შემდეგ, ღვთისმშობლის საფარველის დღესასწაულზე, მღვდელი ხატს მიეახლა და ისევე მოულოდნელად, როგორც პოვნის დღეს, განაცვიფრა ხატის ნათელმოსილებამ... ეს მოვლენა რამდენჯერმე განმეორდა, თუმცა მამა დანიელს ამის შესახებ კრინტიც არავისთან დაუძრავს. ერთ დღეს თავად ღვთისმშობელი გამოეცხადა და ხატის გაწმენდა უბრძანა. მღვდელს იგი სუფთა წყლით უნდა განებანა და საფარველი ჩამოეფარებინა...

მამა დანიელი ასეც მოიქცა. ხატის ნაბანი წყალი ჭურჭელში შეაგროვა, მეორე დილით მის მდინარეში გადაღვრას აპირებდა, რომ ისევ ესიზმრა: თითქოს მდინარისკენ მიდიოდა, გზად დედა ღვთისა გამოეცხადა და აუწყა: "შინ დაბრუნდი და ეს წყალი შეინახე. იგი ციებით შეპყრობილთა მკურნალიაო".

მამა დანიელის ქალიშვილს დიდხანს ტანჯავდა ციება... მან შვილს დასალევად ეს წყალი მისცა და გოგონაც მყის განიკურნა. ამ მადლმოსილი ხატის ნაბანმა წყალმა კიდევ უამრავი სნეული აღადგინა.

ერთ დღესაც მღვდელმა შენიშნა, რომ ხატის საღებავებს ბზარები გაუჩნდა. მაშინვე ხატმწერი მიიწვია მის აღსადგენად. ხატმწერმა იგი შინ წააბრძანა და საპატიო ადგილიც მიუჩინა, მაგრამ ღამით ხატიდან გამომავალმა ხმამ უბრძანა: - ხატის შინ დაბრუნების დრო დადგა, ამაზე უკეთ შენ ვერასოდეს შეაკეთებო.

შეშინებულმა ხატმწერმა მეორე დღესვე დაუბრუნა იგი მამა დანიელს და ყოველივე უამბო. ამ უკანასკნელმა ამჯობინა, ხატი თავის სამრევლო ტაძარში წაებრძანებინა, სადაც იგი კვლავ სასწაულებრივად გაბრწყინდა.

ხატმწერ იოანეს, რომელსაც ხსენებული ხატი უნდა აღედგინა, ციებით შეპყრობილი ყრმა ჰყავდა. როდესაც ახტირის ღვთისმშობლის მიერ აღსრულებულ კურნებათა შესახებ შეიტყო, ხატი განბანა და წყალი შვილს დაალევინა, რომელიც მყისიერად გამომჯობინდა...

ყველა, ვინც კი რწმენით მიმართავდა ღვთისმშობელს, სასწაულებრივად იკურნებოდა. განსაკუთრებით საგულისხმოა ერთი ისტორიულად სარწმუნო გადმოცემა: - გენერალ ვეიდერის მეუღლე ელისაბედი ახტირში ჩავიდა და ღვთისმშობლის ხსენებულ ხატს მხურვალედ ევედრა, სნეულებისგან განეკურნა. მომდევნო ღამეს ძილში ღვთისმშობელი იხილა, რომელმაც აუწყა: - ამაოდ ნუ მთხოვ განკურნებას, ეს შენთვის სათნო არ არის, რადგან წუთისოფლიდან მალე გახვალ... შენი ქონება ეკლესიებს და უპოვართ გაუნაწილე - ეს მსხვერპლი შენივე სულისთვის იქნება სასარგებლოო. სნეულმა უპასუხა, - ღვთის დედაო, თუ მთელ ქონებას დავარიგებ, ჩემს შვილებს სიღატაკე დაემუქრებათო, მაგრამ ღვთისმშობელმა ანუგეშა, - შვილებზე ნუ წუხხარ, მე მუდამ მათი მფარველი ვიქნები, შენ კი 5 დღეში გახვალ ამ ქვეყნიდან, განსვლისთვის მოემზადე და ქონების გაცემა ისწრაფე, რათა შენი ხსნისთვის ილოცონო.

ავადმყოფმა ყოველივე აღასრულა და 5 დღეში მართლაც მიიცვალა.

როდესაც იმპერატორმა ეკატერინე მეორემ ამ სასწაულებრივი მფარველობის შესახებ შეიტყო, განსვენებულის ორივე ქალიშვილზე იზრუნა და გაათხოვა: - ერთი მათგანი გრაფ პალენს გაჰყვა ცოლად, მეორე - გრაფ ჩერნიშევს.

ღვთისმშობლის ეს სასწაულმოქმედი ხატი ხარკოვის გუბერნიის ქალაქ ახტირშია დაბრძანებული... მასზე გამოსახული დედა ღვთისა ჯვარცმული უფლის წინაშე ლოცულობს... შეგვაწყნაროს ამ ლოცვებმა უფალს, ამინ!
ბეჭდვა
1კ1