"ამ ბერმა რამდენიმე სიტყვით გამაგებინა ის, რაც წლების მანძილზე ვერ მასწავლეს პროტესტანტებმა..."
"ამ ბერმა რამდენიმე სიტყვით გამაგებინა ის, რაც წლების მანძილზე ვერ მასწავლეს პროტესტანტებმა..."
ამას წინათ ინტერნეტის ერთ-ერთ საიტზე უცნაური და, ერთი შეხედვით, წარმოუდგენელი ამბავი წავიკითხე.

არ ვიცი, ვინ როგორ აღიქვამს ირანელი მართლმადიდებლის ამ აღსარებას, მაგრამ მე კი გულზე მომხვდა და მომინდა, თქვენთვისაც გამეცნო.

ქრიზოსთომოს სელაჰვარზი: - "დავიბადე ირანის ერთ პატარა ქალაქში, ღარიბ, მაგრამ დიდგვაროვან ოჯახში. დედაჩემი მუსლიმანი შიიტი გახლდათ, მუდამდღე მექისკენ პირმიქცეული ლოცულობდა ხოლმე, მაგრამ შვილებისთვის თავისი რწმენა არასოდეს მოუხვევია...

მამაჩემი არ იყო დიდად მორწმუნე.

მართალი გითხრათ, ბედნიერი ჭაბუკი ვიყავი, კარგად ვსწავლობდი, ყველა მაფასებდა და ბევრი მეგობარიც მყავდა...

ერთ მშვენიერ დღეს, ნასადილევს, ჩვეულებისამებრ, დავიძინე, მაგრამ უეცრად და უმიზეზოდ გამეღვიძა... არაფერი დამსიზმრებია, მაგრამ შიშითა და დარდით ვიყავი გათანგული. რაღაც ძალიან მტკიოდა სულში. ასეთი შიში ადამიანს მიწისძვრისას ეუფლება. არ ვიცოდი, რა მემართებოდა. მოულოდნელად უცნობ სამყაროში ამოვყავი თავი. სამყარო კი არა, მე შევიცვალე, გარშემო თითქოს მიცვალებულთა სამყარო მერტყა. მომეჩვენა, რომ სიხარულმა და სიმშვიდემ სამუდამოდ მაქცია პირი. საკუთარი სახლიც კი მეუცხოვა, მხოლოდ ახლა, 15 წლის შემდეგღა გავიგე, რა დამემართა - ღმერთმა სული გამომიფხიზლა.

რელიგიისადმი დიდი ინტერესი გამიჩნდა, უფალს ვეძიებდი. ყურანის კითხვა დავიწყე. ახლობლებს უკვირდათ, მშობლებს კი უხაროდათ, რომ პოლიტიკას ჩამოვშორდი და სარწმუნოებამ დამაინტერესა...

ყურანი უფლის შეცნობაში ვერ დამეხმარა. ის არაფერს ამბობდა, თუ ვინ არის ალაჰი "მოწყალე", "საიდუმლო", "აისის უფალი" და ა.შ. ყურანში დიადი შემოქმედი ძალა უფროა, ვიდრე პიროვნება. მე კი არ ვიცოდი, ვისკენ ვისწრაფოდი, თუმცა კი ვგრძნობდი, რომ ჩემი სიყვარული და ლტოლვა ძალიან პიროვნული იყო. ან როგორ შემეძლო მყვარებოდა ის, ვინც ყოველგვარი განსაზღვრების მიღმა იყო? განა შეიძლება, უპიროვნო ღმერთი გიყვარდეს? ამგვარ სიყვარულს ხომ ფასი არ აქვს.

* * *
1990 წელს ირანიდან ლტოლვილი ნორვეგიაში, ქალაქ ვოლდაში ჩავედი და იქაურ უნივერსიტეტში გავაგრძელე სწავლა. საკუთარ თავში გასარკვევად სიმშვიდე და მარტოობა მჭირდებოდა. ერთმა ნორვეგიელმა ახალგაზრდამ ნორვეგიულ-ინგლისურ პარალელურტექსტებიანი სახარება მაჩუქა. კითხვა რომ დავიწყე, ვეღარ მოვწყდი. სახარებისეული იესო სულ სხვა პიროვნება აღმოჩნდა, ვიდრე ის, ვისაც ყურანიდან და სხვა წიგნებიდან ვიცნობდი. ისლამური სასულიერო ლიტერატურა მას ღვთის ძედ კი არა, წინასწარმეტყველად მიიჩნევს... ქრისტიანთა ღმერთი, ალაჰისგან განსხვავებით, კონკრეტული პიროვნება აღმოჩნდა.

ყურანში, გარდა იმისა, რომ ის სამყაროს შემოქმედია, უფლის შესახებ არაფერია ცნობილი. ისლამში ღმერთი პიროვნება არ არის, ამდენად, მასთან მიახლება შეუძლებელია.

ყველაზე მეტად სახარებაში უფლისადმი, როგორც პიროვნებისადმი, მიმართებამ შემძრა. სწორედ ამას ეძიებდა ჩემი სული. თუ ღმერთი პიროვნებაა, ე.ი. მეც შემიძლია მასთან პიროვნული კავშირის დამყარება. ეს მართლაც აღმოჩენა იყო. იმედი ჩამესახა: - თუ მახარებლები მართლები არიან და უფალი იესოში განხორციელდა, კაცსა და ღმერთს შორის პიროვნული კავშირი შესაძლებელია-მეთქი.

თუმც ეჭვი არ მასვენებდა: იყო კი იესო სინამდვილეში ისეთი, როგორიც სახარებაშია? მე იგი მიყვარდა, მაგრამ როგორ უნდა დავრწმუნებულიყავი, რომ ის, ჩვეულებრივი ადამიანი, ისტორიული პიროვნება კი არა, ღვთის ძე იყო?

ამ კითხვაზე პასუხი ქრისტეს აღდგომამ გამცა: თუ ქრისტე მკვდრეთით აღსდგა, იგი მართლაც კაცთა სახსნელად სოფლად მოსული მაცხოვარი იყო, მაგრამ თუ მოკვდა, მაშინ მახარებელი ტყუის და ქრისტესი არ უნდა ვიწამოთ-მეთქი.

მოკლედ რომ გითხრათ, ქრისტიანობით სერიოზულად დავინტერესდი და ნორვეგიის პროტესტანტული ეკლესია-მონასტრები მოვინახულე, თუმცა ამან სულიერი შიმშილი ვერ მომიკლა. პირადი სულიერი განცდების მქონე ვერც ერთი მოღვაწე ვერ ვიპოვე პროტესტანტულ სამყაროში.

უნდა ვაღიარო, რომ ამგვარ "ქრისტიანობასთან" შედარებით ისლამი სულიერად უფრო ამაღლებული და ნამდვილია.

სულიერი ადამიანები ამქვეყნად დევნილი არიან, პროტესტანტიზმს კი ადამიანური ყოფის ტრაგიზმზე პასუხი არ აქვს. ის სიმსუბუქე და ზედაპირულობა, რომლითაც ისინი ქრისტეს ახსენებდნენ, კურნების ნაცვლად კიდევ უფრო მიმძიმებდა ისეც დაწყლულებულ სულს.

* * *
1994 წელს ნორვეგიელ სტუდენტებთან ერთად საბერძნეთში მოვხვდი. თურქეთის სანაპიროსთან, კუნძულ ლესბოსზე ძველ ბიზანტიურ მონასტერში დავსახლდით, რომელიც იმხანად მოქმედი არ იყო. ბერთა ნაცხოვრებ სენაკებში ვცხოვრობდით. მონასტრის სიახლოვეს პატარა ეკლესია იდგა - მაგნიტივით მიმიზიდა... კედლებზე ძველი ხატები ეკიდა. მყუდრო და მადლიანი ადგილი იყო... მანამდე არ ვიცოდი, რომ ქრისტიანებს ხატები ჰქონდათ. ვიცოდი, რატომ უარყოფდა ისლამი ხატებს, მაგრამ არასოდეს დავფიქრებულვარ, რატომ არ ჰქონდათ პროტესტანტებს.

ეს ეკლესია უაღრესად მემშობლიურა, გარეთ გამოსვლაც კი გამიჭირდა... ერთხელ ზედიზედ სამი ღამე მის წიაღში, ხატებთან გავატარე... არასოდეს დამავიწყდება ეს საოცარი ღამეები... ხან მუხლმოყრილი ვლოცულობდი, ხან ხატებს ვეამბორებოდი, მათ წინაშე სიყვარულის, ტკივილისა და დარდისგან ვტიროდი... არ ვიცოდი, რა მატირებდა ასე გულამოსკვნით, მაგრამ ცრემლს ვერაფრით ვიკავებდი. ის დიდი საიდუმლო, რომელიც ვერც ერთმა ადამიანმა ვერ ამიხსნა, ამ წმინდა ხატებმა უსიტყვოდ მიამბეს, სახარება ახლებურად წავიკითხე და იმასაც მივხვდი, რომ ეს პატარა, მიტოვებული ეკლესია გაცილებით ძლიერი და მადლმოსილი იყო, ვიდრე ულამაზესი პროტესტანტული ტაძრები.

პროტესტანტიზმმა თითქმის გამიქრო ინტერესი ქრისტიანობისადმი, მართლმადიდებლობამ კი მაცხოვარი მაპოვნინა.

გავიდა დღეები. მართლმადიდებელი ბერი გავიცანი, ჩვენთან სამი დღე გაატარა და მერე უკან, სინაზე დაბრუნდა... იგი სულაც არ ჰგავდა ჩემს ნაცნობ "ქრისტიანებს" - უსიტყვოდ მიხვდა, როგორ და რის გამო ვიტანჯებოდი. ხატების მსგავსად, მანაც უსიტყვო, მაგრამ დიდი თანაგრძნობა გამომიცხადა, მისი სიტყვები სიყვარულით სავსე, გულში ჩამწვდომი და მშვიდობის მომგვრელი იყო, იცოდა, რასაც ამბობდა... არც ერთი ჩემი ნაცნობი ქრისტიანი ასე არ საუბრობდა, გვმოძღვრავდა, მაგრამ არა როგორც მწიგნობარი და ფარისეველი... ხარბად ვისმენდი... ყოველი მისი სიტყვა კონკრეტული, პირადული და სულისშემძვრელი იყო, მათში სისადავე და სულიერება ჩანდა და არა ფილოსოფია და მორალი. რამდენიმე სიტყვით გამაგებინა ის, რაც ამდენი წლის განმავლობაში ვერ მასწავლეს პროტესტანტებმა... ვუთხარი, რომ თითქმის ათ წელიწადს ვეძებდი უფალს, მაგრამ პასუხი არსად ჩანდა, მან კი მიპასუხა: - ე.ი. შეიძლება პასუხი ათი წლის შემდეგ მოვიდესო. ჩემს ტანჯვასა და განსაცდელებზეც ვუამბე, მან კი: რატომ მოელი უფლის საქმეებს კაცთაგანო...

ბერი განსწავლული როდი იყო, მაგრამ ჰქონდა ცოდნა, რომელიც მეცნიერებას აღემატება. გარეგნობაც შთამბეჭდავი ჰქონდა: - უდაბნოს მზეზე დამწვარი სახე, სინას მტვრით დაფარული, გაცვეთილი სამოსელი... მის ცოცხალ, შავ თვალებს რომ ვუცქერდი, ირანის ღამეულ ცაზე მოკიაფე ვარსკვლავები მახსენდებოდა...

ასე დაიწყო ჩემი გზა ქრისტესკენ...

უფალო იესო, შენ მე ყოველთვის მიყვარდი, ზოგჯერ მთელი არსებით, ზოგჯერ ნაკლებად, ხან სიხარულით, ხან სიმშვიდით... მაგრამ მაინც მიყვარდი...

მახსოვს, როგორ მიძლიერდებოდა გულისცემა, როდესაც შენს სახელს სპარსულ პოეზიაში წავაწყდებოდი.

გახსოვს, თეირანში, ისლამური რევოლუციის მეხუთე წლისთავზე, ფირდოუსის მოედანზე რა მოხდა? მეგობარს უნდა შევხვედროდი, მაგრამ ძალიან ადრე მივედი და დროის მოსაკლავად კინოთეატრში შევედი, სადაც ძეფირელის "იესო, ძე მარიამისა" გადიოდა (საუბარია ძეფირელის "იესო ნაზარეველზე", - მ.ტ.).

გახსოვს, როგორ დამავიწყდა მთელი სამყარო, მიუხედავად იმისა, რომ ეს ფილმი ცენზურამ გვარიანად დაამახინჯა?

გახსოვს, როგორ მინდოდა ირანში ეკლესიაში შესვლა და რა სულიერი ცეცხლით მევსებოდა გული შენი ტაძრის დანახვისას?

მას შემდეგ დიდი დროა გასული, მე უკვე ნათელვიღე შენს წმინდა ტაძარში და ამისთვის გმადლობ".
ბეჭდვა
1კ1