ბერის მზერა ჯადოქრის თვალებს წააწყდა და...
ბერის მზერა ჯადოქრის თვალებს წააწყდა და...
ახალი დროის ცნობილი ამერიკელი ღვთისმეტყველის, მღვდელმონაზონ სერაფიმ როუზის ერთ-ერთ წიგნში აღწერილია საოცარი შემთხვევა, რომელიც ცხადყოფს, თუ რა ძალმოსილია იესოს ლოცვა.

ეს ამბავი შეემთხვა ერთ ბერს, სახელად ნიკოლოზს, რომელმაც ინდოეთში გემით იმოგზაურა.

გზად თურმე ხომალდი საპორტო ქალაქ კოლომბოში შეჩერდა საწვავის შესავსებად. მგზავრებმა ინდოეთის ოკეანის სანაპიროზე გასეირნება განიზრახეს. ერთ-ერთმა ჯგუფმა გადაწყვიტა, რამდენიმე მილით დაცილებულ სოფელში წასულიყო და იქაური ჯადოქარი გაეცნო. სწორედ ამ ჯგუფში მოხვდა ბერი ნიკოლოზიც. გაიარეს ჯუნგლები... ბილიკმა ისინი ერთ უზარმაზარი ხის ქვეშ შეყუჟულ ქოხთან მიიყვანა. შორიახლოს, კოცონთან, ფეხმორთხმით იჯდა ბანგმორეული, ტანთხელი კაცი და მოგიზგიზე ცეცხლს მისჩერებოდა...

სტურმებისთვის ყურადღება არც მიუქცევია. ამ დროს სიბნელიდან ჭაბუკი გამოვიდა. მან ტურისტების თავკაცთან გასაუბრების შემდგომ სტუმრებს ჯორკოები ჩამოურიგა და ისინიც ნახევარწრედ შემოუსხდნენ კოცონს.

ცეცხლიდან სასიამოვნო სუნი იფრქვეოდა, მოხუცი კი ისევ გაუნძრევლად, გარინდული იჯდა კოცონთან...

მთვარის შუქმა ღამის უკუნი გაფანტა და მის მკრთალ ნათელში საგნები უცნაურად გამოჩნდნენ... იდუმალების მოლოდინში ყველა დადუმდა...

უეცრად ერთმა ქალბატონმა წამოიძახა, - შეხედეთ იმ ხესო. ყველამ იქით გაიხედა. იმ ხის ვარჯი, რომლის ძირშიც მოხუცი იჯდა, თითქოს უხილავმა ხელმა ჰაერის საფარველი გადააფარაო, მთვარის ნათელში გადაიღვენთა და მოხაზულობა დაკარგა...

ხალხის გაკვირვებულ მზერას უეცრად წარმოუდგა ზღვის მოლივლივე ტალღები, რომლებიც ერთმანეთზე გადადიოდა და წყალს აჩქაფებდა. ღამის ცა გალურჯდა და თეთრი ღრუბლებით დაიფარა... მალე თეთრი გემი გამოჩნდა, რომელიც სწრაფად მოარღვევდა ტალღებს. მგზავრებმა იცნეს თავიანთი ხომალდი. მაგრამ ყველაზე საოცარი ის გახლდათ, რომ იმ ხომალდზე ყველა საკუთარ თავს ხედავდა, თანაც ისეთი წვრილმანებით, რასაც სინამდვილეში ვერ დაინახავდნენ.

ბერ ნიკოლოზს ერთი პირობა ლამის მიავიწყდა თავისი საამქვეყნო დანიშნულება და ამ სანახაობაში ისიც ჩაერთო... ხიბლი იმდენად ძლიერი იყო, რომ ძარღვებში სისხლი გაეყინა, გული და გონება დაებინდა, მაგრამ სულ მალე საღვთო შიშმა გონს მოიყვანა და ბაგეებმა თავისით აღმოთქვეს: "უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი!"

უეცრად საოცარი შვება იგრძნო, თითქოს უზარმაზარი ლოდებისგან გათავისუფლდაო. ლოცვის მოხშირებასთან ერთად გული ისევ საგულეს ჩაუდგა, ცას ისევ მისჩერებოდა, მაგრამ მოძრავი მირაჟები ნისლივით სადღაც იფანტებოდა... მალე მხოლოდ დიდ ხეს და მის ქვეშ გარინდულ ჯადოქარს ხედავდა, დანარჩენი თანამგზავრები კი ისევ წარმოსახვით სამყაროში მოგზაურობდნენ.

უეცრად ჯადოქარი გვერდზე გადავარდა... შეშფოთებულმა ჭაბუკმა მასთან მიირბინა. სეანსი შეწყდა...

აღფრთოვანებული მგზავრები ერთმანეთს შთაბეჭდილებებს უზიარებდნენ, სეანსის შეწყვეტის ნამდვილ მიზეზს კი, ცხადია, ვერ ხვდებოდნენ.

ჭაბუკმა მომხდარი ჯადოქრის გადაღლას მიაწერა, რომელიც ისევ ძველ ადგილას გაშეშებული იჯდა.

ჯგუფის წევრებმა, მადლობის ნიშნად, ჯადოქარი უხვად დაასაჩუქრეს, ბერი ნიკოლოზიც მიუბრუნდა, რომ ნანახი და განცდილი ზუსტად აღებეჭდა მეხსიერებაში, მაგრამ უეცრად ჯადოქრის თვალებს წააწყდა, რომლებიდანაც სიძულვილი და ზიზღი იფრქვეოდა და კვლავ დარწმუნდა, თუ ვის მიერ აღესრულება ხოლმე მსგავსი "სასწაულები".
ბეჭდვა
1კ1