"ტაძრიდან გამოსულმა სხეულიდან გამომავალი უჩვეულო სითბო ვიგრძენი..."
"ტაძრიდან გამოსულმა სხეულიდან გამომავალი უჩვეულო სითბო ვიგრძენი..."
მე ქართველი ვარ და, ბუნებრივია, აქაური სიწმინდეები და სიძველენი ჩემთვის ყველაზე ძვირფასია, მაგრამ როგორც კი საშუალება მომეცემა, რუსეთის და საბერძნეთის მართლმადიდებლურ ტაძრებსა და სიწმინდეებსაც მოვილოცავ ხოლმე.

რამდენიმე წლის წინ, რუსეთის სახელმწიფოსთან ურთიერთობის დაძაბვამდე, მოსკოვში მომიწია ხუთი თვით დარჩენა. სამშობლოში დაბრუნების წინ გადავწყვიტე, წმინდა სამების სერგის ლავრა მომელოცა და თუ უფალი ინებებდა, ბერ ნაუმს ან ბერ კირილეს გავსაუბრებოდი.

ოქტომბრის მიწურული იყო, ციოდა. მე კი მხოლოდ ერთი თხელი უსახელო მოსაცმელით გახლდით.

ლავრაში დილის ათ საათზე ჩავედი და ბერთან შეხვედრის მოლოდინში რიგი დავიკავე. მალე ვიგრძენი, ვიყინებოდი.

დიდხანს არ მიფიქრია, ტაძრისკენ გავემართე. ლუსკუმაში ჩასვენებული წმინდა სერგი რადონეჟელის წმინდა ნაწილების წინაშე ვილოცე და შევთხოვე, - გამათბე-მეთქი.

ამის შემდეგ კვლავ ბერების სენაკისკენ გავეშურე და როცა ტაძრიდან გამოვდიოდი, უეცრად სხეულიდან გამომავალი უჩვეულო სითბო ვიგრძენი... ენით აუწერელი იყო ეს ყოველივე...

ბერთან შეხვედრის მოლოდინში კვლავ რიგში ჩამდგარს გული სიხარულით მქონდა სავსე, რომ სიცივეს სრულებით ვეღარ ვგრძნობდი... ჩემს წინ მდგარი ქურქში გამოწყობილი მაღალი ქალბატონი კი სიცივით ადგილზე ვერ ჩერდებოდა... ამგვარად შემოსილი რომ დამინახა, გაოცებულმა მკითხა, - საიდან ჩამოხვედიო. საქართველოდან-მეთქი. მერე, როგორ ძლებ ასეთ თბილ ქვეყანაში ცხოვრებას მიჩვეულიო? ვუძლებ-მეთქი, - ვუპასუხე, მაგრამ რა იცოდა, რომ წმინდა სერგი რადონეჟელმა მოიღო ჩემზე ამხელა წყალობა.

უდიდესი მადლობა მას.
ბეჭდვა
1კ1