ტაძრის კუთხეში მუხლებზე მდგარი პატარა ბიჭი ავადმყოფ დედაზე ლოცულობდა...
ტაძრის კუთხეში მუხლებზე მდგარი პატარა ბიჭი ავადმყოფ დედაზე ლოცულობდა...
ამბავი მუნჯი ლოცვისა
გადმოცემა გვაუწყებს, თუ რა უნაყოფოა ზოგჯერ ჩვენი ლოცვა.

ერთი წმინდა ბერი ბევრს ლოცულობდა, წუხდა ადამიანთა ცოდვებზე და უკვირდა, რატომ ხდებოდა, რომ ადამიანები წმინდა ეკლესიაში ლოცულობდნენ, მაგრამ მაინც ცუდად ცხოვრობდნენ და არც ცოდვა კლებულობდა.

"უფალო, - ფიქრობდა იგი, - ნუთუ არ ისმენ ჩვენს ლოცვებს? ხალხი განუწყვეტლივ ლოცულობს, რომ მშვიდობასა და სინანულში იცხოვროს, მაგრამ საშველი მაინც არ არის. ნუთუ ამაოა მათი ლოცვა?!"

ერთხელ ამ ფიქრებში ჩასთვლიმა და ნათელმოსილი ანგელოზი იხილა. მან ფრთები მოხვია და დედამიწიდან მაღლა აღიყვანა... რამდენადაც ზემოთ მიიწევდნენ, იმდენად სუსტდებოდა ქვემოდან ამომავალი ხმები, მიწყდა სიმღერები, ღრიანცელი და ამსოფლიური ხმაური, მხოლოდ დროდადრო ჩაესმოდა შორეული ქნარის მსგავსი ჰარმონიული და ნაზი ბგერები...

- ეს რა არის? - იკითხა ბერმა.

- წმინდა ლოცვებია, - უპასუხა ანგელოზმა, - აქ მხოლოდ ამგვარი ლოცვები ისმის.

- რატომ ისმის ისინი ასე სუსტად, ახლა ხომ ტაძარში უამრავი ადამიანი ლოცულობს?

ანგელოზმა მწუხარედ შეხედა ბერს და ჰკითხა:

- გინდა, იცოდე? - აჰა, იხილე!

შორს, მიწაზე, უზარმაზარი ტაძრის თაღები უეცრად სასწაულებრივად გადაიხსნა და ბერმაც ყველაფერი იხილა, რაც იქ ხდებოდა: ტაძარი ხალხით იყო სავსე, კლიროსზე დიდი გუნდი ჩანდა, მღვდელი კი საკურთხეველში იდგა და წირავდა, მაგრამ ჩქამი არ გამოდიოდა... ბერმა დაინახა, დიაკვანი როგორ კითხულობდა რაღაცას ჩქარ-ჩქარა, სწრაფად ამოძრავებდა ტუჩებს, მაგრამ მისი სიტყვები ზემოთ არ ისმოდა... შემდეგ ამბიონზე ტანსრული დიაკვანი გამოჩნდა, თმა მოქნილი მოძრაობით გაისწორა, ოლარი ასწია, პირი ფართოდ გააღო და... არავითარი ხმა!

კლიროსზე რეგენტი ნოტებს არიგებდა, გუნდი საგალობლად ემზადებოდა... "გუნდის ხმას კი ნამდვილად გავიგონებ", - გაიფიქრა ბერმა. ამ დროს რეგენტმა კამერტონი მუხლს დაჰკრა, ყურთან მიიტანა და გუნდს ანიშნა, დავიწყოთო, მაგრამ სიჩუმე არ დარღვეულა... საოცარი სანახაობა იყო: რეგენტი ხელებს იქნევდა, ფეხებსაც აყოლებდა, ბანები დაძაბულობისგან ჭარხლდებოდნენ, თავაღერილი ტენორები ფეხის წვერებზე იდგნენ... პირი ყველას ღია ჰქონდა, მაგრამ გალობა არა და არ ისმოდა... "რა ხდება?" - გაიფიქრა ბერმა და მზერა მლოცველებზე გადაიტანა, ისინი კი ბლომად იყვნენ - ყველა მათგანი პირჯვარს იწერდა, მეტანიებსაც აღასრულებდნენ, ჩურჩულებდნენ, მაგრამ... თითქოს მთელი ტაძარი დამუნჯებულიყო...

- რა ხდება? - შეშფოთდა ბერი.

- დაბლა დავეშვათ, დაინახავ და მიხვდები, - მიუგო ანგელოზმა. ნელა, უხილავად დაეშვნენ ტაძარში... ერთი გვარიანად მოკაზმული ქალი ყველაზე წინ იდგა და როგორც ჩანდა, გულმოდგინედ ლოცულობდა... ანგელოზი მიუახლოვდა და უჩუმრად შეახო ხელი... და უეცრად ბერმა მისი ფარული აზრები გაიგონა: "ამ საძაგელი ფოსტის უფროსის ცოლს ისევ ახალი ქუდი დაუხურავს! ქმარი გაულოთდა, შვილები ჩამოფლეთილები დაუდის, ეს კი გაჯგიმულა და თავი მოაქვს!" ქალის გვერდით ძვირფას მაუდის ჟილეტში გამოწყობილი ვაჭარი იდგა და საკურთხეველს დაფიქრებული მისჩერებოდა. როგორც კი ანგელოზი მის გულს შეეხო, ბერმა ვაჭრის ფარული ფიქრი ამოიკითხა: "რა დასანანია! იაფად გავყიდე. სადღა იშოვი ასეთ საქონელს! ათასი, ათასნახევარი მაინც დავკარგე!.."

შორიახლოს მდგარ ჯეელ გლეხს მარცხნივ, ქალებისკენ გაურბოდა თვალი... დროდადრო წამოწითლდებოდა და ფეხს ინაცვლებდა... როდესაც ანგელოზი მასაც შეეხო, ბერმა გაიგონა: "რა ჩინებული გოგოა სოფიო, ასეთი ცოლი უნდა ინატრო... ნეტავი, გამომყვება?"

ანგელოზი სხვებსაც შეეხო, მაგრამ დანარჩენებსაც მსგავსი აზრები უტრიალებდათ თავში - ამაო, ცარიელი, ამსოფლიური... ღვთის წინაშე კი იდგნენ, მაგრამ უფალზე არ ფიქრობდნენ, მხოლოდ მოჩვენებითად ლოცულობდნენ.

"ახლა ხომ ხვდები, რატომ ვერ აღწევს ამგვარი ლოცვები ჩვენამდე? - ჰკითხა ანგელოზმა, - ამიტომაც გეჩვენებიან ისინი მუნჯებად".

...უეცრად გარკვევით გაისმა ვიღაცის ბავშვური, სუსტი ხმა: "უფალო, შენ ხომ კეთილი და მოწყალე ხარ, გადაარჩინე, შეიწყალე და განკურნე საბრალო დედაჩემი..."

ტაძრის კუთხეში დაჩოქილი ბიჭუნა კედელს მიჰკვროდა, თვალები ცრემლით ავსებოდა და თავის ავადმყოფ დედაზე ლოცულობდა.

როდესაც ანგელოზი მის პატარა მკერდს შეეხო, ბერმა ბიჭის ბავშვური გული იხილა, სადაც წუხილი და სიყვარული იყო...

- აი, ლოცვები, რომლებიც ჩვენამდე აღწევს, - თქვა ანგელოსმა.

ამიტომ არ აღწევს ჩვენი გარეგნული ლოცვები ღმერთამდე და ამიტომ არ იძლევა ნაყოფს...

"რა ახლოს ხარ, უფალო!"
"ეს ამბავი რამდენიმე წლის წინ გადაგვხდა: 19 იანვარი, ნათლისღების დღე იდგა. ტრადიციისამებრ, ავჭალის იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძარი მოვილოცეთ, მერე იქაური იოანე ნათლისმცემლის წყაროს წყალიც გადავივლეთ, ჭურჭელიც ავავსეთ და შინ დავბრუნდით.

საღამო ხანი იყო. მე და ჩემი ქალიშვილი მეზობელს ვეწვიეთ. ის არაეკლესიურად კი ცხოვრობდა, მაგრამ სარწმუნოებისადმი გარკვეულ ინტერესს მაინც იჩენდა. იმ საღამოსაც საუბარი რელიგიას შეეხო... ისე გაგვიტაცა ამ ყველაფერმა, ვერც კი შევნიშნეთ, როგორ ისრესდა შეწუხებული დიასახლისი თვალს, რის შემდეგაც შეშფოთებულმა გვითხრა, ცალი თვალით ვეღარ ვხედავო. დავაკვირდით. თვალი შუშისებრი და უსიცოცხლო ჩანდა, თან გაგვახსენდა, რომ ჩვენს მასპინძელს დიდი ხნის განმავლობაში ტანჯავდა თავის ტკივილი და თვალის ამბავიც ამას დავუკავშირეთ...

ძალიან დავიბენით. გამოსავალს ვერ ვპოულობდით... უეცრად გამახსენდა, რომ ნათლისღება იდგა და შინ იოანე ნათლისმცემლის სასწაულმოქმედი წყაროს წყალი მქონდა... ქალიშვილს ვთხოვე, მოეტანა და სნეულისთვის ესხურებინა. უხალისოდ წავიდა, რადგან ფიქრობდა, ჩვენი მცირედმორწმუნეობა ამგვარ სასწაულს არ მოახდენდა...

სნეული პირით აღმოსავლეთისკენ დავაყენეთ, იესოს ლოცვა ვათქმევინეთ, პირჯვარი გამოვასახინეთ და წყალი ვაპკურეთ... მთელი ამ ხნის მანძილზე გულში ვლოცულობდი, უფალო, ჩვენს მცირედმორწმუნეობას შეეწიე-მეთქი, ჩემი შვილი კი თურმე ასე ევედრებოდა უფალს: ღმერთო, სად გვაქვს იმხელა რწმენა, ასეთი სასწაული რომ მოვახდინოთ, ჩვენს ურწმუნოებას შეეწიეო... ამ გნიასსა და ჩოჩქოლში უცებ ავადმყოფის ხმა მოგვესმა: - გაჩუმდით, ვხედავო! სასწაული იმდენად აშკარა იყო, გავოგნდით. ჩემი შვილი კი შეძრული ჩურჩულებდა: "რა ახლოს ხარ, უფალო, რა ახლოს..."

წმინდა იოანე ნათლისმცემელო, სინანულის მოძღვარო, ევედრე უფალს ჩვენი ცოდვილი სულებისთვის!"
ბეჭდვა
1კ1