ყველას მიმართ მშვიდობიანი გული გქონდეს, ყველას ყველაფერი მთელი გულით მიუტევე
ყველას მიმართ მშვიდობიანი გული გქონდეს, ყველას ყველაფერი მთელი გულით მიუტევე
ერთ პატარა ქალაქში ცხოვრობდა ანდრია. ახალგაზრდა იყო, წარმოსადეგი, კარგი სამსახური ჰქონდა. დიდებულთა ქალიშვილები მის ცოლობას ნატრობდნენ, მან კი თავისი ცხოვრების მეგზურად ობოლი გოგონა აირჩია, რომელიც ერთი თავადის ოჯახში სამადლოდ იზრდებოდა. ამ ქალიშვილის ერთადერთი ღირსება იშვიათი სილამაზე იყო და, ბუნებრივია, ანდრიასთვის ცოლობაზე უარი აღარ უთქვამს.

ჯვარდაწერილებს შინ უამრავი ახლობელი ელოდა. ჟღერდა მუსიკა, შუშხუნებდა შამპანური, ისმოდა მილოცვა. როგორც იქნა, სტუმრები სუფრასთან მიიწვიეს. მაგრამ წვეულების თავიდათავი, პატარძალი, არსად ჩანდა. დაიწყეს ძებნა მთელ სახლში. სინკლიტიკა, სადა ხარ? - ეძახდნენ. ის კი თითქოს ცამ ჩაყლაპაო... მერე შეიტყვეს, რომ სინკლიტიკა სახლიდან სხვა კარით გასულა, ჩამჯდარა იქვე მდგარ ეტლში და ვიღაც ახალგაზრდა მემამულესთან ერთად ქალაქი დაუტოვებია. მავანს ეს უკანონო წყვილი სარატოვშიც უნახავს. მაგრამ ანდრიას ეს რითი ანუგეშებდა?! მანაც, ისევე როგორც ჭირნახული რუსების უმეტესობამ, სმას მიჰყო ხელი. ლოთობის გამო სამსახურიდან გაუშვეს. "გონს მოდი, ანდრია, და ისევ მიგიღებთ", - უთხრეს უფროსებმა. მოკლედ, მთელი ქონება ლოთობას გადააგო, ერთი ხელი ტანსაცმელიღა დარჩა. ვაჟი გონს მოვიდა, სმას თავი ანება. თავისუფალ მწერლად დაიწყო მუშაობა სამმართველოში. იქვე ახლოს ერთი ოთახი იქირავა, რომლის ფანჯრები ქუჩას გადაჰყურებდა. სულიერადაც თითქოს დამშვიდდა, მაგრამ ქალთმოძულე გახდა, გაურბოდა მათთან ურთიერთობას. სამსახურიდან დაბრუნებული, საათობით გაჰყურებდა ქუჩას.

ერთ ბნელ ღამეს ფანჯარასთან მჯდომი თავის ბედსა თუ უბედობაზე ფიქრობდა. უეცრად მეზობელ ფანჯარაზე ვიღაცამ დააკაკუნა, მერე ბრახუნი ატეხა. ანდრია მივარდა სარკმელს, გამოაღო, ვიღაცამ ხელში ფუთა მისცა და ამ დროს კაცმა მოღალატე, მაგრამ საყვარელი ქალის ხმა გაიგონა: "ანდრია! ეს შენი ქალიშვილია, ტატიანა, გიყვარდეს ჩემს მაგივრად". სანამ მოულოდნელობისგან გულშემუსვრილი კაცი გონს მოვიდოდა, ქალი გაქრა. ხელის კანკალით გახსნა ფუთა და ქალის რბილ შალში გახვეული ჩვილი აფართხალდა.

ღმერთმა იცის მხოლოდ, რა გრძნობა ამოძრავებდა საცოდავი ბავშვის დედას, როცა ერთხელ სასტიკად მოტყუებულ ადამიანს, მარტო სახელით რომ იყო მისი ქმარი, სხვისი შვილი მიუგდო გასაზრდელად. ანდრიამ კი პაწია გულში ჩაიკრა. ეს ამბავი მთელ ქალაქს მოედო, ზოგი რას ამბობდა, ზოგი - რას, ანდრიას კი ისევ ის დამცინავი სიტყვები უკლავდა გულს: "ეს შენი შვილია, ტატიანა"... მაგრამ მასავით მიტოვებულ უმწეო ბავშვზე ზრუნვამ გაუფანტა შავი ფიქრები. მერე ისევ სძლია ცდუნებამ და ძველებურად სმას მიეძალა. უფრო და უფრო უკან წავიდა მისი საქმე. ერთ ზამთრის ცივ საღამოს მოჰკიდა ხელი პატარას და დასალევად წავიდა. მთვრალს შინ დაბრუნება შეეშინდა - დიასახლისი წამეჩხუბებაო და გარეთ გათენება მოუხდა. ბავშვი გაცივდა. მთელი კვირა მომაკვდავ ბავშვს თავს დასტრიალებდა, მაგრამ ვერაფერი უშველა. დიდმა ტკივილმა ერთიანად გამოაფხიზლა და საბოლოოდ ანება სმას თავი.

სინკლიტიკას მაცდუნებელ მემამულეს საეჭვო ავადმყოფობა შეეყარა და გარდაიცვალა. ალბათ სინკლიტიკამ მოწამლაო და ქალი დააპატიმრეს და 12 წლის შემდეგ ციხეში აღესრულა.

როცა ანდრიამ მისი სიკვდილის ამბავი შეიტყო, ეკლესიაში პანაშვიდი გადაუხადა. ხუთი წლის თავზე ავად გახდა - მაშინ ანდრია ნათლიმამის ოჯახში ცხოვრობდა. სამი თვე იავადმყოფა. ეს იყო ის სამი ნაბიჯი, მარადისობასთან, ზეცაში მისთვის გამზადებულ სახლთან რომ მიიყვანა, რომელიც მანამდე ხილვით იხილა.

ისეთი საშინელი ავადმყოფობა შეეყარა, ისე ყარდა, რომ ვერავინ ეკარებოდა საცოდავ ანდრიას. მასზე მხოლოდ მისი ნათლულის და, ანა ზრუნავდა.

- მოითმინე ცოტა, საწყალო ანა, მალე, მალე გაგათავისუფლებ, საფლავამდე ნახევარი ნაბიჯიღა დამრჩა, - ამხნევებდა გოგონას.

ანდრიას გარდაცვალებამ ანა დიდად შეაწუხა. ორმოცი დღის განმავლობაში ყველა მსახურებას ესწრებოდა და სეფისკვერს სწირავდა მის სახელზე. მეორმოცე დღის დილის წირვაზე უნდა წასულიყო, რომ ცხადში თუ სიზმარში (სკამზე მჯდომს მიეძინა) ანდრია იხილა, ცოცხალი, მშვენიერი, პირმხიარული.

- ჩემი არ შეგეშინდეს, ანა! ძალიან ვითხოვე და შენთან მცირე ხნით გამომიშვეს, - უთხრა, - იმისთვის მოვედი, რომ განახო, ჩემს გვერდით როგორი ოთახი მოგიმზადე.

ამ დროს ერთი კედელი გადაიწია და ანამ გვერდიგვერდ ორი ულამაზესი ოთახი დაინახა.

- მითხარით, როგორ გაიარეთ საზვერეები. რადგან ჩემთან გამოგიშვეს, ესე იგი გაგივლიათ? - ჰკითხა ანამ.

- ეჰ, ანა, წუთით გამომიშვეს და ახლა ვერ მოგიყვები, მაგრამ ერთს გეტყვი: ფაფა თუ გაქვს მომზადებული?

- კი, აგერაა, - მიუგო ანამ და მაგიდაზე საიდანღაც ფაფით სავსე ჯამი გაჩნდა, გვერდით ლამბაქი და კოვზი ეწყო.

- აი ამდენი ამ ცოდვაზე გადავიხადე, იმ ცოდვაზე კი ამდენი, - უთხრა ანდრიამ, რამდენჯერმე ჯამიდან კოვზით ცოტა ფაფა ამოიღო და ლამბაქზე დადო. ჯამი კი მაინც ფაფით სავსე ჩანდა.

მერე ანდრიამ ჯამი აიღო და თქვა: "ეს ყველაფერი კი იმ დაფარული ბოღმისთვის გადავიხადე, გულში რომ ვატარებდი და ძლივძლივობით მეყო გადახდისას... ყველას მიმართ მშვიდობიანი გული გქონდეს, ანა! ყველას ყველაფერი მთელი გულით მიუტევე. ნურც ნურავის განიკითხავ და არც შენ განიკითხები. ახლა კი მშვიდობით..." ამის შემდეგ ჩვენება გაქრა და მრავალი საფიქრალი დაუტოვა ამის მხილველს და ვფიქრობთ, თქვენც, ჩვენო მკითხველო.
ს. ნილუსის მონათხრობის მიხედვით
ბეჭდვა
1კ1