მამა ათანასე მთაწმინდელი- როგორ იხსნა მრუში ცოლი წმინდა მეუღლემ.
მამა ათანასე მთაწმინდელი- როგორ იხსნა მრუში ცოლი წმინდა მეუღლემ.
ოდესღაც დიდი ხნის წინ, ათენში ცხოვრობდა კაცი, რომელსაც ნიკოლოზი ერქვა. ის ძალზე ღვთისმოსავი, თავმდაბალი ადამიანი იყო, უყვარდა მარხვა და მღვიძარება. თავისი წმინდა ცხოვრების გამო უფალმა მადლმოსილი მდგომარეობით ანუგეშა, რისთვისაც ის მუდამ მადლობდა ღმერთს თავის ლოცვებში. ნიკოლოზს განსაკუთრებით მოწყალების სათნოება გამოარჩევდა.
მას მერე რაც მან თავისი გასათხოვარი დები დააბინავა, თვითონაც გადაწყვიტა ცოლი შეერთო. ამ დროს მას 35 წელი შეუსრულდა. რადგანაც ის ღვთისმოსავი იყო, თავისთავად იგულისხმებოდა, რომ ცოლიც ამგვარი უნდა მოეყვანა, მორწმუნე გოგონა, რომელიც ეკლესიაში დადიოდა. აბა სხვაგან სად მოძებნი კეთილშობილ და სათნო გოგონებს?
თუმცა ის სხვანაირად მოიქცა...
ის წავიდა ბაფოსის მოედანზე მდებარე გარყვნილების სახლში. პირველივე გოგონას რომელიც იქ შეხვდა, უთხრა:
-წამოდი ჩემთან! მე ღმერთს შევპირდი, რომ ერთ სულს მაინც ამოვათრევ ამ ტალახიდან. მე შენ ამოგათრევ აქედან. გინდა ჩემი ცოლი გახდე?
თავს ზემოთ მეხი რომ გავარდნილიყო, ის უფრო ნაკლებად გაუკვირდებოდა ქალს, იმდენად გამაოგნებელი იყო მისთვის შეთავაზებული წინადადება.
ბუნებრივია, ამგვარ შანს ის ხელიდან არ გაუშვებდა და მაშინათვე დათანხმდა. ნიკოლოზმა იმ პირობით მიიღო, რომ ის აღსარებას იტყოდა, შეინანებდა თავის წარსულ უწმინდურ ცხოვრებას, რაც მან შემდგომში შეასრულა.
და აი ყოფილი მეძავი, მიეჯაჭვა ასეთ ღვთისმოსავ ქმარს და მისი ყურადღებისა და მფარველობის ქვეშ ულამაზეს ქათქათა ვარდად გადაიქცა. ჯერ კიდევ ძალზე ახალგაზრდამ, სინანულითა და აღსარებით განიწმინდა თავისი სული, სულთან ერთად განიწმინდა მისი სახეც. ის გახდა მშვიდი, მორჩილი, მდუმარე.
გავიდა საკმაოდ დიდი დრო. მაგრამ, მისი სულის სიღრმეში ჩამალული ცოდვა ჯერ კიდევ ძლიერი იყო და არ აპირებდა ასე ადვილად გასცლოდა თავის სხვერპლს, რომელიც ადრე ყოველთვის მორჩილად ასრულებდა მის ყველა მოთხოვნას, ასევე, ეშმაკსაც არ უნდოდა თავისუფლება მიენიჭებინა თავისი მორჩილი მონისთვის.
და აი ნიკოლოზის ცოლი ძველმა ცოდვამ დასძლია, და ამ მომენტიდან, ის არა მხოლოდ მრუში დ მოღალატე გახდა, ისეთი შეგრძნება იყო, რომ მას შეშლილობის (შეპყრობილების) ერთ-ერთი ფორმა შეეყარა.
როცა დაინახა რომ საქმე ასე შემობრუნდა, მისმა კეთილმა მეუღლემ ასეთი რამ უთხრა:
-მისმინე, შენზე ნაწყენი არა ვარ. მთელ ჩემს ქონებას დაგიტოვებ და ათონზე წავალ, თუ მე იქ დამტოვეს, მაშინ მთაწმინდაზე მონაზვნად აღვიკვეცები, თუ არა-დავბრუნდები და მოვიფიქრებთ მომავალში როგორ მოვიქცეთ.
ნიკოლოზი მართლაც ჩავიდა ათონზე.
მთაწმინდაზე ჩასული პირდაპირ ცნობილ მოძღვართან გაემართა, რჩევის საკითხად, თუ როგორ მოქცეულიყო.
მოძღვარმა, ვთქვათ, რომ მას მამა საბა ერქვა, მოუსმინა, და მკაცრი სახით უთხრა:
-შენ აქ არაფერი გესაქმება. ამაზე ფიქრიც კი ცოდვაა. შენ პირობა დასდე, რომ ცოლს გადაარჩენდი. დაბრუნდი და ცოლი უკანვე, სახლში წაიყვანე. ეცადე, რომ მარხვით, ლოცვით, მღვიძარებით და მოწყალების გაცემით აცხოვნო იგი.
ამ სიტყვებმა ნიკოლოზი შეაცბუნა, წამოდგომა ვერ შესძლო, რამეთუ მოძღვრის ნათქვამის შესრულება შეუძლებლად მიიჩნია. მაგრამ, ამ კურთხეული მონაზონის, მამა საბას კელიაში, ღამისთევის ლოცვამ გული მოულბო, შეურიგდა ამ აზრს და გადაწყვიტა, რომ ცოლს დაბრუნებოდა.
ნიკოლოზი დაბრუნდა ათენში, გააღო თავისი სახლისა და გულის კარები, შეუნდო ცოლს და შინ წაიყვანა.
ქალმა ეს ყველაფერი, რომ დაინახა გული შეემუსრა, შეინანა, აღსარება თქვა და გადაწყვიტა ახალი ცხოვრება დაეწყო.
მაგრამ, როგორც უკვე ვთქვით ცოდვა ტკბილი და ჯიუტია, ადამიანის ხელიდან გაშვება არ უნდა. გავიდა დრო და ეს საცოდავი ქალი კვლავ დაეცა, ეცემოდა და კვლავ ეცემოდა...
ნიკოლოზი კი ეს მამაცი კაცი, მას არ საყვედურობდა, ღამეებს მუხლმოდრეკილი ლოცვაში ატარებდა, ღმერთს ევედრებოდა, შეეწყალა გზააბნეული ცხვარი, მკაცრი მარხვისაგან მთლად გამოიფიტა, მოუძლურდა.
ცოლმა კი ამგვარი მოთმინებით გაღიზიანებულმა თავის ცოდვას სხვა რამეც დაუმატა: ქმარს აუტანლად, გამომწვევად ექცეოდა. ხედავდა რა მის სიმშვიდეს და სიმდაბლეს, ქალი ნიკოლოზს ლანძღავდა, აწამებდა, სცემდა, სისხლსა სწოვდა, ყოველდღე აწამებდა მას სატანური, მხეცური მოპყრობით.
რამდენის დათმენა შეეძლო ჩვენი ეპოქის ამ უბოროტო წმინდანს?
დრო გადიოდა, და ნიკოლოზს ჯვარი უმძიმდებოდა,მისი ტვირთვა შეუძლებელი ხდებოდა.
იფიქრებდი, რომ აი საცაა ნიკოლოზიც ვეღარ გაუძლებდა.
დადგა დიდმარხვის პირველი კვირის ორშაბათი. თენდებოდა.
ნიკოლოზმა მთელი ღამე მუხლმოდრეკილმა ლოცვაში გაატარა, "საღმრთო მდუმარების" სიმძიმისაგან ქედმოდრეკილმა, რომელიც გაურკვეველ მდგომარეობაში ამყოფებდა: ნუთუ უფალს აღარ აინტერესებს თავისი ქმნილება? ნიკოლოზი კიდევ ერთხელ დაემხო მუხლებზე და აცრემლებულმა ლოცვა წართქვა: "ღმერთო ჩემო, გაუნათე მას გონება და მიეცი მას ჭეშმარიტი სინანული, ანდა წამიყვანე აქედან. მეტი აღარ შემიძლიან! მე ამ წამებას, კიდევ თხუთმეტი წელი ვეღარ გავუძლებ!"
მთელი თხუთმეტი წელი!
ცოდვის შარაგზიდან წამოსული მისი ცოლი სახლში განთიადისას დაბრუნდა (როგორც უკვე ვთქვით დიდი მარხვის პირველი ორშაბათი თენდებოდა) და ქმარი მუხლთმოდრეკილი, ატირებული, მასზე მლოცველი იხილა. მოესმა თუ როგორ საყვედურობდა მისი სასოწარკვეთილი ქმარი ღმერთს, მის გამო, ცოდვილ დედაკაცს გული შეემუსრა, მოულბა და სინანულისგან ატირდა...ამ მომენტიდან იგი გახდა მონანული ცოდვებით დამძიმებული დედაკაცი.
საღმრთო გულისხმისყოფით შეძრწუნებული და საკუთარი სინდისისაგან მხილებული ქმრის წინ მუხლებხე დაეცა და შეჰღაღადა: "მაპატიე, მაპატიე, უკანასკნელად მაპატიე! კიდევ ერთხელ და უკანასკნელად მაპატიე!" ნიკოლოზმა მას აპატია.
ამ განთიადიდან მოყოლებული მათ ღვთივკრძალულად განვლეს დიდ-მარხვა და შემდგომი ბედნიერი წლები, გაუჩნდათ შვილები, ორი საყვარელი ანგელოზი, რომლებიც მათ ყოვლადსახიერმა უფალმა გამოუგზავნა. და ღვთის კურთხევა ყოველთვის იყო ამ სახლზე, ასევე მადლი წმინდა მოთმინებისა, რომელიც მას თავისი წარწყმედილი ცოლისთვის მრავალი დაღვრილი ცრემლისა და ლოცვის გამო მიეცა.ბოლოსდაბოლოს ნიკოლოზმა ერთი კაცის გადარჩენა მაინც მოახერხა.
ბეჭდვა
1კ1