ექიმის ნათქვამმა თითქოს მეხი დამცა
ექიმის ნათქვამმა თითქოს მეხი დამცა
ამის შემდეგ აბორტზე როგორღა ვიფიქრებდით?!
ჩემს ერთ ქრისტესმიერ მოწაფეს ერისკაცთათვის უცნაური სახელი ჰქვია - ამფილოქე, - მოგვითხრობს არქიმანდრიტი ეპიფანე (თეოდოროპულოსი), - რამდენიმე კვირის წინ მასთან ვიყავი ოჯახში. მის მშობლებს ვკითხე: - ასეთი იშვიათი სახელი როგორ დაარქვით შვილს-მეთქი. მამამისმა, ერთმა უბირმა გლეხკაცმა, საკვირველი გულახდილობით მიპასუხა: 33 წლის წინათ, როცა ჩემი ცოლი ამფილოქეზე იყო ფეხმძიმედ, აბორტის მოდამ სოფლებშიც შემოაღწია. სამი შვილი უკვე გვყავდა და ვფიქრობდით, მეოთხის შენახვა გაგვიჭირდებოდა. წავედით ქალაქში (იგულისხმება საოლქო ცენტრი) ნაცნობ ექიმ-გინეკოლოგთან და მოვახსენეთ ჩვენი განზრახვა. მითხრა: ძვირფასო კოსტას, თუ ოთხი გებევრება, რატომ არ შეიძლება სხვანაირად მოვიქცეთ? თუ ნაყოფს მოვკლავთ, საფრთხეში ჩავაგდებთ დედას. ხომ არ სჯობს, რომ იმ სამიდან, რომელიც გყავს, ერთ-ერთი მოკლა? სასურველია, უმცროსი. ეს კი, დაე, დაიბადოს. ასე რომ, ისევ სამი შვილი გეყოლება და შენი ცოლიც აბორტის შემდგომ გართულებებს და შესაძლო სიკვდილსაც გადაურჩებაო. ექიმის ნათქვამმა თითქოს მეხი დამცა. მაშინღა მივხვდი, რის გაკეთებასაც ვაპირებდი. ექიმო, - ვუთხარი მას, - მართალი ხართ და გმადლობთ. ბავშვს აღარ მოვიშორებთ. მე კიდევ მისი ნათლია ვიქნებიო, - მითხრა გახარებულმა ექიმმა.

ერთმანეთს ხელი ჩამოვართვით. როცა ვაჟი გაგვიჩნდა, ექიმმა მონათლა და ნათლულს თავისი მამის სახელი დაარქვა - ამფილოქე. ამის შემდეგ აბორტზე როგორღა ვიფიქრებდით?! ამფილოქეს მერე კიდევ ორი ბავშვი გაგვიჩნდა და არასოდეს გვინანია. ჩვენი შვილები მშვენივრად გაიზარდნენ და საუკეთესოდ მოიწყვეს ცხოვრება. ღვთის გზაზე დადგნენ და ჩვენ, მშობლებსაც დაგვეხმარნენ, კარგი ქრისტიანები გავმხდარიყავით.

***
1993 წლის აღდგომა ღამეს ოპტის უდაბნოში სატანისტმა სამი ბერი მოკლა. მათ შორის მამა ტროფიმეც. მისი სიკვდილის შემდეგ მამა ტროფიმეს ახლობლებიც ნელ-ნელა გაქრისტიანდნენ. მისი და, ნატალია მოგვითხრობს: "მკვლელობის შემდეგ ჩემი ძმა ძილში ლამის ყოველ ღამე მეცხადებოდა და რაღაცას მეუბნებოდა ეკლესიაზე. მისი არა მესმოდა რა, რადგან სლავურად, საღვთისმეტყველო ენაზე მესაუბრებოდა. სიზმრებისა არ მჯერა, მაგრამ ჩემდა მოულოდნელად ზოგიერთი მათგანი მიცხადდება.

მესამე ბავშვი რომ გავაჩინე, ექიმებმა მითხრეს, - მეტს ვეღარ შობო. მართლაც, ექვსი წელი შვილი აღარ შეგვძენია. როცა მოვინათლე, იმ დღეებშივე მესიზმრა: ჩემს გვერდით ტროფიმე დგას და ძალზე უხარია, რომ ბავშვი უნდა შემეძინოს. ორი თვის შემდეგ მივხვდი, რომ ფეხმძიმედ ვიყავი. მე და ჩემს ქმარს ბავშვები ძალიან გვიყვარს, ყოველთვის ვამბობდი, ღმერთი რამდენ შვილსაც მოგვცემს, იმდენს გავაჩენ-მეთქი. მაგრამ იმ დროს საცხოვრებელი ადგილი გამოვიცვალეთ და ჩაწერა ვერ შევძელით. ამის გამო სამუშაოდ არ გვიღებდნენ. ნახევრად მშივრებს თავი კარტოფილითღა გაგვქონდა. ყველა დამეტაკა - ამ სიღატაკეში აპირებ ბავშვის გაჩენას? შეიცოდე ქმარი, იფიქრე ბავშვზეცო. წავედი აბორტის გასაკეთებლად. მითხრეს, ექიმი საოლქო ცენტრში წავიდა თათბირზეო. სამჯერ მივედი აბორტისთვის, მაგრამ ტროფიმემ საავადმყოფოს კარებშიც არ შემიშვა. უეცრად ვიგრძენი, რომ ჩემი ძმა მიცავდა და გავბედე ბავშვის გაჩენა.

იცით, ახლა რა საოცარი გოგონა გვეზრდება! ბავშვებს ძალიან უყვართ დაიკო. ჩემი ქმარი კი ამბობს, - ღმერთმა ნუგეშად ეს გამოგვიგზავნაო.

კიდევ ერთხელ დავრწმუნდი - ყოველ ბავშვს ღმერთი თავის წილ საზრდოს აძლევს. როგორც კი გადავწყვიტე ბავშვის გაჩენა, მაშინვე ჩაგვწერეს, სამუშაოც გამოჩნდა და მანქანის ყიდვაც კი შევძელით.

დედაჩემმა ტროფიმეს ლოცვების წიგნი მომცა და იმით ვლოცულობ. დღისით სულ ქმარ-შვილზე ვფიქრობ. საღამოთი, ყველა რომ დაიძინებს, მაშინღა ვახერხებ ლოცვას. ჯერ კანონს ვკითხულობ, მერე ჩემი სიტყვებით ვევედრები ღვთისმშობელს და ტროფიმეს. სხვების შველასაც შევთხოვ ხოლმე ტროფიმეს და საოცარია, რა მალე მოდის დასახმარებლად. ერთხელ ნაცნობმა ფული მთხოვა სესხად. ცრემლი მომერია - კაცი სამუშაოს ვერ შოულობს, ოჯახის სარჩენი ფული არა აქვს-მეთქი. საღამოს ტროფიმეს შევევედრე, დახმარებოდა ამ კაცს. მეორე დღეს ჩემი ნაცნობი გახარებული მოვიდა და მითხრა, - ისეთ სამსახურში მიმიღეს, ადრე რომ ვერც ვიოცნებებდიო.

1997 წლის ზაფხულში დედაჩემმა ჩემი ორი უფროს0ი ქალიშვილი ოპტის მონასტერში წაიყვანა. დავპირდი, ერთ კვირაში მოგაკითხავთ და შინ წამოგიყვანთ-მეთქი. ამ დროს უმცროსი ქალიშვილი გამიხდა ავად და საავადმყოფოში ერთი თვე ვიწექით. მერე ხელფასის მოცემა დამიგვიანეს... გოგონებმა, ეტყობა, ოპტის უდაბნოში ტროფიმეს საფლავი ცრემლებით დაასველეს - რა სჭირს დედიკოს, რატომ არ მოდისო. ტროფიმე განრისხებული მესიზმრა. ქმარს ვუთხარი, - სასწრაფოდ ოპტში უნდა წავიდეთ, თორემ ჩემი ძმა ჩემზე გაბრაზებულია-მეთქი. მანქანა კი გვყავს, მაგრამ ბენზინი ვერსად ვიშოვეთ (ეს ამბავი ციმბირში ხდება, - კ.კ.). ტროფიმეს ვთხოვე დახმარება. ბენზინი მარტო ჩვენი დაბის სადგურში შემოიტანეს. მაგრამ გზის ფულიც ხომ გინდა? იმავე საღამოს შევთხოვე ტროფიმეს: - ძმაო, ფულით ყოველთვის გვეხმარებოდი. თუ შეიძლება, სამგზავრო ფულითაც შეგვეწიე-მეთქი. 18 აგვისტოს საღამოს შევევედრე ტროფიმეს და 19 აგვისტოს, დილით, ფერისცვალებას, საფოსტო ყუთში შეტყობინების ფურცელი ვნახეთ - აღმოჩნდა, რომ ლატარიაში ხუთი დოლარი მოვიგეთ..."

1997 წლის 18 აგვისტოს საღამოსვე, როცა ნატალია მამა ტროფიმეს შეწევნას სთხოვდა, ოპტის უდაბნოში, ღამისთევის ლოცვაზე, მათი დედა ნინო სამორჩილო კაბით შემოსეს...

***
მამა პაისი ათონელს ჰკითხეს: მამაო, ერთი 40 წლის ქალი, უკვე დიდი შვილების დედა, დაფეხმძიმდა და მესამე თვეშია. ქმარი ეჩხუბება, აბორტს თუ არ გაიკეთებ, გაგეყრებიო. რა ქნას ამ ქალმა?

- თუ აბორტს გაიკეთებს, - თქვა მამა პაისიმ, - მის დანარჩენ შვილებს დაატყდებათ თავს უბედური შემთხვევები და ავადმყოფობები. დღეს მშობლები აბორტით კლავენ თავიანთ შვილებს და მათ ღვთის კურთხევა აკლდებათ. ძველად, თუ ბავშვი ავადმყოფი იბადებოდა, მონათლავდნენ და ანგელოზად აღესრულებოდა. ღვთის კურთხევა კი დანარჩენ, ჯანმრთელ შვილებზე მოიწეოდა. ახლა მშობლები ჯანმრთელ შვილებს ხოცავენ აბორტით, ავადმყოფებს კი, ცდილობენ, ძალით შეუნარჩუნონ სიცოცხლე. სამკურნალოდ დაჰყავთ ინგლისში, ამერიკაში. ასე რომ, თაობიდან თაობაში უფრო ნაკლებად ჯანმრთელი ბავშვები იბადებიან. თუ მშობლები შვილებს განკურნავენ, და ისინი გაიზრდებიან და დაქორწინდებიან, მათ შეიძლება სნეული ბავშვები შეეძინოთ. აქედან გამოდის, რომ მშობლებს ერთის მაგივრად ბევრი ბავშვი რომ გაეჩინათ, აღარ დასჭირდებოდათ საზღვარგარეთ შვილების სამკურნალოდ ხეტიალი.

- მამაო, სადღაც წავიკითხე, რომ ყოველწლიურად 50 მილიონი აბორტი კეთდება (საუბარი შედგა 1989 წელს), რომლის გამოც 200 000 ქალი იღუპება.

- ყოველდღიურად ჩანასახშივე მრავალ ათას ადამიანს კლავენ! აბორტი საშინელი ცოდვაა, მკვლელობაა. უბრალო კი არა, საშინელი მკვლელობა, რადგან უნათლავ ყრმებს კლავენ. მშობლებმა უნდა გაიგონ, რომ ადამიანის სიცოცხლე ჩასახვისთანავე იწყება. ერთხელ, ღვთის განგებით, საშინელი ხილვა ვნახე და განვიცადე. ამის შემდეგ მივხვდი, თუ რა არის აბორტი! ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათ საღამოს ჩვეულებისამებრ ორი სანთელი ავანთე და კონსერვის ქილაში ჩავამაგრე. როცა მძინავს, ეს სანთლები ანთია ხოლმე. ამ სანთლებს იმათთვის ვანთებ, რომლებიც სულიერად და ხორციელად იტანჯებიან. ეს ეხება როგორც ცოცხლებს, ისე მიცვალებულებს. ღამის 12 საათზე, იესოს ლოცვას როცა ვიმეორებდი, დავინახე გალავანშემორტყმული მინდორი. ჯეჯილს მიწიდან თავი წამოეყო. ვიდექი გალავანთან და ქვის კედელზე მიცვალებულთა სულებისთვის სანთლებს ვამაგრებდი. მარცხნივ ხრიოკი მოჩანდა - მხოლოდ კლდეები და ქვის ფლატეები. ამ ადგილს მუდმივად არყევდა საშინელი გუგუნი, რომელსაც ერთვოდა ათასობით სულის გულის გამგმირავი კივილი. ეს ხმა ყველაზე უკეთურსაც კი გულგრილს არ დატოვებდა. ჩამესმა ხმა: - აჯეჯილებული მინდორი იმ მიცვალებულთა განსასვენებელია, რომლებიც მკვდრეთით აღდგებიან. ხრიოკში, რომელსაც გოდება არყევს, აბორტით მოკლული ბავშვების სულები არიანო. მიუხედავად დაღლილობისა, იმ ღამეს ძილი არ მომეკარა.

- მამაო, როგორ მოვახერხოთ აბორტის ლეგალიზაციის კანონის შეცვლა?

- ამაზე აუცილებელია სახელმწიფომ და ეკლესიამ იზრუნონ და ადამიანებს გააგებინონ, თუ სადამდე მიგვიყვანს შობადობის შემცირება. მღვდლებმა ხალხს უნდა აუხსნან, რომ აბორტის დაშვების კანონი ღვთის კანონებს ეწინააღმდეგება, ექიმებმა კი უნდა გააგებინონ, რა საფრთხე ემუქრება აბორტის გამკეთებელი ქალის ჯანმრთელობას...

თუ ღვთის მცნებას არღვევს ერთი კაცი, მასზე პასუხს მხოლოდ ის აგებს. მაგრამ თუ სახარების მცნებებს წინ სახელმწიფოს კანონი აღუდგა, მაშინ ღვთის რისხვა მთელ მოსახლეობას დაატყდება თავს, რათა იგი გონს მოიყვანოს, - ბრძანებს მამა პაისი.

ჩვენდა წილად კი ვიტყვით, რამდენად პარადოქსული ამბავია: საქართველოში, სადაც სიკვდილით დასჯა გაუქმებულია, ყოველდღიურად ასობით ჩვენს თანამემამულეს, პატარა გოგოსა თუ ბიჭს კლავენ ჩანასახშივე და ეს ნებადართულია!

***
თანამედროვე ბერი, მამა ვლასი ათონელი, მოგვითხრობს: ერთმა ახალგაზრდა ათონელმა ბერმა მიამბო, - როცა დედაჩემი ჩემზე დარჩა ფეხმძიმედ, ჩვენს ოჯახს თურმე ძალიან უჭირდა. მეტი ბავშვის გაჩენა აღარ უნდოდათ. ამიტომ დედაჩემი ექიმის დანიშნულ წამლებს სვამდა მუცლის მოსაშლელად. ამას შედეგი არ მოჰყოლია. მაშინ ყველაფერი ღვთის ნებას მიანდეს. ასე გავჩნდი მეო.

მიაღწია რა სრულწლოვანების ასაკს, ჭაბუკი ბერად შედგა და ახლა დიდად მოღვაწე და მაღალი ზნეობის ბერია.
ბეჭდვა
1კ1