დებმა ეზოში, ხეზე ამოკვეთეს ჯვარი და ყოველ დილა-საღამოს იქ ლოცულობდნენ
დებმა ეზოში, ხეზე ამოკვეთეს ჯვარი და ყოველ დილა-საღამოს იქ ლოცულობდნენ
წმინდა წერილები, წმინდა მამათა ცხოვრების საინტერესო ეპიზოდები დღესაც უდიდესი სულიერი ნუგეშით გვავსებენ. მაგრამ ბევრი ჩვენგანი გაუმხნევებია ჩვენივე თანამედროვის პირად ცხოვრებასაც, უბრალო ადამიანს, რომელიც ერთი შეხედვით სხვებისგან თითქოს არაფრით გამორჩეულია, მაგრამ მხოლოდ ერთი შეხედვით...

მინდა გაგაცნოთ ხულოს რაიონის სოფელ ზემო ვაშლოვანში მცხოვრები ტყუპი და ნინო და ნონა (მზიური და გიული) აბულაძეები. ისინი სასულიერო სასწავლებელში ჩემი პედაგოგიური მოღვაწეობისას გავიცანი. არ მახსოვს, გაეცდინოთ საღვთო სჯულის გაკვეთილები, თუმცა გოგონებს მატერიალურადაც ძალიან უჭირდათ და ცივ ზამთარშიც უმეტესად სველი ფეხებით მოიკვლევდნენ 6კმ-იან გზას სასწავლებლისკენ. ისინი მალე მოინათლნენ, მაგრამ მშობლებისგან ფარულად, რადგან იცოდნენ, წინააღმდეგი იქნებოდნენ. თუმცა მშობლებს მაინც არ გამოჰპარვიათ ეს - გაუნადგურეს ყველაფერი, რისი მიგნებაც შეძლეს, აუკრძალეს ეკლესიაში სიარული. ჯვრის თაყვანისცემისთვის დებმა ეზოში, ხეზე ამოკვეთეს ჯვარი და ყოველ დილა-საღამოს იქ ლოცულობდნენ. რა თქმა უნდა, არც ეს დარჩენილა შეუმჩნეველი. მამამ ნაკვეთი ჯვარი ნაჯახით ამოჩეხა (თუმცა ბოლომდე ვერ შეძლო). სულ მალე იგი ცალი თვალით დაბრმავდა. ღვთის ნებითა და შვილების ლოცვით მიეცა გულისხმა, რომ ასე სასტიკად აღარ მოქცეოდა მათ სარწმუნოებას.

მეტი ვერაფერი ქრისტიანი შევიქენი
თუმცა არიან ისეთი მშობლები, რომელთა რისხვაც დაუცხრომელია. გოგონას სახელს შეგნებულად არ ვასახელებ, ისიც ჩემი მოსწავლე გახლდათ. იცოდა, მშობლებისგან უარს მიიღებდა, მოინათლა ფარულად და შესაძლებლობისამებრ დადიოდა ეკლესიაშიც.

მშობლებმა მისი გათხოვება გადაწყვიტეს. გამოიძებნა საქმრო. გოგონამ დაიწუნა, ეკლესიაში სიარულს დამიშლისო. მშობლებმა მიზეზი რომ გაიგეს, შვილი თმით ათრიეს, დაუწვეს ხატები, წიგნები. გოგონა მაინც არ დათანხმდა გათხოვებას. მაშინ მამამ ეჭვი შეიტანა შვილის პატიოსნებაში და თავის ჩამოხრჩობა სცადა. გოგონა იძულებული შეიქნა, პატიოსნების დაცვის მიზნით გათხოვილიყო. იგი ამჟამად ორი შვილის დედაა, მაგრამ ძალიან ტკივა გული. მეუღლის ოჯახში მოსთხოვეს, შეესრულებინა მუსლიმანური რიტუალები. ოჯახი დაშლამდე მივიდა. სასოწარკვეთილმა ორი შვილის დედამ მოითხოვა, - არც ქრისტიანულს შევასრულებ და ნურც მუსლიმანურის შესრულებას მომთხოვთო. ასეთი შეთანხმებით მეუღლის ოჯახში დააბრუნეს. რამდენიმე ხნის წინ შემთხვევით შემხვდა. ძალიან სევდიანი მეჩვენა. "ეკლესიაში ვერ შევდივარ, შორიდან ვესიყვარულები, გულში ყოველთვის "მამაო ჩვენოს" ლოცვას ვამბობ, მეტი ვერაფერი ქრისტიანი შევიქენიო", - შემომჩივლა. ღმერთი მოწყალეა და იმედს ნუ დაკარგავ-მეთქი, - ამის თქმაღა მოვასწარი...

მჯერა, მისი და ჩვენი გულწრფელი ლოცვა აუცილებლად გამოაჩენს გზას, რომელიც ტაძართან მიიყვანს...

მოამზადა
ირინარქი კვირკველია
ბეჭდვა
1კ1