ყაჩაღის გულიდან ამოხეთქილმა ჯვრის საგალობელმა შეძრა მონაზვნები
ყაჩაღის გულიდან ამოხეთქილმა ჯვრის საგალობელმა შეძრა მონაზვნები
1908 წლის 8 სექტემბერი იდგა. ჩერნიგოვის გუბერნიის ერთ დედათა მონასტერში იმ კუთხის მფარველის, წმინდა თეოდოსის ხსენებას დღესასწაულობდნენ. ღამისთევის ლოცვაზე ტაძარში უეცრად ვიღაცის მჭექარე ხმა გაისმა: - ხელები მაღლა! ფეხი არავინ მოიცვალოს, თორემ გესვრით!..

თურმე მონასტერს ვინმე სავიცკის, თავზეხელაღებული და დაუნდობელი ყაჩაღის, ბანდა დასხმია თავს. მონაზვნები უეცრად აეფარნენ მოხუც იღუმენიას, რომელმაც მოასწრო სამკერდე ოქროს ჯვრის გადამალვა. რამდენიმე ყაჩაღი საკურთხეველში შეიჭრა და იქაურობა გადააქოთა. ფულს ეძებდნენ, მოძღვარი კი პასუხობდა, არაფერი გვაქვსო. არადა თურმე საკურთხეველში მართლა იყო შენახული ფული, მაგრამ მოძღვარმა ეს არ იცოდა და ვერც ყაჩაღებმა იპოვეს. საკურთხევლიდან გამოსულმა ყაჩაღებმა შესაწირის ყულაბები დაამტვრიეს, მაგრამ იქაც ვერაფერი ნახეს სამი მანეთის გარდა. მონაზონს, რომელიც იღუმენიას გადაეფარა, სავიცკიმ იარაღი დაადო შუბლზე, - დარწმუნებით ვიცი, რომ აქ 40 ათასი მანეთი გაქვთ შენახულიო. დედებმა მიუგეს, - მონასტრის კაპიტალი ბანკშია შენახული, ჩვენ კი პროცენტებით ვცხოვრობთო. გაბრაზდა სავიცკი - აქ არ უნდა მოვსულიყავი, მომატყუესო.

ყაჩაღებმა მთელი მონასტერი გაჩხრიკეს და 50 მანეთსღა მოუყარეს თავი. შემდეგ სამზარეულოში შეიხედეს. ფიქრობდნენ, დავნაყრდებით მაინცო. იქაც მხოლოდ შავი პური და მოხარშული კარტოფილი დახვდათ. გასინჯეს - არ მოეწონათ. ამ სისაძაგლეს ჭამთო? ვჭამთო, - უპასუხეს დედებმა. როგორ შეიძლება ამის ჭამა ანდა ასე რისთვის ცხოვრობთო? - განცვიფრდა ავაზაკი. ღვთის გულისათვისო. ამის გაგონებაზე ავაზაკს გული მოულბა. დედებს სურნელოვანი საპონი და სუნამო დაურიგა, თავის ყაჩაღებს კი უბრძანა, - ამათ არავინ აწყენინოთო. ამ დროს ერთი ავაზაკი ახალგაზრდა მონაზონს მოეხვია. უყვირა განრისხებულმა მეთაურმა: შენ რა გითხრეს, არავის აწყენინოო. მანაც შეშინებულმა ხელი უშვა მონაზონს. დედებს ცოტა გულს მოეშვათ, არადა ათასნაირ საშინელებას ჰყვებოდნენ სავიცკის ბანდაზე. ყაჩაღი ერთ-ერთ სენაკში შევიდა - ტანსაცმელი უნდა გამოვიცვალოო და მონაზვნებს დერეფანში დარჩენა უბრძანა. უეცრად რაღაცის ჩამოვარდნის ხმა მოისმა, მერე კი გალობა: "ჯვარსა შენსა თაყვანის ვცემთ, მეუფეო, და წმიდასა აღდგომასა შენსა ვუგალობთ და ვადიდებთ". გულისშემძვრელად გალობდა ახალგაზრდა ტენორი. მონაზონმა ცნობისმოყვარეობას ვეღარ გაუძლო და სენაკში შევიდა. რას ხედავს: საღმრთო კუთხიდან ჩამოვარდნილი ჯვარი აიღო სავიცკიმ, გალობით დააბრძანა თავის ადგილას, მერე კი გვერდით მდგარ ყაჩაღს გაუწყრა, - რატომ ჩამოაგდეო. მონაზონს შიში გადაავიწყდა, ვეღარ მოითმინა და სავიცკის უთხრა: - შეინანე, ძმაო, და დაუტევე შენი სამარცხვინო საქმიანობა, ხომ ხედავ, გულში ღვთის ცეცხლი კიდევ გიღვივისო.

- გვიანია, დედაო, - უპასუხა სავიცკიმ, - ახლა უკვე გვიანია, უკან დასაბრუნებელი გზა აღარ არსებობს.

ყაჩაღის გულიდან ამოხეთქილმა ჯვრის საგალობელმა შეძრა მონაზვნები. მთელი გულით აპატიეს განცდილი შიში და ძრწოლა. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ როცა დამფრთხალი მონაზვნები მიხვდნენ, ყაჩაღებს მხოლოდ ფული უნდოდათ, დამშვიდდნენ. ღვთისმსახურებაც კი არ შეუწყვეტიათ. წავიდა სავიცკი და უკან გაიყოლა თავისი ბანდა. კარგა ხნის შემდეგ, ღვთისმსახურების დროს, მონაზვნებმა მლოცველთა შორის გლეხურად ჩაცმული სავიცკი შენიშნეს. თავისი ყაჩაღი ახლდა. ისინიც მიხვდნენ, რომ შეამჩნიეს და გაერიდნენ იქაურობას.

მალე იღუმენიას ნათესავი გოგონა ეწვია, რომელიც მოჰყვა: "გზად ვაგონში ერთი ბატონი დამემგზავრა. საუბრისას, როცა შეიტყო, რომ თქვენთან მოვდიოდი, დანანებით თქვა: - ორჯერ ვიყავი იმ მონასტერში და რას არ მივცემდი, ერთხელ კიდევ რომ დამელია იქაური ჩაიო. გამოკითხეს კაცის გარეგნობა: მრგვალი სახე ჰქონდა, შავი თვალები, წინა კბილი აკლდაო, - თქვა გოგონამ. მიხვდნენ, რომ სავიცკის შეხვედრია.

ცოტა ხნის შემდეგ ერთმა მონაზონმა ნახა სიზმარი: მორბის სავიცკი და უკან მოსდევენ. დაუძლურებულმა მიაღწია მონასტრამდე, მიხოხავს ტაძრის კიბეზე და ყვირის: - მიშველეთ, მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ ჩემი გადარჩენაო. სიზმარი იღუმენიას მოუყვა. მან კი ახალი გაზეთი აჩვენა და უთხრა: - წერენ, სავიცკი მოუკლავთ! ეს უბრალო დამთხვევა არ უნდა იყოსო და წინამძღვარმა მონაზვნებს მისი ლოცვებში მოხსენიება უბრძანა, მღვდელი კი კვეთაში ორმოც დღემდე იხსენიებდა. ჩვენი წყენინება შეეძლოთ და არ გვაწყენინეს, ჯვრის საგალობელი იმღერა, იქნებ ღმერთმა შეიწყალოსო, - ბრძანა იღუმენიამ.

სავიცკი მე-9 დღეს სხვა მონაზონს გამოეცხადა. ლოცვისთვის მადლობა უთხრა. მეორმოცე დღესაც მივიდა მასთან ძილში, მოიდრიკა მუხლი და უთხრა: - დიდად გმადლობთ, დედებო, ყველას. თქვენი ლოცვით გადავრჩიო, - თქვა ეს და ძალზე გაბრწყინდა, აიხადა სენაკის ჭერი და სავიცკი ზეცად ავიდა.

იმასაც ამბობენ, მონასტერზე იმ თავდასხმის შემდეგ, ვიდრე სიკვდილამდე, აღარავინ დაურბევიაო. მოწყალეა უფალი! ალბათ შეიწირა სინანული ყაჩაღისა, რომელმაც ჯვარი გალობით აღამაღლა, და ჯვარცმული ავაზაკის გვერდით დაადგინა.

სერგი ნილუსის "მდინარეთა ზედა
ღმრთისათა"-ს მიხედვით
ბეჭდვა
1კ1