ალავერდის წმინდა გიორგის სასწაული
ალავერდის წმინდა გიორგის სასწაული
ბათო ყაენმა მეფე დავითი, ულუდ წოდებული, თავისთან იხმო. წასვლის წინ დავითმა სამეფოს განმგებლად დედოფალი ჯიგდა-ხათუნი და თავისი ერთგული მესტუმრე ჯიქური დატოვა. დაუგვიანდა მეფეს ჩამოსვლა. იქიდან გამოგზავნა თხოვნა და თავისი სამეფოს თითოეული გოჯი მიწა თითო კაცს შეავედრა. კახეთი პანკისელ თორღვას ჩააბარა და ისიც უბრძანა, დედოფლის ნებას დამორჩილებოდა. თორღვამ იფიქრა, მეფე აღარ დაბრუნდებაო და კახეთი დაიჩემა. აღარც დედოფალს ემორჩილებოდა და აღარც ჯიქურს.
შეიწყალა ყაენმა მეფე დავითი და სამშობლოში დიდი პატივით წარმოგზავნა. ჰერეთს რომ მოაღწია, შეეგებნენ ქართლის დიდებულები, ყველა თორღვას გარდა - შეშინებულს პანკისისთვის შეეფარებინა თავი.
დაბრუნდა მეფე თბილისში. მრავალჯერ მოუწოდა თორღვას, მაგრამ ის გამოჩენას ვერ ბედავდა. და აი, ჯიქურმა ასეთი ხერხი მოიგონა: ვინმე ხორნაბუჯელი მიუგზავნა თორღვას. მომენდე და მეფესთან წაგიყვანო, უთხრა ხორნაბუჯელმა. თორღვამ შესთავაზა, ალავერდის წმინდა გიორგის წინაშე შემომფიცეო. მივიდნენ წმინდა ხატთან. თორღვამ თქვა: "რასაც მოაწევ ჩემზე, ის გიყოს წმინდა გიორგიმ, რამეთუ მარტო ვარ ამ ქვეყანაზე და ჩემი სიკვდილით უმკვიდრო იქმნების მამული ჩემი, და თუ მიღალატებ, უმკვიდრო ჰყოს წმინდა მთავარმოწამემ შენი სახელიცო". შეჰფიცა ხორნაბუჯელმა, მაგრამ ტაბახმელას რა მოაღწიეს, შეიპყრო ჯიქურმა თორღვა პანკისელი და დედოფლის თანხმობით, ისე, რომ მეფემ არც კი იცოდა, კლდეკარს კლდიდან გადმოაგდო.
ფიცის გატეხისთვის კი სამაგიერო მიეგო ხორნაბუჯელს: მის ძეს, სახელად შალვას, რომელსაც მრავალი შვილი ჰყავდა, ყველა უეცრად დაეხოცა, ხოლო თვით შალვა თათრებმა გამოასალმეს სიცოცხლეს, ხორნაბუჯელი კი ჯავრს გადაჰყვა. ჯიქურს რამდენიმე წლის შემდეგ ცილი დასწამეს. მეფე დავითმა ის სიმართლის გამოუძიებლად დაახრჩობინა მტკვარში და "არავინ იპოვა დამფლველი მისი, რამეთუ არ ესვა შვილი".
ბეჭდვა
1კ1