მადლი ჰქენი, ქვას დადევი...
მადლი ჰქენი, ქვას დადევი...
დიდი მადლია უფლის წინაშე ღატაკი და უპატრონო მიცვალებულის დაკრძალვა. ვინმე მაგისტრიანე მეფემ რაღაც საქმეზე გაგზავნა. გზად მიგდებული შიშველი მიცვალებული ნახა. შეეწყალა ძალიან, მონა წინ გაუშვა, მოიხსნა მოსასხამი და მიცვალებულს გადააფარა. საკმაო დრო გავიდა ამის შემდეგ. მეფემ ახლა სხვა დავალებით გაუშვა. გზად უბედურება შეემთხვა, ცხენიდან ჩამოვარდა და ფეხი მოიტეხა. მოიწვია ექიმები. რახან არაფერი ეშველებოდა, ექიმებმა გადაწყვიტეს, მეორე დღეს ფეხი მოეკვეთათ. მარტოდ დარჩენილი მაგისტრიანე მწარედ ატირდა. შუაღამე იყო, კანდელი ენთო. ამ დროს ოთახში უცნობი შემოვიდა და ჰკითხა, - რატომ ტირიო. ხვალ ფეხი უნდა მომკვეთონო, - უთხრა მაგისტრიანემ. უცნობმა სთხოვა, ფეხი მაჩვენეო. შემდეგ კი, მიუხედავად ავადმყოფის უარისა, ფეხზე წამოაყენა - დამეყრდენი მხარზე და გაიარე, შენ უკვე ჯანმრთელი ხარო. მაგისტრიანემ თამამად გაიარა. განცვიფრებულმა ჰკითხა უცნობს: - ჩემთან გამომგზავნელი ღმერთის გულისთვის, მითხარი, ვინ ხარო. უცნობმა უთხრა: - შემომხედე, ჩემი მოსასხამი ხომ არ გეცნობაო. კი, ჩემიაო, - მიუგო მაგისტრიანემ. მაშინ უცნობმა ბრძანა: - მე ის ვარ, შენ რომ მიცვალებული ნახე, შეგეწყალა შიშველი და მოსასხამი გადააფარე. ამ კეთილი საქმისთვის ღმერთმა შენს განსაკურნებლად გამომგზავნა და ამისთვის მადლობდე უფალსო. უცნობი გაქრა და სრულიად განკურნებულმა მაგისტრიანემ ადიდა ღმერთი
ბეჭდვა
1კ1