რაც მტრობას დაუნგრევია...
რაც მტრობას დაუნგრევია...
ეს განსაცვიფრებელი ამბავი არცთუ ისე დიდი ხნის წინ იმერეთის ერთ სოფელში მოხდა.
ამ სოფლის ერთ-ერთ მკვიდრს მონადირე ძაღლი ჰყავს - სეტერი, სახელად როკი.
როკი საკმაოდ ამაყია და, სხვა მონადირე ძაღლებისგან განსხვავებით, დიდი ჩხუბისთავი. არემარეზე, განურჩევლად ჯიშისა და ზომა-წონისა, არც ერთ მეტოქეს არ ინდობს და, თქვენ წარმოიდგინეთ, თუ თვალში არ მოუვიდა, ადამიანსაც კი ერჩის.

განსაკუთრებით ამ სოფლის მკვიდრი როინი ჰყავდა ამოჩემებული. სადაც კი დაინახავდა, შავ დღეს აყრიდა. ასე რომ, ჩვენს როინს ხშირად დაინახავდით თუთის ხიდან როკისთან მოსაუბრეს ან ღობეზე შემოსკუპებულს.

- რა გინდა, ძაღლო, არ ჩამომიყვანო მანდ, თორემ შავ დღეს დაგაყენებ! - ემუქრებოდა კოსტიუმში გამოწყობილი, როგორც ჩანს, სტუმრად მიმავალი როინი როკის, გუნებაში კი ფიქრობდა, ამასთან შეხვედრას რინგზე როკი მარჩიანოს შევხვედროდი, ის მერჩიაო.

მერე იწყებოდა ერთი გადაძახებ-გადმოძახება:

- აბა, როინს ვუშველოთ, თვარა მოუწევს ღობეზე ღამის გათენება!

მოჰყავდათ ძაღლის პატრონი და გუნებაწამხდარი და ტანისამოსშემოღეჭილი როინი შინ ბრუნდებოდა.

როინი 35 წლისაა, უცოლშვილო, როკი - რვის. როინს ერთხელ წამოსცდა, ძაღლს უკვე მერვე წელია, ასეთ დღეში ვყავარო. გამიელვა, საწყალი ალბათ ქალის სათხოვნელად თუ მიდიოდა-მეთქი, მაგრამ ვინ გაუშვა?!

თუმცა ამ ამბავსაც აქვს თავისი კეთილი დასასრული.

ერთხელ ერთმა ოჯახმა დიდი წვეულება გამართა. მთელმა სოფელმა მათ სახლთან მოიყარა თავი. დიდი თუ პატარა, ქალი თუ კაცი - ყველა იქ იყო. რა თქმა უნდა, როკიც იქ ტრიალებდა, სადაც შემწვარ-მოხრაკულის სუნი იდგა. უცებ ხეზე ჩამოკიდებული ერთი დიდი ბარკალი დაინახა. რომ ვერ შეემჩნიათ, ეზოს ქვემოდან მოუარა, სადაც ღობეც უფრო დაბალი იყო. იქვე ერთ მობინადრეს ჭა ჰქონდა. როკიმ, ალბათ, იფიქრა, შევახტები და ღობეს გადავევლებიო, გაექანა და... ჭაში მოადინა ზღართანი.

ჭა საკმაოდ ღრმა იყო, 8-10 მეტრი. ჩვენი ოთხფეხა გმირი, ჩავარდნის დროს თავიც რომ გაეტეხა, წრეზე ცურავდა და ყეფდა, იქნებ ვინმე მომეშველოსო. ნელ-ნელა ძალ-ღონე გამოელია და ყეფა წკმუტუნმა შეცვალა.

ამ დროს, ბედად, ჭასთან თანასოფლელებთან ერთად როკის პატრონმა ჩაიარა. ძაღლის წკმუტუნი რომ მოესმათ, ჭაში ჩაიხედეს და როკი დაინახეს, მაგრამ ვინ გაბედავდა იმსიღრმე ჭაში ჩასვლას... პატრონმა თქვა:

- მოიცათ, გაავებული არ იყოს, მოკვდეს და მერე ამოვათრიოთო.

როინს შეეცოდა საბრალო ძაღლი, წელზე თოკი გამოიბა და უშიშრად ჩაეშვა ჭაში. აღარც ძველი მტრობა ახსოვდა და აღარც შიში... ჩავიდა ყინულივით ცივ წყალში, ძაღლს ბაწარი ისე შემოახვია, რომ აწევის დროს არაფერი სტკენოდა და ბიჭებს ნიშანი მისცა, აიყვანეთო. როკი წყლიდან ამოიყვანეს, მაგრამ მაინც წკმუტუნებდა. თვითონ კი სამშვიდობოს იყო, მაგრამ ალბათ ფიქრობდა, ჩემი მხსნელი დარჩა განსაცდელშიო. მალე როინიც ამოიყვანეს.

მტრები ერთმანეთს დიდი ხნის უნახავი მეგობრებივით შეხვდნენ. როინი ძაღლს გადაეხვია, როკი კი მადლიერების ნიშნად სახეს ულოკავდა.

დღეს? დღეს როკი პატრონს სათოფეზე არ ეკარება, როინს კი გვერდიდან არ სცილდება...

მინდა, ამ ორ მეგობარს სიკეთე ვუსურვო, როინს დაოჯახება აღირსოს ღმერთმა, როკის კი - ტკბილი სიბერე.

დავით ძოწენიძე
ბეჭდვა
1კ1