ადამიანი, რომელიც, "წესით", არ უნდა დაბადებულიყო
ადამიანი, რომელიც, "წესით", არ უნდა დაბადებულიყო
ეს ამბავი დიდი ხნის წინ მეან-გინეკოლოგმა მერაბ ხიდაშელმა გვიამბო და ალბათ, იმ უთვალავ სასწაულთაგანია, ჩვენ გარშემო ყოველწამიერ რომ აღესრულება, თუმცა, თანამედროვე რაციონალისტურ ცნობიერებას მათი სასწაულად აღქმა უკიდურესად უჭირს და ჯიუტად ნათლავს სულ სხვა სახელით, - შემთხვევითობად, ნორმიდან გადახრად, ბედის წყალობად...

მაგრამ როდესაც ადამიანის ჯანმრთელად დაბადება ან სულაც დაბადების ალბათობა ნულს უტოლდება, ამ დროს კი ქვეყნად უჯანმრთელესი გოგონა მოდის, მაშინ სად უნდა დაისვას კითხვის ნიშანი?!

მერაბ ხიდაშელი: - "კარგა ხნის წინ ექვსი თვის ფეხმძიმემ მოგვმართა... ეს ქალბატონი სხეულით ვაჭრობს და ორსულობის შეწყვეტა სურდა...

ამ ხნის ნაყოფი აბსოლუტურად ჩამოყალიბებული ორგანიზმია, რომელსაც, კომუნისტური ეპოქიდან მოკიდებული, თავში ჩაქუჩის ჩარტყმით ასალმებდნენ სიცოცხლეს... ტელევიზიით ნაუწყებ ქუჩაში თუ ნაგავსაყრელზე მიგდებულ ახალშობილთა გამო ვითომ ერთ ამბავს რომ ვტეხთ და ვწუხვართ, სინამდვილეში მსგავსი ამბები ჩვენში მრავლადაა...

მოკლედ, ამ ქალბატონს საკმაოდ დიდხანს ვესაუბრეთ და განვუმარტეთ, თუ რა ელოდა მომავალში თავად მას და რომ საკუთარი პირმშოს მკვლელი ხდებოდა...

შევთანხმდით, ოღონდ ორსულობა ბოლომდე მიეყვანა, ბავშვი გაეჩინა და იქით დავეხმარებოდით...

პირადად მე ვამშობიარე და სვეტიცხოვლობას, უფლის შეწევნით, ქვეყნიერებას შესანიშნავი გოგონა - სიდონია (სახელიც ჩვენ შევურჩიეთ) მოევლინა...

წარმოიდგინეთ, რას გადაურჩა მისი სიცოცხლე და ჯანმრთელობა, როცა დედამისი მთელი ცხრა თვე ჩვეული წესით განაგრძობდა ცხოვრებას...

მშობიარობის შემდეგ კი, - უფლისავე განგებულებით, დედამ ბავშვთან განშორება და, შეთანხმებისამებრ, მისი ჩვენთან დატოვება აღარ ისურვა... ამჟამად თავად ზრდის შვილს, თუმცა, კარგა ხანს თვალ-ყურს ვადევნებდით...

ცხადია, იგი ცხოვრების წესს მალე ვერ შეიცვლის, თუმცა, გამორიცხული არაფერია, მაგრამ დედობრივმა ინსტინქტმა თავისი გაიტანა, ბავშვი კი, შესაძლოა, ნებისმიერ ჩვენგანზე უკეთეს პიროვნებად ჩამოყალიბდეს.

უფლის სასწაული კი სწორედ ის გახლავთ, რომ, ყველა წესით და კანონით, სიდონია ჯანმრთელი არ უნდა დაბადებულიყო, თუნდაც იმიტომ, რომ დედამისმა, ორსულობა გარეშე თვალისთვის რომ დაემალა, ცხრავე თვე მჭიდროდ ქამარშემორტყმულმა გაატარა და არც ჩვენ მიერ მიცემულ დანიშნულებას ასრულებდა. ნაყოფი მუცელში ოთხად იყო მოკეცილი...

ყველაფრის მიუხედავად, მართლაც რომ უფლის დიდი წყალობით, დედამ გაურთულებლად იმშობიარა (რაც, მსგავს შემთხვევებში, ასევე წარმოუდგენელია) და უჯანმრთელესი ბავშვი გააჩინა.

რა უნდა იყოს ამაზე ცხადი სასწაული?!"

ბეჭდვა
1კ1