როგორ "გადაუხადა" სამაგიერო წმინდა დიმიტრი ყიფიანმა.
როგორ "გადაუხადა" სამაგიერო წმინდა დიმიტრი ყიფიანმა.
მრავალი სათნოებით იყო შემკობილი დალოცვილი დიმიტრი ყიფიანი - კაცი ბრძენი, პატიოსანი, მხნე, გულადი, "კაცი მარადჟამს თავგანწირული სამშობლო ქვეყნისთვის", - ამბობს მასზე ნიკო ლომოური. ზაქარია ჭიჭინაძე აღნიშნავს: "სადაც საჭირო იყო, მას სასჯელი და სიკვდილი ვერ შეაშინებდა, რომ სათანადო პასუხი არ გაეცა, არ შეეძლო".
პირად ცხოვრებაში კი იყო ძალზე მიამიტი, უბოროტო, მიმნდობი, ძვირუხსენებელი, ისეთი, როგორც ჭეშმარიტ ქრისტიანს შეეფერება. თბილისის თავად-აზნაურთა წინამძღოლობის დროს დიმიტრის კარდენახელმა მემამულემ, დიმიტრი აფხაზმა სთხოვა, ეშუამდგომლა, რათა მისი მამულები, რომლებიც აღწერილი იყო ვაჭარ ფორაქიშვილის 40 ათასი მანეთის ვალის გადაუხდელობის გამო, საჯაროდ არ გაეყიდათ და კიდევ ორი თვე ედროვებინათ. დიმიტრი სათავადაზნაურო ბანკში მუშაობისას წინააღმდეგი იყო ვალის გამო მამულების გაყიდვისა, რაზეც კამათიც კი ჰქონდა ილიასთან. ახლაც შეეცოდა დიმიტრი აფხაზი, დაიბარა თავისი მეგობარი ფორაქიშვილი და ვალის გადავადება სთხოვა. ფორაქიშვილმა ვექსილები დიმიტრის მოსთხოვა, ვითომდა მორალური გარანტიისთვის. მოვალემ ვალი არ გადაიხადა და კრედიტორმა ვალის გადახდა სასამართლოს ძალით ყიფიანს დააკისრა (ერთი ცნობით, 32 222, მეორე ცნობით _ 35 000 მანეთისა). ამ ვალის დასაფარავად დიმიტრიმ თავისი უძრავ-მოძრავი ქონების მნიშვნელოვანი ნაწილი გაყიდა.
მისი ვაჟის, კოტეს მეუღლე, ნინო ტატიშვილი იგონებდა: "როცა შევუღლდით, ამ დროს (1884 წ.) დიმიტრის ოჯახი ძველებურად აღარ იყო. მისი მამულები დაგირავებული იყო იმ თავდებობის გამო, რაც ფორაქიშვილების ვალებში ჩაფლულ აფხაზს გაუწია. აფხაზმა სიცოცხლე ქეიფსა და დროსტარებაში დალია, ხოლო დიმიტრიმ ექვსი ათასი თუმანი გადაიხადა, რისთვისაც მამულების ნაწილი ბანკში დააგირავა, გაყიდვითაც ბევრი გაყიდა, რამდენიმე წლის განმავლობაში პენსიაც ვალში ებრებოდა. გაყიდა ეკიპაჟები, ცხენები და ბოლოს, როგორც იქნა, აფხაზის ვალი გადაიხადა. მამულების შემოსავლის ნაწილი ბანკის სარგებელში მიდიოდა. ყოველივე ამან დიმიტრის ადრინდელი შეძლებული ოჯახი ქონებრივად დიდად დააქვეითა. უკვე ჩემს დროს დაგირავდა ქვიშხეთის სახლი და კარმიდამოც. ამან ძალიან დამწყვიტა გული და ერთხელ შევბედე დიმიტრის საყვედური. სულაც არ იწყინა ჩემი საყვედური, თითქოს ეამა კიდეც, რომ მივეცი საბაბი თავის გამართლებისა და მომიყვა დაწვრილებით:
-აფხაზმა მთხოვა, დავხმარებოდი, ფორაქიშვილს კიდევ ედროვებინა ვალის გადახდა. ფორაქიშვილმა თავდებობა მომთხოვა. გამიკვირდა და ვკითხე, -აფხაზმა რომ არ გადაიხადოს, მე უნდა გადამახდევინო-მეთქი?!
ფორაქიშვილმა აქეთ-იქით მიიხედ-მოიხედა და ჩუმად ჩაილაპარაკა, - ასე ღმერთი როგორ გამიწყრება და ცოლ-შვილს დამიხოცავს, რომ ეგ საქმე ჩავიდინო! მხოლოდ ამისთვის მინდა თქვენი თავდებობა, რომ აფხაზი მოგერიდებათ და თავის დროზე გადამიხდისო. ამაზე, რა თქმა უნდა, დავეთანხმე და ხელი მოვუწერე.
- მერე რომ მოსულა თქვენთან ქვიშხეთში ფორაქიშვილი საქმის ასახსნელად და კიბიდან ჩაგიგდიათ, არ მიგიღიათ, ეს რაღად უყავით? - ვკითხე დიმიტრის ლმობიერებით გათამამებულმა.
- ეგ იმიტომ, რომ იმან თავის პატიოსან სიტყვას უმტყუნა და ეგ საჩივარი პირდაპირ ჩემით დაიწყო იმის მაგივრად, რომ აფხაზისათვის ეჩივლა! უდავოდ ღირსი იყო, კიბიდან ჩამეგდო.
ფორაქიშვილს უნდოდა, დიმიტრიზე საჩივრის შეტანით დაეჯერებინა იგი, ვითომ აფხაზის შესარცხვენად მოვიქეცი ასეო, მაგრამ ასეთი კუკუმალულობით დიმიტრი ვერ აპატიებდა პატიოსანი სიტყვის გატეხას და კიბიდან ჩააგდო, თუმცა კარგად იცოდა, რომ შეურაცხყოფილი ფორაქიშვილი აღარ დაინდობდა და აკი, არც დაინდო, მთელი ვალი გადაახდევინა".
თუ როგორ გადაუხადა "სამაგიერო" დიმიტრიმ აფხაზის ცოლს, მოგვითხრობს იოსებ უთურაშვილი: "რუსეთში სტუდენტობის დროს სილამაზით განთქმულმა აფხაზმა ცოლად შეირთო ძალიან მდიდარი კაცის ქალი, საქართველოში ჩამოიყვანა და მისი სიმდიდრე მცირე ხანში გააქრო. როცა ცოლმა შეატყო, სულ ცარიელი დარჩებოდა, თუ თავს არ უშველიდა, სამშობლოში გაემგზავრა. კარეტით გზად მიმავალი ქვიშხეთში დიმიტრისთან ჩამოხტა. კარეტა დატვირთული იყო ძვირფასი ნივთებით, ტანსაცმლით და სხვა.
დიმიტრიმ სიამოვნებით მიიღო სტუმარი. მთელი ოჯახი ფეხზე დადგა მის პატივსაცემად, კარეტას ღამით საგანგებო დარაჯები დაუყენეს. მეორე დღეს აფხაზის ცოლი თავის გზას გაუდგა ისე, რომ დიმიტრისგან ერთი სიტყვაც ვერ გაიგონა მისი ქმრის საქციელზე. და ეს მაშინ, როდესაც მას უკვე მისჯილი ჰქონდა ვალის გადახდა. სასამართლოზე საქმის ყოველ გარჩევას დიდი აღელვება შეჰქონდა ოჯახში. დიმიტრი, ყველა გაჭირვების მხნედ გადამტანი, ცოლ-შვილის შეწუხებას ვერ იტანდა. აი, ასეთ დროს გაბედა აფხაზის ცოლმა ქვიშხეთში მისვლა დიმიტრისთან განძეულით სავსე კარეტით. მართლაც დიდი ნდობა უნდა ჰქონოდა მას დიმიტრისა და კიდეც გაუმართლდა".
ვახტანგ თულაშვილი წერდა: "დიმიტრი ყიფიანი შეეწია ერთს ჩვენი საზოგადოების წევრს და ყველამ ვიცით, რომ ამით თითქმის თავი დაიღუპა. ისიც ვიცით, რომ იმისთანა დროც დადგა მას შემდეგ დიმიტრისთვის, როცა თითქმის დღიური ცხოვრება უჭირდა. ვგონებ, კაცს ამაზე მეტი აღარა მოეთხოვება რა".
ამ მარცხმა ვერ გატეხა დიმიტრი, საკუთარ ნაჭუჭში კი არ ჩაიკეტა, როგორც ბევრს ემართება, მაინც საზოგადოებისთვის, საყვარელი საქართველოსთვის იღვწოდა და თავიც გაწირა მისი კეთილდღეობისთვის.
ბეჭდვა
1კ1