მაგალითი მიტევებისა.
მაგალითი მიტევებისა.
ეს ამბავი ცნობილ სექტოლოგს ალექსანდრე დვორკინს მოუყვა გრიგორიატის მონასტრის წინამძღვარმა მამა გიორგიმ. მან ჩაიბარა ბოლო აღსარება ვინმე მღვდლისა რომელიც ერთ ბერძნულ ქალაქში ცხოვრობდა. მღვდელს ორი შვილი ჰყავდა და მათ შორის დიდი ასაკობრივი სხვაობა იყო-ვაჟი უფროსი შვილი გახლდათ, გოგონა კი უმცროსი. ვაჟი ათენში სასწავლებლად წავიდა. იქ ის მოკლეს. მისი გვამი უდაბურ ადგილას იპოვეს. ეტყობოდა, რომ ცემით მოეკლათ. თუმცა მღვდლის შვილი ძალზე წესიერი და ეკლესიური ყმაწვილი იყო, მას მკერდზე ჯვარი ვერ უნახეს და ეს ამბავი ძალზე უკლავდა მამას გულს. მკვლელი მაშინ ვერ იპოვეს.
გავიდა დრო, მღვდლის ქალიშვილს საქმრო გამოუჩნდა. ვაჟი ასაკით უფროსი იყო, მათთან სახლში მივიდა და გულთბილად მიიღეს. იმ დროს დაქვრივებულ მღვდელს სასიძო მოსწონდა კიდეც, მაგრამ ვაჟი ქალიშვილის ხელის თხოვას არა ჩქარობდა. როცა ცხადი გახდა რომ ახალგაზრდებს ერთმანეთი უყვარდათ, ვაჟმა სასიმამროს აღსარების მიღება სთხოვა. მღვდელი დათანხმდა და სასიძომ აღიარა რომ შეუყვარდა მისი ქალიშვილი, მაგრამ ის მათი ოჯახის ღირსი არ არის, რადგან იგი მკვლელია. ერთხელ, დიდი ხნის წინ ის ცუდ წრეში მოხვდა. ერთხელ ათენში, ღამით ერთ ბიჭს გადაეკიდნენ, და სასიკვდილოდ სცემეს, მან კი, ბანდის ყველაზე უმცროსმა წევრმა, მომაკვდავს გულიდან ოქროს ჯვარი ააგლიჯა, რომელსაც დღემდე თან დაატარებს. ვაჟმა მღვდელს ჯვარი გაუწოდა, მან კი მასში თავისი გარდაცვლილი ვაჟის ნათლობის ჯვარი შეიცნო. მოძღვარს ეგონა ფეხებქვეშ მიწა გამოეცალა, თავი შეიკავა, ილოცა, და ღმერთს გაძლიერება შესთხოვა. ვაჟი კი განაგრძობდა: "ხედავთ როგორი ღვთისაგან განგდებული კაცი ვარ, არ შეიძლება თქვენი ქალიშვილის ქმარი გავხდე და შემოვიდე თქვენს ოჯახში. შემინდეთ". მღვდელმა უპასუხა: "მე როგორ შემიძლიან არ მიგიღო ჩვენს ოჯახში, როცა თვით ღმერთმა მიიღო შენი სინანული და განგიღო თავისი სასუფევლის კარები".
გადაიხადეს ქორწილი, მღვდელმა ვაჟის სურათები სადღაც გადამალა, ისე რომ მისი სიძე ვერასოდეს მიხვდებოდა რომ ის თავისი ცოლიძმის მკვლელი იყო. ასე რომ ეს საიდუმლო ვერც ვერავინ შეიტყო. მღვდელმა კი ეს მხოლოდ მამა გიორგის მოუყვა, სიკვდილის წინ აღსარებაში.
ბეჭდვა
1კ1