თამარა იშხნელი
თამარა იშხნელი
ამ რამდენიმე წლის წინ "კვირის პალიტრის" თანამშრომლებმა ტაო-კლარჯეთი მოილოცეს. მაშინ იშხნის ტაძარსაც ეწვივნენ. "გურჯების" მისვლის ამბავი რომ შეიტყვეს, იქვე იქაური ბალღებიც გაჩდნენ. მათ შორის გამოირჩეოდა სამი გოგონა, 13-14 წლისანი - გვრიტებივით რომ ეკვროდნენ ერთმანეთს და არ შორდებოდნენ. აქედან ორი ულამაზესი იყო, თვალს ვერ მოწყვეტდი, მესამე მათთან შედარებით ნაკლებად ლამაზი. "პალიტრელებმა" გალობა დაიწყეს, მათ ის მესამე იშხნელი გოგონაც აჰყვა. ზოგი საგალობელი იცოდა, ზოგიც არა. საოცარი გულშემუსვრილებით გალობდა, განაბული, გალობამ თითქოს მშვენიერება შემატა ამ პატარა ქალწულს... "გურჯი ხარო?" - ჰკითხეს ბოლოს. "გურჯი ვარო", - უპასუხა გოგონამ. "რა გქვიაო?" "თამარაო", - იყო პასუხი. ამ ამბის გახსენებისას მე ახლაც ჭიანჭველები დამიდის ტანში. თქვენ წარმოიდგინეთ, "პალიტრელებს" რა დაემართებოდათ. ზოგმა ხელიდან ოქროს ბეჭედი წაიძრო, ზოგმა საყურე მოიხსნა, ვისაც რა ჰქონდა, იმით აუვსეს თამარას ხელები, გოგონა კი დაბნეული უცქერდა მათ საქციელს. იშხნელმა თამარამ "პალიტრელები" თითქოს წამიერად ძველ საქართველოში წარიტაცა...

ბეჭდვა
1კ1