რას ჰქვია მღვდელი მესტუმრა და მე საწოლში დავხვდე, აბა დამეხმარე, წამოვდგეო..
რას ჰქვია მღვდელი მესტუმრა და მე საწოლში დავხვდე, აბა დამეხმარე, წამოვდგეო..
იცით რამდენი საუნჯეა ამ ქვეყნად დამალული, აღმოუჩენელი? ისინი ალაგ-ალაგ მიმოფანტულან სოფლებსა და ქალაქებში, მათ ბევრი ვერ სცნობს, რადგან ვინც მათ სცნობდა, თითქმის აღარ არიან... ისინი უკვე სახლიდანაც აღარ გადიან, სტუმართანაც იშვიათად გამოჩნდებიან, აქვთ თავიანთი პატარა ოთახი და თავიანთი სამყარო, სამყარო, სადაც მხოლოდ მოგონებები ცხოვრობენ და სადაც მეფობს გარდაუვალობის მორჩილი მოლოდინის განცდა...

ერთხელ მთხოვეს, 90 წლის ბებო მძიმედ ავად არის და გვინდა გვიზიაროთო. მეც ჩვეულებრივ გავემზადე და გავყევი. გზაში ამიხსნეს, რომ ბებო გაუთხოვარი ყოფილა, რომ ის მთელი ცხოვრება უვლიდა თავის ძმისშვილებს, რომ ბოლო წლებია თვალის სინათლე დაკარგვია და არ იცოდა თუ დღეს მასთან მღვდლის მიყვანას აპირებდნენ... ყველას გვახსოვს ის პერიოდი, როცა ავადმყოფის ზიარება, მის სასიკვდილო განაჩენად აღიქმებოდა. საკვირველია დროთა უკუღმართობა - ის რაც სწორედ რომ სიკვდილის დამთგრუნველია, ცხოველსმყოფელია, მაკურნებელი, გამწმედელი და მაცხოვნებელია - სიკვდილთან ასოცირდება და ულმობელ განაჩენად აღიქმება...

ცოტა არ იყოს უხერხულ სიტუაციაში აღმოვჩნდი, რადგან როგორც ჩანდა მე უნდა ამეხსნა და დამეთანხმებინა ავადმყოფი ზიარებაზე... აი შევედი მომაკვდავის ოთახში, ბებომ მაშინვე თავი წამოწია. ,,-რომელი ხარ?" შემეკითხა მკვირცხლად. -,,მღვდელი ვარ, მღვდელი ბებო" ჩავძახე ყურში. ,,მღვდელი არისო?" - გენახათ ბებოს რეაქცია; პატარა გოგონები იცინიან ხოლმე ასე მღვდლის დანახვაზე... გამახსენდა, დედა მიყვებოდა, პირველად მამადავითის ეკლესიაში შევედი მეგობრებთან ერთად და რომ დავინახე მღვდელი როგორ ლოცულობდა, შეუკავებელი სიცილი ამიტყდა, მღვდელი გამიბრაზდა და ეკლესია დამატოვებინაო. ასე იყო ახლა ჩვენი ბებოც - წამომჯდარიყო საწოლზე და გულიანად იცინოდა. თვალებიდან ვერ იხედებოდა, მაგრამ ამ დროს ისეთი ლამაზი და საყვარელი სანახავი იყო, სამუდამოდ ჩამრჩა მახსოვრობაში მისი ნათელი სახე და ბავშვივით უშუალო სიცილი, რომელიც ჩვენი შეხვედრის ბოლომდე მოყვებოდა და რომლითაც მჯერა, შეხვდა კიდეც თავის შემოქმედ ღმერთს...

არ დამავიწყდება 110 წლის ქალბატონთან შეხვედრა. მასაც ზიარებისათვის ვესტუმრე. ბებოსთან ოთახში მისი ქალიშვილი შემიძღვა და დედას მოახსენა ჩემი მოსვლის შესახებ. ,,რას ჰქვია მღვდელი მესტუმრა და მე საწოლში დავხვდე, აბა დამეხმარე, წამოვდგეო..." როცა წამოდგა, თვალებს არ დავუჯერე: ბებომ ხელები კურთხევის აღების პოზაში დაიჭირა და დამლოცეო მითხრა... აღმოჩნდა რომ ბავშობაში ეკლესიაში დაყავდათ მშობლებს და იმ დროიდან ახსოვდა, როგორ ეზიარებოდნენ და იღებდნენ კურთხევას მღვდლისგან... ბევრი ვილაპარაკეთ, ბევრ თემას შევეხეთ და მართალი გითხრათ, აღრთოვანებას ვერ ვმალავდი, ისე საღად და სწორად აზროვნებდა, ისეთი მხნე და ახალგაზრდული შემართებისა იყო... ბოლოსკენ აღსარება თქვა და გარეთ მოფუსფუსე ქალიშვილს ისევ დაუძახა " ზიარებას დამჯდარი როგორ მივიღებო" - ამოიყენა გვერდში და მკერდზე ხელებგადაჯვარედინებულმა მიიღო ზიარება - ბოლო ზიარებიდან 80 წლის შემდეგ...

ჩემი მსახურების მანძილზე, ბევრ ასეთ დაფარულ საუნჯეს გადავწყდომივარ და ახლა როცა ვიხსენებ მათთან შეხვედრებს, საუბრებს, აღსარებებს, ზიარებას და მათ ლოცვა-კურთხევას, მჯერა , რომ სწორედ მათი ლოცვა მიფარავს ამ დალოცვილ ქვეყანაზე და მეხმარება ჩემი წილი განსაცდელების დაძლევაში...

დეკანოზი სერაფიმე დანელია
ბეჭდვა
1კ1