ნათლობა უდიდესი ჯილდო და სიხარულია
ნათლობა უდიდესი ჯილდო და სიხარულია
ქრისტეს ნათელის გარეშე როგორიც იყო საქართველო, კარგად ვიცით, მაგრამ მაინც წარმოუდგენლად გვეჩვენება ბომონებისა და კერპების წინაშე მროკავი ერი, რომელმაც შემდეგ ჯვარცმული ქრისტეს ბედი გაიზიარა და როგორც დიდი ილია ბრძანებდა, თავადაც "ჯვარს ეცვა ქრისტესთვის". ვინც იცნობს ქრისტეს მოძღვრებას, მიხვდება, რაოდენ ძნელია მისი მცნებების გარეშე ცხოვრება, თუმცა ერთიც კია - ვასრულებთ კი ყოველთვის იმას, რასაც უფალი გვასწავლის?

ოთარი (62 წლის): - ქრისტეს ნათლის მიღება ანუ მონათვლა წყლითა და სულიწმინდით, რასაკვირველია, დიდი მადლია, მაგრამ ნათელღებულმა, როგორც გამორჩეულმა, ისე არ უნდა იცხოვროს, როგორც სხვები ცხოვრობენ. არც ერთ ერს და რელიგიას აუგად არ მოვიხსენიებ, - ეს ქართველის ცნობიერებისთვის უცხოა, - მაგრამ სხვა რელიგიები რომ ჩვენთვის მისაღები ყოფილიყო, განა შევაკლავდით თავს ქრისტიანობის დაცვას? ქართველის სულს მოერგო ქრისტიანობა და ამიტომაც იღო ერმა ნათელი. ყოველთვის ხან მაზდეანობას გვაძალებდნენ და ხან რომელიმე სხვა სახის კერპთაყვანისმცემლობას. ზოგი იმასაც იტყვის, მაჰმადიანობა რომ მიგვეღო, ფიზიკურად გადავრჩებოდითო. ასეთები იმას არ ფიქრობენ, რომ "აღვერეოდით ერსა უცხოსა" და ქართველი როგორც ქართველი არ იარსებებდა. მერედა, ჭეშმარიტება? ზნეობა? არ ვიცი, როდის რა იქნებოდა, მაგრამ ქრისტეს ნათელის, სვეტიცხოვლის, გრემის, გელათის გარეშე საქართველო ვერ წარმომიდგენია.

როდამი (70 წლის): - ნათლობა ერთი საფეხურია ქრისტიანობისკენ, მაგრამ მას უნდა მოსდევდეს ისეთი ცხოვრება, ქრისტეს რომ ეკადრება. მე არ მიყვარს მამა-პაპებით მანიპულირება და მათი მაგალითად მოყვანა, მათ შორის იმდენი იყო ღვთის გარეგანი, დათვლა და აღნუსხვა გაგვიჭირდება. მაგრამ ყოველი ერი, რომელსაც განვითარება და უკეთესი მერმისი სურს, სამაგალითო შვილებს უნდა დაეყრდნოს, მათი ცხოვრების წესით უნდა იხელმძღვანელოს. ქვეყანა თუ ეკონომიკურად ძლიერი იქნება, ადამიანურად ვიცხოვრებთ და ვალებში არ დავიხრჩობით, როგორც ახლა, რა არის ამაში ცუდი და უფალი რატომ გაგვიწყრება, მაგრამ ცხოვრების მიზნად რომ სიმდიდრის მოხვეჭას გაიხდი სხვათა მოტყუებით, ცილისწამებით, ძარცვა-გლეჯით, ეს არის მიუღებელი. მაშინ გამოდის, რომ ქრისტიანი არ ხარ და არც მისი ნათლის ღირსი.

გიული (50 წლის): - ძალიან მიჭირს ამგვარ თემებზე ლაპარაკი, თუმცა უნდა ვთქვა, რომ ხალხში დიდია სიკეთის მარცვალი. ჩვენს მრევლში ბევრი ღარიბ-ღატაკია, ისეთი, რომლებსაც წამლის ფულიც კი არ აქვთ, ბევრია მრავალშვილიანიც. ერთი უნარშეზღუდული ბავშვიც გვყავს, რომელსაც ყველანი ვუვლით და რითიც შეგვიძლია, იმით ვეხმარებით. როცა ადამიანი ინათლება და ქრისტიანობაში შეაბიჯებს ფეხს, გააზრებული უნდა ჰქონდეს, როგორ იცხოვროს. ამას იმიტომ კი არ ვამბობ, რომ მაინცდამაინც ასაკოვანნი უნდა მოინათლონ, მაგრამ ნათელღებულმა უნდა იცოდეს, რომ ქრისტიანია. ახლა მოდაში შემოვიდა ევროპელზე დაქორწინება. ისიც მესმის, რომ უმეტესობა ქართველთა ქმრებისა თუ ცოლებისა მართლმადიდებელი ხდება, შვილები - მით უფრო, მაგრამ თუ მათ ქრისტიანულად არ იცხოვრეს, ანუ არ შეასრულეს კანონიკა, გამოდის, რომ ყველაფერი ფორმალურად ხდება. ისე, რაღა უცხოელები, ქართველიც ხომ ბევრია, ეკლესიაში ერთხელაც რომ არ შეიხედავს.

გიორგი (35 წლის): - ვფიქრობ, ნათლობა, ნათლის მიღება უდიდესი ჯილდო და სიხარულია. ამ სიხარულს ადამიანი გულით უნდა ატარებდეს და ახსოვდეს. თავისთავად ცხადია, ეს მოვალეობაცაა, რომ ცოდვას მოვერიდოთ. თუ ეს არ ხერხდება, ან გვეშლება რაიმე, ან სიფრთხილეს ვერ ვიჩენთ და გულისთქმას ავყვებით, ლოცვით, მარხვითა და ზიარებით უნდა განვიწმინდოთ. უფალმა ხომ ამისთვის უდიდესი მსხვერპლი გაიღო.

ბეჭდვა
1კ1