ეს თუ ახსოვს ადამიანს, ის უკეთურებასაც სძლევს საკუთარ თავში
ეს თუ ახსოვს ადამიანს, ის უკეთურებასაც სძლევს საკუთარ თავში
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის მომლოდინეს, უნებლიეთ "სიბრძნე ბალაჰვარისას" ის ეპიზოდი მაგონდება, შეძრწუნებული უფლისწული რომ კითხულობს, ნუთუ ყველანი დავიხოცებით, ნუთუ ამით ყველაფერი დასრულდებაო? რა უმწეო, უსუსური იქნებოდა ადამიანი, აღდგომისა და საიქიო ცხოვრების იმედი რომ არ ჰქონდეს! აღდგომა ჩვეულებრივი დღესასწაული როდია; იგი სულიერი ზეიმია, სასწაულის გაცხადებას რომ განგვაცდევინებს და ეს სასწაულიც, უფლის ნებით, მეოცე საუკუნეა ყოველ წელიწადს მეორდება, ნიშნად იმისა, რომ მაცხოვარს ვუყვარვართ და საუკუნო სასუფეველში გველის.

დაუვლის თუ არა საქრისტიანოს ხმა: "ქრისტე აღსდგა", - მორწმუნეებს აღმაფრენა ყოველგვარი ტკივილისაგან ათავისუფლებს.

ზეინაბი (30 წლის): აღდგომა ჩემთვის იმედია, რწმენაა. რაკი ვიცი, სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველმა საკუთარი სისხლის ფასად კაცობრიობა გამოიხსნა, ნაკლებად მეშინია სიკვდილის. ამას წინათ ერთი მამაკაცი ეკლესიასთან ქადაგებდა, საყდარში შიშით კი არ უნდა იაროთ, არამედ სიყვარულითო. მართალი იყო ის კაცი! აღდგომა შიშით კი არა, სიყვარულით იწყება. უფალი სიყვარულია და მისი ვნება და სიკვდილიც სიყვარულით იყო შთაგონებული. ასე დაგვანახვა მაცხოვარმა, რომ სიკვდილი არაფერია, თუკი ადამიანს გული სიყვარულით აქვს სავსე. აღდგომა განახლების მოლოდინიც არის და მინდა, ყოველი დღესასწაული ჭეშმარიტ აღდგომად ექცეს ჩვენს ხალხს, ცხოვარივით აქა-იქ გაბნეულს.

ეკა (33 წლის): ჩემი მამა-პაპა ერთ დროს გრიგორიანულად მონათლულა და თუმცა ძირძველი ქართული გვარი გვაქვს, მაინც სომხებად ვითვლებოდით. მერე მთელმა ოჯახმა მამაპაპურ რჯულზე დაბრუნება მოვინდომეთ, მაგრამ... ეშმაკი ხომ სწორედ ასეთ დროს მძლავრობს - როგორც ჩემი იმერელი ბებია იტყოდა, "საქმე გადაგვიორდიკალდა", ვერაფრით მოვაბით თავი. ერთხელაც, აღდგომა დღეს, ღვთაებრივი ცეცხლის შინ მოტანა მომინდა. მე და მამაჩემი ეკლესიაში წავედით, კელაპტრები ვიყიდეთ და ღვთაებრივ ცეცხლს მივეახლეთ. ტაძარში საერთო სიხარული და ზეიმი იდგა, ხალხს რაღაც იდუმალი ნათელი გადასდიოდა, თითქოს ყველაფერი ბრწყინავდა და კაშკაშებდა, ინთებოდა კელაპტრები, მაგრამ არა ჩვენი... გულდაწყვეტილები დავბრუნდით. მთელი გზა თავჩაღუნული მოდიოდა მამაჩემი, მერე - წინაპრებზე ცუდი როგორ ვთქვა, მაგრამ რჯულს უღალატეს და მათი შეცდომა ჩვენ უნდა გამოვასწოროთო... სასწრაფოდ მოვინათლეთ მთელი ოჯახი და ახლა მოუთმენლად ველი აღდგომას, იქნებ უფალმა ამჯერად მაინც შეიწიროს ჩვენი ლოცვა.

KARIBCHE KARIBCHE

მეგი (37 წლის): შვიდი წელიწადი ვიცხოვრე უცხოეთში. არ გეგონოთ, ადვილი იყოს ქართული სულის, ქართული მეობის შენარჩუნება. საქართველოსთან დაკავშირება იოლია - გინდ ტელეფონით, გინდ ინტერნეტით და გინდ ახლობლების სტუმრობით, მაგრამ "ჩვეულებისაებრ მამულისა სლვა" რომ მოგეშლება, რელიგიური დღესასწაულებიც გავიწყდება, მარხვებსაც ისე ვერ ადევნებ თვალყურს... ალბათ ამიტომაც წუხს უნეტარესი უცხოეთში წასულ ქართველებზე, ამიტომაც არ ასვენებს მათზე ფიქრი. ამდენი იმიტომ ვილაპარაკე, რომ ერთი რამ მეთქვა: აღდგომას თითქოს ჩვენი სულიერი გამოფხიზლება-აღზევება ხდებოდა; იქაურებს ღმერთი ყოველთვის ახსოვთ, მაგრამ, როგორც გითხარით, წირვა-ლოცვას ვერ ესწრებიან. აღდგომა კი ყველას აერთიანებს. ეკლესიაში ამ დღეს სხვადასხვა ეროვნების მართლმადიდებლები ვიყრით თავს და საოცარი სიყვარული იფეთქებს ხოლმე, აღარავის ახსოვს პოლიტიკა და ეროვნული შუღლი. რუსებს ფერად-ფერადი პასკები მოაქვთ, უკრაინელები და სერბები ყვავილებით და ათასნაირი ტკბილეულით მოდიან. ქართველების პასკები ყველაზე სადაა, მოკრძალებული, მაგრამ აბა, გემო გაუსინჯეთ - ყველა გიჟდება ჩვენს ნახელავზე. საოცარი სანახავია სააღდგომო ტრაპეზი... ეს ისე, თორემ მთავარი, რა თქმა უნდა, სულის ზეობაა. ვეხვევით ერთმანეთს და თვალზე სიხარულის ცრემლი გვადგას. ქრისტე ჩვენს სულშიც აღდგება ხოლმე და სიყვარული ყელამდე გვავსებს. ღმერთმა მრავალი ბედნიერი აღდგომა გაუთენოს საქართველოს. ვფიქრობ, ის მაშინ აღდგება, როცა უცხოეთში მიმოფანტული შვილები დაუბრუნდებიან, ამაში კი პატრიარქის ლოცვა შეგვეწევა.

თორნიკე (25 წლის): აღდგომის მოლოდინი თავისთავად დიდი სიხარულია, მაგრამ დღესასწაულამდე გლოვისა და მწუხარების გზა უნდა გაიარო, უნდა იდარდო საკუთარ ცოდვებზე, ებრძოლო ვნებებს, რომ აღდგომის იმედი გქონდეს. "მოველი აღდგომასა მკვდრეთით" - ლიტონი სიტყვები არ გახლავთ; ამისთვის უფალი ჯვარს ეცვა. ეს თუ ახსოვს ადამიანს, ის უკეთურებასაც სძლევს საკუთარ თავში და კეთილად იღვაწებს. მე ჯერ ახალმოქცეული ვარ და ბევრი რამის გააზრება მიჭირს, მაგრამ უფალი ჩვენთანაა და გვეხმარება შევიმეცნოთ ისეთი რამ, რაც ჩვენი გონებისთვის მიუწვდომელია.

ერთ სასწაულს მოგიყვებით და თქვენი საქმეა, დამიჯერებთ თუ არა... სამების ერთარსების გააზრება მიჭირდა, ვერ ვიჯერებდი, რომ ერთი შეიძლება იყოს სამი და პირიქით. ვხვდებოდი, რომ ქრისტიანობის ამ უმთავრესი დოგმატის გააზრება უფლის სრულად შეცნობაში ხელს მიშლიდა და ვწუხდი. ერთხელ წირვას ვესწრებოდი. როცა დამთავრდა, ჯვარს ვემთხვიე და იქვე, ეკლესიაში ჩამოვჯექი. საოცარი რამ ვიხილე: სამება გაიყო და შეერთდა... მყისიერად გავაცნობიერე, რაც აქამდე ჩემი გონებისთვის მიუწვდომელი იყო. სწორედ მაშინ მივხვდი, რომ ღმერთი არასოდეს გვტოვებს.

ნაირა (45 წლის): ჩემი ოჯახის აღდგომა მაშინ დაიწყო, როცა ჩემი შვილი ბერად შედგა. ეს მერე გავაცნობიერე, თორემ მაშინ სიმწრისგან არ ვიცოდი რა მექნა. ისე კი, მე თუ მკითხავთ, აღდგომის არსის გააზრება ყველაზე უკეთ მაშინ ხდება, როცა ცოდვით დაცემული ადამიანი სინანულში ჩავარდება და ღვთის გზას დაადგება. თავი მორწმუნე მეგონა და ერთხელ მძიმედ დავეცი. ისე განვიცადე, ლამის ხელი ავიღე ყველაფერზე, მერე თავს ვძლიე და მოძღვარს აღსარება ჩავაბარე, ჩემი სასოწარკვეთის შესახებაც ვუთხარი. მშვიდად მომიგო: ვთქვათ, სწორ გზაზე მიდიხარ, ფეხი წაგიბორძიკდა და დაეცი, აღარ ადგებიო? ასე მარტივად და ზუსტად ამიხსნა ყველაფერი... დაე, ყველას სულში ანთებულიყოს აღდგომის უქრობელი ცეცხლი. ჩემი ლოცვა ეს იქნება.
ბეჭდვა
1კ1