მეორე დღეს არცერთი მეზობელი არ მომსალმებია
მეორე დღეს არცერთი მეზობელი არ მომსალმებია
ნურავინ დაიკვეხნის - არ დავეცემიო, რადგან ყოველ წუთს ვეცემით - საქმით, სიტყვით თუ გულისხმისყოფით, ნებსითაც და უნებლიეთაც. ყველაფერს ადამის მოდგმის მტერს ნუ დავაბრალებთ, - ბრძანა ერთხელ მოძღვარმა, - საკუთარ დაცემას თვითონვე ვუწყობთ ხელსო. მაშინ არ დავეთანხმე, მაგრამ ცხოვრებამ მაGვენა, რომ ზოგჯერ საკუთარი ნებითა და სურვილით ვეცემით.

დიმიტრი (42 წლის): - მამა მყავდა ძალიან მორწმუნე. დედაჩემთან გაყრილი იყო და მე ხან ერთთან ვიყავი, ხან მეორესთან. არასოდეს ლაპარაკობდნენ ჩემთან, რა იყო მიზეზი, რომ ერთად ცხოვრება ვერ შეძლეს. ორივე ხანში შესული იყო და ორივე მარტო, მაგრამ მოსავლელადაც არ უნდოდათ ერთმანეთის დანახვა. რომ წამოვიზარდე, მივხვდი მიზეზს - მამას ქალები უყვარდა და თუმცა ეკლესიაში დადიოდა, ამ ჩვეულებაზე ხელს ვერ იღებდა. უკვე მოხუცმა მითხრა, ოჯახს და ერთ ქალს უერთგულე, მრუშობას არაფერი მოაქვს, მადლობა უფალს, რომ დღენი გამიგრძელდა და ჩემი ცოდვების მონანიება შევძელი, ყველას არ აპატიებს ამას უფალი და ცოდვას ნუ წამოიკიდებო. ეს არა, მაგრამ მე სხვა რამ მჭირდა - საშინელი მუცელღმერთა ვიყავი. ერთხელ გადავწყვიტე, ვიმარხულებ-მეთქი. დავიწყე კიდეც მარხვა, მაგრამ იმდენი სამარხვო საჭმელი მოვამარაგებინე ჩემს ცოლს, ას კაცს ეყოფოდა ალბათ თორმეტი მარხვის განმავლობაში. ვჭამდი და, ბოდიში ამ სიტყვაზე, ვერ ვძღებოდი. ამასობაში ვნების კვირაც დადგა, მეც წუწუნს ვუმატე. ერთ ღამეს კი საშინელი სიზმარი ვნახე - უზარმაზარ დარბაზში ვიჯექი და ხორცეულს ვნთქავდი - რა არ იყო: ღორი, ძროხა, ცხენიც კი. ირგვლივ გამოხრული ძვლები და თავის ქალები ეყარა და ყარდა იქაურობა. სიზმარშივე მივხვდი, რომ ეს ამ ხნის განმავლობაში ჩემი ნაოცნებარი საჭმელი იყო. საქმით თავს ვიკავებდი, მაგრამ გულისთქმით ხომ ვცოდავდი?!

ნუნუკა (61 წლის): - როგორც ყველა ჩემი თაობის ადამიანი, მეც მეათერთმეტე ჟამის მუშაკი ვარ. ეკლესიური ცხოვრება გვიან დავიწყე, უფრო სწორად, განსაცდელმა მიმახედა უფლისკენ. ჩემი თავი მაგარი მეგონა - აღმოჩნდა, რომ იმას, რაც შემემთხვა, ვერც სულიერად ვუმკლავდებოდი და ვერც მატერიალურად. ეკლესიაში სულიერი წონასწორობა მოვიპოვე და სიძნელეც მშვიდი გონებით უფრო დავძლიე. ეკლესიური ცხოვრება, რა თქმა უნდა, ცოდვებს გარიდებს, მაგრამ დაცემისგან არავინაა დაზღვეული. ყოველთვის ბრაზიანი ვიყავი, ვცდილობ, ვებრძოლო ამას, მაგრამ მაინც "მიხდება" გაკაპასება - ზოგჯერ ირგვლივმყოფები გებრძვიან, ზოგჯერ საკუთარი თავი - ეჭვი, სიხარბე, შური, ვფიქრობ, მთავარი მაინც საკუთარი თავია, მაგრამ ხანდახან თავს ვიმართლებ, ადამიანი ვარ და ცოდვით სავსე-მეთქი. თუ ვნანობ? - აბა, სხვა რა არის ღვთის რწმენა? ჩვენ მიერ ჩადენილისთვის სინანულს მივყავართ რწმენისა და განწმენდისკენ.

ანასტასია (76 წლის): - როცა შვილი მომიკლეს, სიცოცხლე რომ არ მინდოდა, მთელი სამყარო რომ დამნაშავე იყო ჩემს თვალში, არც ამას ვმალავ. ულამაზესი შვილი მყავდა, ჭკვიანი, ნიჭიერი... აიჩემა, მოსკოვში უნდა ვისწავლოო. აქ მაშინ უმძიმესი წლები იყო, გვეშინოდა, ვინმეს არ აჰყოლოდა, თითქოს განსაცდელს ავარიდეთ და თურმე განსაცდელი წინ გვედო. უფლის ხმას უნდა უგდო ყური და აირიდებ. გული მეუბნებოდა, არ გაუშვაო, მაგრამ თან მიხაროდა, ისწავლის და კაცი გამოვა-მეთქი. თავიდან მართლა კარგად იქცეოდა, სწავლობდა და მუშაობდა კიდეც, მაგრამ მერე და მერე, როგორც ჩანს, გემო გაუგო იქაურ ცხოვრებას, ფულს რომ გავუგზავნიდით, ერთ კვირაში გვირეკავდა, იქნებ ამდენი და ამდენი გამომიგზავნოთო. ჩვენ რომ ვერ ავუდიოდით, შვილებს ვთხოვდით. ერთხელ უფროსმა ბიჭმა მითხრა, - დედა, მგონი, თამაშობს, თორემ ამდენი ფული სად მიაქვს, მეც მეტი აღარ შემიძლია, ცოლ-შვილი მყავს სარჩენიო. ვეღარ ვუგზავნიდით და მალე უბედურებაც დაგვატყდა თავს...

რომანოზი (33 წლის): - დედაჩემი ადრე დაქვრივდა და ორი შვილი - მე და ჩემი ძმა, რომ იტყვიან, სიმწრით გამოგვზარდა. ოთარაანთ ქვრივივით იყო, სახლ-კარსაც უვლიდა და არც ჩვენ გვაკლებდა რაიმეს. ჩემი ძმა მორჩილი და დედის დამჯერი იყო. მეც არ ვიყავი ცუდი ბიჭი თავიდან, მაგრამ მერე ძმაბიჭებმა ამიყოლიეს. შინ მისვლა არ მინდოდა, სულ ქუჩაში ვეგდე და ქეიფსა და ჩხუბზე მეჭირა თვალი. დედა თავიდან მსუბუქად მსაყვედურობდა, მერე თანდათან აუწია ხმას, რაც საშინლად მაღიზიანებდა, თუ მანამდე უბატონოდ არ ვცემდი ხმას, ერთხელაც რომ მისაყვედურა, არც გინება დავაკელი და ხელითაც შევეხე. მეორე დღეს არცერთი მეზობელი არ მომსალმებია. სოფელში, ხომ იცით, ასეთი რამ არ იმალება. მაშინ დავფიქრდი და მახსენდება, როგორ შემეცოდა დედა, დავდიოდი, ვფიქრობდი, მაგრამ დედის გაფითრებული სახე თვალწინ მედგა. მობუზული მივედი შინ და დედას ვაკოცე, თავზე ხელი გადამისვა და თვითონაც მაკოცა. ახლაც გული მეწვის, მაშინდელ დედაჩემს რომ ვიხსენებ, სამი შვილი მყავს და ხანდახან ვფიქრობ, რა ყოფილა მშობლის ამაგი და რა ძნელია შვილისგან უპატივცემულობა.

ბეჭდვა
1კ1