ამ თემაზე მერე არასოდეს გვილაპარაკია, მაგრამ ვგრძნობდი, რომ დედას ეს არ ავიწყდებოდა
ამ თემაზე მერე არასოდეს გვილაპარაკია, მაგრამ ვგრძნობდი, რომ დედას ეს არ ავიწყდებოდა
უფალმა ადამიანს ფიქრის უფლება მისცა, უფრო ზუსტად, ფიქრი მოუვლინა, რათა განსაჯოს თავისი თავი, საქმე, თუნდაც სხვისი ნამოქმედარი. ფიქრი კეთილიცაა და ბოროტიც, ისევე როგორც საქმე, რომელიც თავისთავად ფიქრის ნაყოფია. გულისთქმით ადამიანი ან დაეცემა, ან ამაღლდება...

ნანა (60 წლის):
- ასე მგონია, ჩემი ცოდვები ის გულისთქმებია, რომლებთანაც ბრძოლა კი მიწევს, მაგრამ ზოგჯერ ჩამითრევს ხოლმე. ზოგჯერ ისე გამიტაცებს ოცნება, რეალურ ცხოვრებას ვწყდები და სხვა, ირეალურ სამყაროში გადავდივარ. ეკლესიური ცხოვრებით ვცხოვრობ, მოძღვრის დარიგებაც მინდა გავითვალისწინო, მაგრამ ბევრჯერ ისე მივეცემი თავდავიწყებას, არაფერი გამომდის. განსაკუთრებით ამ ბოლო დროს გამდიდრებაზე ფიქრი შემომეჩვია, ვიყიდი რაღაც ლატარეებს და მერე დავდივარ, ვყიდულობ, ვარიგებ... ჩემს ოცნებებში ღარიბთა შემწეობაცაა და ეკლესიებისა და მონასტრებისათვის შემწეობის გაცემაც, მაგრამ ეს ხომ არარეალობაა და იქნებ ამ ოცნებებში უკეთესი საქმეებისთვის ვბრკოლდები. იმასაც ვფიქრობ, რომ მატერიალურად ისე ვართ შეზღუდულები, აუცილებელი რაც არის, იმასაც ვერ ვახერხებთ და ეს ამის ბრალიცაა.

გულნარა (47 წლის):
- გულისთქმა შეიძლება ისეთი კეთილი იყოს, რომ შვება და სიხარული მოგგვაროს. ასეთი გულისთქმა ბევრი მაქვს, მაგრამ გული იმაზე მწყდება, რომ მისი განხორციელება არ შემიძლია უსახსრობის გამო. ძალიან მინდოდა, ბავშვთა სახლიდან ობოლი ბავშვი გამომეყვანა, მაგრამ იმდენი საბუთი, იმდენი სირბილი და ფული დასჭირდა, ხელი ჩავიქნიე. კი მიხვალ და რაღაცას მიუტან ბავშვებს, მაგრამ ოჯახური გარემო და დედური სითბო სულ სხვაა. რასაკვირველია, არსებობს ბოროტი გულისთქმა, რომელიც გაწუხებს, გაშფოთებს, იბრძვი, ისიც გებრძვის. ერთი ხანობა ასეთმა ფიქრებმა ისე დამანგრია, ჩემზე უბედური არავინ მეგონა. აღსარებაშიც ვერ ვამბობდი, მრცხვენოდა. აბა, რა სახსენებელი იყო ის სიბილწეები, რასაც გონებით წარმოვიდგენდი. ერთხელ ეკლესიაში ერთმა ნაცნობმა თქვა, - ბოროტმა გულისთქმებმა დამღალაო და მივხვდი, მარტო მე არ მჭირდა ეს. მღვდელს აღსარებაში მოვუყევი ყველაფერი, მეგონა, არც მაზიარებდა და გამომდევნიდა ეკლესიიდან, მაგრამ მხოლოდ ეს მირჩია, ეცადე, არ გაჰყვე ამ ფიქრებს. როგორც კი დაგეწყება, ლოცვები წაიკითხე, განსაკუთრებით 50-ე ფსალმუნიო. რომ ვეზიარე, ტირილი ამიტყდა, მაგრამ მივხვდი, რომ ეს ეშმაკის ფანდი იყო, რათა ეკლესიაში სიარულზე ხელი ამეღო.

მიხეილი (25 წლის): - ერთხელ მე და ჩემმა დობილმა ბევრი ვიდავეთ, მიმტკიცებდა, გულისთქმა და მოქმედება ერთი და იგივეაო. მე ვუმტკიცებდი, რომ ზოგჯერ შეიძლება ცუდი რამ იფიქრო შენდაუნებურად, მაგრამ შეებრძოლო და ვერ გძლიოს. არ ვიცი, მართალი ვარ თუ არა, მაგრამ ცოდვასთან ბრძოლას ხომ აქვს მნიშვნელობა?

ბეჭდვა
1კ1