სანამ კისერი არ წავიტეხე, ჩემი ვერ მოვიშალე
სანამ კისერი არ წავიტეხე, ჩემი ვერ მოვიშალე
სიმართლის სიყვარული ადამიანის უმთავრესი ღირსებაა. სიმართლე-სამართალი ურთიერთისგან გამომდინარე ცნებებია და უსამართლობა ღვთის გმობაა. უფლის სამართალი ხომ ყველაფერზე მეტია და ცრუ და ორპირი ადამიანი უფლისთვის საძაგელია.

მაყვალა (63 წლის):
- უსამართლობა ცილისწამებას უკავშირდება, ვთქვათ, ამის გამო უსამართლოდ ისჯები, განა ეს არ აბოროტებს ადამიანს? ტყუილი ხუმრობითაც არ უნდა თქვა. ჩემი ბავშვობის დროინდელი ამბავი მახსენდება: მეზობელს ეჭვიანი მაზლი ჰყავდა და თავის რძალზე ვეხუმრე, ამა და ამ კაცთან ხელგადახვეული ვნახე-მეთქი. კაცის გვარიც დავასახელე. კინაღამ ოჯახი დაინგრა, საშინელი ამბავი ატყდა. ეს როყიოდ ნათქვამი მეც ლამის სიცოცხლის ფასად დამიჯდა. ახლა რომ მახსენდება, სირცხვილით ვიწვი... დედაჩემი ბევრს მარიგებდა, გრძელი ენა გაქვს და უშნო ხუმრობა იციო, მაგრამ სანამ კისერი არ წავიტეხე, ჩემი ვერ მოვიშალე.

ალექსანდრე (43 წლის): - მშობლებმა თავიდანვე უნდა შეაჩვიონ მოზარდი სიმართლის სიყვარულს. სანიმუშო ბავშვი ვიყავი, მაგრამ ერთხელ შატალოზე წავედით და მშობლებს დავუმალე. ამის მერე დაიწყო ჩემი წამება. რომ გაიგეს და მასწავლებლებიც ჩამაცივდნენ, წამომწყები ვინ იყოო, სხვას ხომ ვერ დავუსახელებდი და მე-მეთქი. ამისთვის ისე დავისაჯე, ჯობდა, არც ასეთი ტყუილი მეთქვა არასოდეს და არც სიმართლე. მშობლებსა და მასწავლებლებს მას შემდეგ ყველაფერს ვუმალავდი და ჩემს ნათქვამში უკვე ტყუილები ჭარბობდა. ამას ისე მივეჩვიე, საჭირო რომ არ იყო, მაშინაც ვტყუოდი. ბავშვობა რომ მთავრდება, ზოგიერთი აცნობიერებს, რომ ასე ცხოვრება არ ვარგა და მეც მივხვდი, როგორ შემელახა სახელი - არავინ მენდობოდა. ძალიან გამიჭირდა უარის თქმა, მაგრამ მაინც დავძლიე რჯულზე უმტკიცესი ჩვეულება.

დიმიტრი (60 წლის):
- ხშირად ადარებენ ადრინდელ და ახლანდელ ცხოვრებას და უპირატესობას, რა თქმა უნდა, ადრინდელს ანიჭებენ, თითქოს მაშინ არ იყო სიცრუე და თვალთმაქცობა. არადა, ან ისტორიას რომ კითხულობ, ან ვინმეს უსმენ, სრულიად საწინააღმდეგო დასკვნას გამოიტან. საერთოდ, ერმაც და პიროვნებამაც უნდა გააცნობიეროს, რა მოაქვს ამგვარ თაღლითობას და დასკვნა ისე უნდა გამოიტანოს. ტყუილს მაშინ ამბობს ადამიანი, როცა ეს "სჭირდება". არადა, ამის საჭიროება თითქმის არ არსებობს. სიმართლე, რაოდენ მწარეც უნდა იყოს, უმჯობესია სიცრუეზე. ჩემი ცხოვრება, შეიძლება ითქვას, სიმართლემ დაანგრია, რომ დამემალა და ჩემს მეუღლეს არ გამოვტყდომოდი, რომ სხვა ქალთან დავდიოდი, ოჯახიც შემინარჩუნდებოდა და შვილებიც ჩემთან იქნებოდნენ. თავს არ ვიმართლებ, თუმცა ამგვარი გატაცება სხვებსაც ჰქონიათ, მაგრამ ყველაფერს მშვიდად და უხმაუროდ ჩაუვლია, მე კი მეუღლესთან ვერ ვიცრუე და მოვუყევი, როგორ ვუღალატე. არ მაპატია... მერე გათხოვდა და ბედნიერია, მე კი ჩემმა გულწრფელობამ დამღუპა. თუ ვნანობ? ადამიანებს პატიება უნდა შეეძლოთ, მიტევება და სიმართლის აღიარებაც. მე თუ ვაპატიებდი ღალატს, თუნდაც ის დროებითი, წუთიერი ყოფილიყო? არა. ამდენად, ხან ვნანობ ჩემს გულწრფელობას, ხან - არა.

ნინო (25 წლის): - სიმართლე მაინც სჯობს ტყუილს. ყველა რომ იცავდეს წესს, მოიქცეს სამართლიანად და თქვას სიმართლე, წარმოიდგინეთ, რა საამური იქნებოდა ცხოვრება. ჩემი მეგობრები სიგარეტს ეწევიან და მშობლებს და ახლობლებს უმალავენ. მეგობრულად და არა ნიშნის მოგებით რომ ვკითხავ, რატომ მალავთ-მეთქი, გვრცხვენია და გვეშინიაო. ე.ი. იცი, რომ ცუდად იქცევი, თორემ კარგისა რატომ შეგრცხვება? ვერ დავიტრაბახებ, რომ არ მითქვამს ტყუილი, მაგრამ ამას ყოველთვის გაფრთხილება მოჰყოლია. ვიცრუე ერთხელ, სიცხე მაქვს და სამსახურში ვერ მოვალ-მეთქი. იმ ღამეს მართლაც მომცა სიცხე და ერთი კვირა ისე ვიწვალე, ღმერთს ვეხვეწებოდი, ოღონდ ახლა ავდგე და ყოველთვის სიმართლეს ვიტყვი-მეთქი.

ბეჭდვა
1კ1