ტკივილი კი რჩება, მაგრამ ადამიანის ცხოვრების საზრისი ამ ტკივილთან გამკლავება უნდა იყოს
ტკივილი კი რჩება, მაგრამ ადამიანის ცხოვრების საზრისი ამ ტკივილთან გამკლავება უნდა იყოს
როცა უფალთან ახლოს დგას ადამიანი, როცა რწმენა და სასოება უმაგრებს გულს, შიში და სასოწარკვეთა უკან იხევს. "დექ მტკიცედ და შეურყევლად" - ამბობს უფალი და ამით გვამხნევებს, ჩვენ კი უბრალო სიძნელე და გაჭირვება უფლის სამართალში გვაეჭვებს ხოლმე. ვიწყებთ ძიებას - რატომ, ის კი გვავიწყდება, რომ ყველაფერი ჩვენი ცოდვებისთვის მოგვეზღვევა.

მიხეილი (45 წლის): - მეტად ძნელია, ჩახვდე უფლის ნებას და ბოლომდე გაიაზრო ყველაფერი ის, რაც შენს თავზე დატრიალდება. ეს მხოლოდ რჩეულთა ხვედრია, მაგრამ იმას არ ნიშნავს, ხელი ავიღოთ შემეცნებაზე და ჩვენი ცოდვები არ გავისიგრძეგანოთ. ჩვენ ხშირად ცოდვის ჩადენის კი არ გვეშინია, არამედ იმისა, რომ ამისთვის დავისჯებით. არც იმას ვუცემთ გულს, რომ ეს სასჯელი არა აქ, შესაძლოა, იქ მოგვევლინოს, ამდენად, ვფიქრობ, გარკვეულწილად შიში საჭიროა - უფლის შიშია, სიყვარულს რომ წარმოქმნის. ამის გაგება არც ისე ძნელია, თუკი აზროვნებას მოიშველიებ. ჩვენ ერთმანეთის იმედი უფრო გვაქვს, და ესეც აუცილებელია, ვიდრე უფლისა. ადამიანები ერთმანეთს სიკეთეს რომ უკეთებენ, ეს უფლისგან მოდის, რუსთაველს აქვს ეს გენიალურად ახსნილი: "ბოროტიმცა რად შეექმნა სიკეთისა შემოქმედსა?" სიკეთის აზრის შესაცნობად წმინდა მამების მოსმენაა საჭირო, თორემ ზოგჯერ გვგონია, ბოროტება უფლისგან გვემართება.

ძალიან ახალგაზრდამ შევირთე ცოლი... ჩემი ვაჟი წლინახევრის იყო, მეუღლე რომ გარდამეცვალა - ძალიან გვიყვარდა ერთმანეთი და ეს ჩემთვის სიცოცხლესთან გამოთხოვება იყო. ბავშვის აღზრდაშიც ვერავინ დამეხმარებოდა, რადგან არავინ მყავდა მოხუცი მამიდის გარდა. გათიშული დავდიოდი და მინდოდა, მეც და ჩემი შვილიც დავხოცილიყავით და იმ ქვეყნად მაინც გაგვეხარა. სმა დავიწყე, მაგრამ ვერც ეს მშველოდა. მორწმუნე დედა მყავდა და პატარაობიდან ეკლესიაში დავყავდი. ღმერთთან სიახლოვეც არ გამოდგა ჩემთვის საშველი. მოძღვარი მამშვიდებდა, მაგრამ მისი ნათქვამი ცალ ყურში შემდიოდა და მეორიდან გამომდიოდა. მერე ყველაფერი ისე წარიმართა, ნამდვილად უფლის ნება ერია... ტკივილი კი რჩება, მაგრამ ადამიანის ცხოვრების საზრისი ამ ტკივილთან გამკლავება უნდა იყოს.

ზაირა (72 წლის): - თქვენ წარმოიდგინეთ, რომ დედა ცოცხალი მყავს და ჩემზე უკეთ გამოიყურება. მეც და ჩემს დებსაც ძალიან გვიკვირდა მისი - არასოდეს უავადმყოფია, ნერვიულობა და ფორიაქი არასდროს შეგვიმჩნევია. ყველას ტკივილი აწუხებდა, მაგრამ თავში ხელის ცემას ერჩივნა, საქმით მიშველებოდა გაჭირვებულს. ყველა მოვლენას და განსაცდელს, რაც უსაშველო გვეგონა და ვწრიალებდით, ისე მშვიდად განსჯიდა, ნერვები გვეწიწკნებოდა. ხანში რომ შევიდა და ირგვლივ ყველა შემოეცალა, სიკვდილის შიშით კი არ ძრწის, მშვიდად ელოდება იმ ქვეყნად თავის ახლობლებთან წასვლას. ხშირად ვერ ვაწუხებთ, იმიტომ, რომ უჭირს სიარული და ფეხზე დგომა, მაგრამ სეფისკვერსა და ნაკურთხ წყალს ყოველ დილით იღებს. ჩემი შვილიშვილი იტალიაში გავგზავნეთ სასწავლებლად. მაშინ შევატყვე წუხილი, - თავს გაუფრთხილდეს, უცხო ქვეყნის ჰაერი ქართველს არ ერგება და არ დაავადმყოფდესო. იმაზეც წუხს, ამდენი ქართველი რომ მოშორდა სამშობლოს - იხოცებიან და ალბათ წვავენო. ვინ იცის, იქნებ მართლაც ასეა და ამაზე ვერ ვიტყვით, რომ არ უნდა გვეშინოდეს. ისე, ჩვენ მცირედმორწმუნენი ვართ, თორემ რწმენით ყველა განსაცდელი უნდა დაძლიო.

ციური (60 წლის):
- ადამიანსა და ღმერთს შორის რომ უხილავი კავშირი არსებობს, ჩემი ნათქვამი არ არის. სწორად რომ ვცხოვრობდეთ, საშიში არაფერია. თუმცა ამქვყნიურ ცხოვრებას დიდი სიძნელეებიც ახლავს და ჩვენი სისუსტე, ადამიანური ბუნებიდან გამომდინარე, გონებას გვიხშობს და სასოწარკვეთაში გვაგდებს. შეიძლება ვინმემ ფანატიზმი დამწამოს, მაგრამ მე ყოველთვის ვიცი, როცა რაიმე საქმეს ვიწყებ, უფალი დამიდგება თუ არა გვერდით. უკიდურესი გაჭირვება გვქონდა, ხანდახან ოჯახში პურის ფულიც არ გვაქვს, მაგრამ არ მეშინია, ვიტყვი ხოლმე, უფალი არ დაგვტოვებს-მეთქი და საიდანღაც რამე რომ არ გამოჩნდეს, არ შეიძლება.

ბეჭდვა
1კ1