სულიერ ცხოვრებას რომ დაიწყებ, აუცილებლად წააწყდები სიძნელეს
სულიერ ცხოვრებას რომ დაიწყებ, აუცილებლად წააწყდები სიძნელეს
გზა და სავალი ორივე ცხოვრებაში - სულიერსა თუ ხორციელ-ფიზიკურში - ძნელი მოსაძებნია. სწორ და მართალ გზაზეა ლაპარაკი. ვინ იცის, რამდენჯერ დაგვვიწყებია უფალი და სასო წარგვკვეთია იმის გამო, რომ ვერ გაგვიგია, საით წავიდეთ, "სად მიიდრიკოს სულმან ჩვენმან თავი?" არადა სიმშვიდე და უფლის მინდობა უთუოდ გამოგიჩენს საშველს.

ელენე (55 წლის): - სულიერ ცხოვრებას რომ დაიწყებ, აუცილებლად წააწყდები სიძნელეს. ხანდახან თითქოს ჯებირს ეხეთქები, ყველაფერი წინააღმდეგობრივი გეჩვენება. ახალი დაწყებული მქონდა ეკლესიური ცხოვრება. ქობულეთში ვისვენებდი შვილებთან ერთად. ახლობლის ცოლი შემხვდა და თავისთან მიმიპატიჟა. მე რელიგიით ისე ვიყავი დაინტერესებული, ყველაფერს ვიძიებდი, ხარბად ვკითხულობდი და ხანდახან მკრეხელური აზრებიც მომდიოდა. არადა კარგი მოძღვარი მყავდა და მასთან შემეძლო მესაუბრა. მერე დავრწმუნდი - როცა ახალი მოქცეული ხარ, მოძღვარს უნდა დაეყრდნო, თორემ არ აგცდება ის, რაც მე დამემართა - კინაღამ ავცდი ჭეშმარიტების გზას. ჰოდა, მაგიდაზე გადაშლილი წიგნი შევნიშნე ეკლესიური გაფორმებით - ჯვრითა და ხატებით. გადავშალე და კითხვა დავიწყე. თავიდან ვერაფერს მივხვდი, რადგან ნაწყვეტები იყო მოყვანილი ბიბლიიდან, სახარებიდან, მოციქულთა სწავლებებიდან. მერე და მერე შევამჩნიე, რომ პირჯვრის სხვანაირად გადაწერას გვირჩევდნენ, კათოლიკოსის სკიპტრას აკრიტიკებდნენ. ადამიანის გონება მშვენივრადაა მოწყობილი, მაგრამ ეჭვი და უნდობლობა უბედურებაა, თუ შეგიჩნდა, არ მოგასვენებს. ისე, ის ჩემი მასპინძელიც ვერ იყო მთლად გარკვეული, რა ხდებოდა, მაგრამ ბევრ რამეში დავეთანხმეთ წიგნის ავტორს. ის ღამე წიგნის კითხვაში კი გავათენე, მაგრამ უკვე იქ დაწერილშიც შემეპარა ეჭვი. დამავიწყდა მეთქვა, რომ წიგნის ავტორი სტაროვერების ბელადი მურთაზ ჩახავა იყო. თბილისში ჩამოსული, ბებიას ნაქონი ხატის წინ დავემხე და უფალს შევთხოვე, არ გავემეტებინე და სწორი გზიდან გადახვევის უფლება არ მოეცა ჩემთვის. სასწაული ის იყო, რომ მეორე დილით მოძღვარმა დამირეკა - კურთხევა მომცა, აღსარებაზე მივსულიყავი და ზიარებისთვის მოვმზადებულიყავი.

მურმანი (67 წლის): - ადამიანები იმასაც ვერ ვაანალიზებთ, რა არის ცოდვა, გადაცდომა, რა - უფლისთვის საწყინო. ჩვენთან დამკვიდრებული აზრით, მრუშობა ქალისთვის არის მიუღებელი, თორემ მამაკაცს ეპატიება. ჩემი მთავარი დანაშაული ეგ იყო. ვერ ვიტყვი, შეგნებული არ მქონდა, რომ ვცოდავდი, მაგრამ თავშეკავება მიჭირდა, ქალის სახე რომ გულში ამომეჭრებოდა, მოსვენებას ვკარგავდი. უამრავი რამ წამეკითხა და ვიცოდი, ეს ვნება როგორ ანგრევს ოჯახებს, როგორ უბედურდებიან ბავშვები, მომავალი თაობა, მაგრამ... მერე მოხდა ის, რაც უნდა მომხდარიყო და ცოცხალი კი გადავრჩი, მაგრამ საკუთარ ცოლ-შვილს დავაწექი მძიმე ტვირთად. უფალმა შეისმინა დედაჩემის ლოცვა, რომელიც ჩემს საქციელში მძიმე ცოდვას ჭვრეტდა. ადამიანებს ღმერთი მაშინ გვახსენდება, როცა განსაცდელი მოგვიკაკუნებს. ეტყობა, ჩემშიც გაიღვიძა სინანულმა და ახლა იმ განვლილი გზის უფრო მრცხვენია, ვიდრე ჩემი დღევანდელი მდგომარეობისა.

გულჩინა (58 წლის):
- დედაჩემი ტყიბულის ეკლესიის მგალობელი და მედავითნე იყო და შვილებსაც ღვთის სიყვარულით გვზრდიდა. მახსოვს, როგორ გვირჩევდა, მარხვა დაგვეცვა, მაგრამ ჭამაზე მეტად სიმშვიდესა და სათნოებაზე გვამახვილებინებდა ყურადღებას. არ ვიცი, რა მოხდა, მაგრამ ასე აღზრდილი ჩემი ძმა სექტანტებმა გადაიბირეს. ისე გაბრუებული იყო, ვერაფერს ვაგებინებდით. დედამ მე და ჩემს დებს მოძღვრის კურთხევით გვთხოვა, სალოცავები მოგვევლო და მუხლჩაუხრელად გველოცა. მახსოვს, როგორ დავდიოდით სამივენი არა მარტო ეკლესიებში, არამედ იმ ადგილების მოსალოცად, სადაც ადრე იყო ეკლესიები და ან დაანგრიეს, ან დაინგრა. დედაჩემისთვის უფრო მეტი უბედურება არ არსებობდა და ცრემლთა ღვრით, მუხლისჩოქით ევედრებოდა უფალს გაეხსნა მისი შვილისთვის გონება. დიდება უფალს და ჩემი ძმა ახლა მორწმუნე, ოჯახის თავკაცი და შესანიშნავი მამაა.

ბეჭდვა
1კ1