ქართული ენა ჩვენი სიმდიდრეა, სულიერი სიმდიდრე და თუ რაიმეს დავაკლებთ, ჩვენვე დაგვაკლდება
ქართული ენა ჩვენი სიმდიდრეა, სულიერი სიმდიდრე და თუ რაიმეს დავაკლებთ, ჩვენვე დაგვაკლდება
სალომე (45 წლის): - ჩვენი სულიერების სათავე ჩვენსავე ენაშია, მაგრამ დღეს, ვფიქრობ, სატრაბახო არაფერი გვაქვს. ჩვენივე გულგრილობით და საკუთარი თავის ვერშეცნობით ქართულიც იბღალება. გული მეწურება, როცა ჟარგონითა და ბარბარიზმებით მოლაპარაკე გოგო-ბიჭებს ვუსმენ. მათ საუბარში აზრს ვერ ვხედავ, - აზროვნების სიღრმეზე არაფერს ვამბობ, - არადა, ათას უბედურებაში გამოტარებულ ქართულს მეტი ყურადღება და მოფრთხილება სჭირდება. ქართული ენა ჩვენი სიმდიდრეა, სულიერი სიმდიდრე და თუ რაიმეს დავაკლებთ, ჩვენვე დაგვაკლდება. ხშირად, როცა წინაპართა ნამუშაკარს გადავფურცლავ, მიკვირს, - რა ძალა ჰქონდათ, რა ნიჭი, რა იყო ის, რაც ასე აზრიანად და გამომხატველად ამეტყველებდა მათ ენას. ახლა არც "ვეფხისტყაოსანს" დავესესხები და არც ჰაგიოგრაფ მწერლებს, მაგრამ მაინც ვიტყვი, რომ მათ გრძნობებიც, უფლის სიყვარულიც სხვაგვარი ჰქონდათ. თუნდაც ჩვენი ლოცვები წაიკითხეთ; რამდენი სიტყვაა, რომლის მნიშვნელობის გაგებაც დღევანდელ ქართველს უჭირს. სიტყვებზე აღარაფერი რომ არ ვთქვათ და მხოლოდ წინადადებათა წყობას დავაკვირდეთ, მივხვდებით, რა დავკარგეთ. ახლანდელი მეტყველება რამდენიმე სიტყვით შემოიფარგლება, არადა, როგორც პოეტი იტყოდა, "მარტო წვიმას აქვს სახელი ცხრა". რისთვის იღვწოდნენ ძველთაძველი ქართველები? - ეს ხომ მემკვიდრეობაა და დანატოვარი, ჩვენ კი გრძნობებთან ერთად გამომსახველობასაც ვკარგავთ და ისეთივე ღარიბი ქართულით ვმეტყველებთ, როგორიც სულიერება გვაქვს.

გია (60 წლის): - რამდენიმე წლის წინ უცხოეთში მიმავლინეს. ჩემმა მშობლებმა ჯერ კიდევ ბავშვობაში რამდენიმე უცხო ენა შემასწავლეს. რა თქმა უნდა, უცხოეთში ეს ცოდნა გამომადგა, რადგან სხვადასხვა ენაზე მოლაპარაკე ხალხთან, ძირითადად ევროპელებთან, მომიწია ურთიერთობამ. ვხვდებოდი, ქართული ნელ-ნელა ინავლებოდა ჩემს მეხსიერებაში და შევშფოთდი. ერთხელაც მითხრეს, ამ ქალაქში ერთი ქართული ოჯახი ცხოვრობს, რევოლუციის დროს ბოლშევიკებს გამოქცევიან საქართველოდანო. დავურეკე. ვიღაცამ რუსულად მიპასუხა. ქართული მენატრებოდა და რუსული რომ გავიგონე, აღვშფოთდი. ეტყობა, ხმაზე შემატყო და მითხრა, - ჩვენთან მობრძანდით, ოჯახის უფროსს გაგაცნობთო. ტიპური ქართველი იყო, ქუთაისელი, ისეთი ღრმა და მდიდარი ქართულით ლაპარაკობდა, თვალზე ცრემლი მომადგა. ასე მეგონა, პირველად ვისმენდი მშობლიურ ენას. დიდხანს ვისაუბრეთ და მთელი იმ ხნის მანძილზე საოცრების ზღვაში დავცურავდი. თითქოს უფრო გავიგე ჩვენი მწერლობის მშვენიერებაც და მშობლიური ქართულის ერთდროული სიმდიდრე და სისადავე. მოვდიოდი და მთელი გზა გალაკტიონის სიტყვები რეკდა ყურში: "საოცრების წარსული, ეშაფოტზე ასული"...

ახლაც იგივე სიტყვები რატომ გამახსენდა? - მეშინია, საოცრების წარსულთან ერთად ჩვენი ტკბილხმოვანი ენაც არ ავიყვანოთ ეშაფოტზე. მხოლოდ ლაპარაკი არაფერს გვიშველის, ქმედებაა საჭირო და კიდევ აღმაფრენა - ეს ძალას მოგვცემს და დაგვარწმუნებს, რომ დიდი განძის მფლობელი ერი ვართ. გითხარით, რამდენიმე ენა ვიცი-მეთქი და კლასიკოსებსაც მათ მშობლიურ ენებზე ვკითხულობ, მაგრამ ქართული რომ უიშვიათესი ფენომენია, ამას ხმამაღლა და თამამად ვიტყვი.

ნონა (59 წლის): - მშობლებმა, ალბათ იმდროინდელი ტენდენციის გამო, რუსულ სკოლაში შემიყვანეს. ბაბუაჩემი გურული გლეხი იყო, თავის მიწა-წყალს შეჭიდებული კაცი და საოცარი მოკრიმანჭულე. ლაპარაკიც საოცარი იცოდა, ხშირად მის ნათქვამს ვერც ვიგებდი, მაგრამ მოგვიანებით, როცა ქართული ლიტერატურა საკუთარი ნებით კარგად შევისწავლე, მივხვდი, რომ მისი ქართული ნამდვილი იყო - სხვა ენებით შეურყვნელი. ბავშვი რუსულ სკოლაში შეუყვანიათო, რომ გაიგო, ჩემს მშობლებს შემოუთვალა, - ფეხს არ დავდგამ თქვენთანო. ერთხელ დედაჩემმა სოფელში წამიყვანა. ბაბუა ცივად შეხვდა ერთადერთ ქალიშვილს, მაგრამ მერე გული მოიბრუნა და ბებიას უთხრა, - აქედან რომ წავა, იმ სკოლაში დაბრუნება რომ არ მოინდომოს, იმისთანა წიგნები უკითხეო. წიგნები რად უნდა, აგერ, მეზობლებს ჩამოვატარებ და წიგნი არაა იგინიო? ყოველ საღამოს თავს იყრიდნენ მეზობლები და ათასნაირ ამბავს ჰყვებოდნენ. ერთხელ ვიცელქე და დედამ მითხრა, - კუთხეში დაგაყენებო. გაუკვირდათ, კუთხე კი არა, ყურე ჰქვია მაგას, რამ დაგავიწყაო. მერე ძველქართულ ტექსტებში ხშირად შემხვედრია - ყურე. ჭუჭრუტანა და ღრიჭო სხვადასხვა რამ რომ იყო, იქ გავიგე, ახლა კი მიკვირს, არავინ რომ არ ხმარობს ამ სიტყვებს და რაღაც ერთმნიშვნელოვანი ქართულით ლაპარაკობენ.

თამარი (60 წლის): - ჩვენი წინაპრები მშობლიურ ენას მადლიანს ეძახდნენ. ეს აზრი მაშინ გავითავისე, როცა ჩემი სიცოცხლის შემოდგომაზე უცხო ქვეყანაში გამრიყა გაჭირვებამ. უცხო ენაც შევისწავლე და უცხოელთა ხასიათიც, მაგრამ გული ვერ იმშობლიურებს მათ მოფერებას და თუნდაც პატივისცემის გამომხატველ სიტყვებს - ყველაფერი ზედაპირულია, ქართულად ნათქვამი ერთი სიტყვაც კი სრულად გამოხატავს იმას, რასაც სხვისი ათი სიტყვა დასჭირდება. საქართველოში ცხოვრების დროს რუსეთში ხშირად დავდიოდი და "გენაცვალეო", რომ მეტყოდა ვინმე, სიბრაზისაგან ვცეცხლდებოდი. ისე შემჯავრდა ეს სიტყვა, ქართველის პირიდან გაგონილზეც უშნოდ ავიჯაგრებოდი, არადა რამხელა მადლს და სხვისი ჭირის გათავისების სურვილს იტევს თურმე. თქვენი ენა რაღაცნაირად სევდიანად ჟღერს, როცა სიცილით ლაპარაკობთ, მაშინაც დარდი ისმისო, - მითხრა ერთმა მეგობარმა გერმანელმა. ალბათ ასეცაა, რადგან დარდიც სხვანაირი ვიცით და მისი გამოხატვაც; იმის თქმა მინდა, რომ სიტყვიდან გამოდის ყველაფერი, რასაც ვგრძნობთ. ჩემი ქალიშვილი ჩამოვიდა ამას წინათ და ჟურნალ-გაზეთები ჩამოიტანა. სულაც არ ვთვლი, რომ კარგი მოქართულე ვარ, მაგრამ ერთ სპორტულ ჟურნალში გამოქვეყნებულმა მასალებმა თავზარი დამცა - ვიცი, რომ კლასიკა სხვა რამეა და ჟურნალი ან გაზეთი - სხვა, მაგრამ ამისთანა?.. ასე მგონია, ჩვენი წინაპრები ყოველ სიტყვას აგვირისტებდნენ, ძერწავდნენ, ეფერებოდნენ, მერე ამ ნაფერები სიტყვებით ღმერთს მიმართავდნენ და სამშობლოსა და ქვეყნიერების დღეგრძელობასა და მზეგრძელობას ევედრებოდნენ. აბა, რა გითხრათ, ჩვენს ჭირს იმით ვიკლავთ, რომ აქ დაბადებულ ქართველებს ქართულად ველაპარაკებით და ვალაპარაკებთ, მაგრამ ეზიარებიან კი ისინი იმ ენას, რომელსაც ჩვენი წინაპარი მადლიანს ეძახდა?!

ქალბატონ თამარს ტელეფონით ვესაუბრე, მაგრამ ამას საუბარი, ბაასი არ ერქვა - მე ვდუმდი, ის ლაპარაკობდა... ერთ რამეს მივხვდი: მისთვის ქართული ენა დედაენა, მშობლიური ენა, სამშობლოსთან დამაკავშირებელი ძაფია.
ბეჭდვა
1კ1