მწარედ მახსოვს, ბავშვობაში მეზობელმა როგორ დამაბრალა თავისი ნიშნობის ბეჭდის მოპარვა
მწარედ მახსოვს, ბავშვობაში მეზობელმა როგორ დამაბრალა თავისი ნიშნობის ბეჭდის მოპარვა
ცილისწამების არ გვრცხვენია, თუმცა ბევრჯერ ვერც ვაცნობიერებთ, რომ ცილს ვწამებთ. ასე გვგონია და ბევრჯერ არც ვფიქრობთ, ბოლომდე, ლოგიკური დასკვნებით, მივხვდეთ, სად არის სიმართლე და სად - ღვთის საწყინო საქმე. ბეზღობა ცილისწამებაზე უარესია, ბეზღობა ყოველთვის შეგნებული მოქმედებაა სხვათა გასაფუჭებლად.

გელა (60 წლის): ზოგჯერ შენდა უნებურად დასწამებ ხოლმე ცილს ადამიანს. ამბობენ, უნებლიე ცოდვა ცოდვა არ არისო, მაგრამ არა მგონია, მთლად ასეც იყოს საქმე. ძალიან მწარედ მახსოვს, ბავშვობაში მეზობელმა როგორ დამაბრალა თავისი ნიშნობის ბეჭდის მოპარვა. არადა, მისი არც ფასი ვიცოდი და არც სათამაშოდ გამომადგებოდა. მას შემდეგ კომპლექსივით დამჩემდა, საკუთარ სახლშიც ვერ ვჩერდები, თუ ვინმე არ არის. მაშინ ხომ მასპინძლებმა ბავშვები მარტო დაგვტოვეს და ბეჭედიც გაქრა, თუმცა მალევე იპოვეს იატაკის ღრიჭოში. ცილისწამებას ბევრჯერ მოაქვს სავალალო შედეგი, მაგრამ დაბეზღება უარესია. ასეთი ხასიათი რომ აქვს ადამიანს, პატარაობიდანვე ეტყობა, არადა, ეს არაპირდაპირი სადიზმია. ხომ იმიტომ აბეზღებ, რომ ის ადამიანი გაუბედურდეს - სცემონ, დაიჭირონ ან მეტიც - მოკლან. ყველა შემთხვევაში ამას სავალალო შედეგი მოჰყვება.

თათია (17 წლის): ვერაფრით ვიფიქრებ, რომ, როგორც თქვენ ამბობთ, ცილისწამება, თუნდაც ზოგჯერ, შეუგნებელი იყოს. ათ მცნებაში ხომ ერთ-ერთი ცილისწამების აკრძალვაა და დიდ დანაშაულს სჩადის ის, ვინც სხვას ტყუილად და გაუაზრებლად რაიმეს აბრალებს. ერთი მეზობელი მყავს, თუ არ გაიგო, მოკვდება, ვინ ვისთან მიდის, ვინ ვის აცილებს... არადა, როგორც გავიგე, მთლად სუფთა წარსული არ აქვს. ერთხელ დედაჩემს ისეთი რამ უთხრა, კინაღამ სიცოცხლის ფასად დამიჯდა. მასწავლებლისგან შინ მოვდიოდი, კლასელი შემხვდა მანქანით. წესიერი ბიჭია, კარგად სწავლობს და მშობლები ხანდახან თავიანთ მანქანას ათხოვებენ ხოლმე. ისიც უბანში დადის და ხანდახან კლასელებსაც გაგვასეირნებს იქვე, ახლომახლო. სიხარულით ჩავჯექი და მერე სახლამდე მიმიყვანა. მართლა ძმასავით მიყვარს და ერთმანეთი გადავკოცნეთ, ამ დროს ის ქალბატონიც გამოვიდა თავისი ეზოდან. ცუდად მენიშნა, მაგრამ ამდენსაც არ მოველოდი. ისე გაუგიჟებია დედაჩემი, ჯერ ხომ ცემით კინაღამ მომკლა და მერე გინეკოლოგთან წამიყვანა - ქალიშვილი თუ არისო. ეკლესიაში დავდივარ და მოძღვარსაც გულისყურით ვუსმენ, მაგრამ იმ ქალისადმი სიძულვილი ვერ ამოვირეცხე გულიდან. ასეთი შედეგი აქვს ცილისწამებას...

მაიკო (42 წლის): მშობლებმა ბავშვს უნდა განუმარტონ, რომ სიცრუე არ უნდა თქვას, თორემ ის, რასაც ჩვენ ბეზღობას ვეძახით, შესაძლოა, სულაც არ იყოს დაბეზღება. ყველაფერს ორი მხარე აქვს და ზოგჯერ დადებითად რომ გვეჩვენება, შესაძლოა, მკვეთრად უარყოფითი მოვლენა იყოს. შვილებს ყოველთვის ზნეობრიობიდან გამომდინარე ვზრდიდი, ახლა უფროსი 13 წლისაა და არასოდეს აუწევია ვინმეზე ხელი. ყოველთვის ვაფრთხილებდი, რომ თავისი საქმე თვითონ მოეგვარებინა და ჩემთვის ამბავი არ მოეტანა. ამან კინაღამ სავალალო შედეგი მოიტანა. ვიღაც უფროსკლასელი გადაეკიდა და ხან სად გაიტყუებდა, ხან - სად. ნაცემი და პერანგშემოხეული რომ მოვიდა, მაშინ ვაიძულეთ, სიმართლე ეთქვა, თუმცა არც მაშინ იღებდა ხმას - ენატანიას დამიძახებენო. მართალია, ბეზღობა და ცილისწამება არ ვარგა, მაგრამ აქაც ოქროს შუალედია მოსაძებნი. ყველა არ ზრდის შვილს მართლმადიდებლური სულით, ქრისტეს მცნებებით და ასეთებთან დაპირისპირებული ახალგაზრდა შეიძლება მსხვერპლი შეიქნეს.

სოფიო (49 წლის): ბევრი უსიამოვნება გვხვდება ნებისმიერ ადამიანს და ამას ჩვენ თვითონ ვუწყობთ ხელს. ერთხელ სამსახურში ისეთი რამ მითხრეს, ჭკუიდან კინაღამ გადავედი - აზრადაც არ მომსვლია ასეთი რამ. არადა, ცილისმწამებელი მაბრალებდა, თითქოს უფროსთან დავასმინე და რაც მთავარია, დარწმუნებული იყო თავის სიმართლეში. ყველაფრის განსაზღვრა ძნელია, ზოგჯერ მართლაც იტყვი რაღაცას, შესაძლოა, დაუფიქრებლად და მაბეზღარა გამოდიხარ, მაგრამ თუკი ვინმე შეურაცხგყოფს, თუნდაც სამსახურში, უფროსი საქმის კურსში არ უნდა ჩააყენო? ეს რატომ არის დაბეზღება? აბა, რატომ არსებობს ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციები ან პროფკავშირები? ტყუილი არ უნდა იკადრო, თორემ თუ თავის დასაცავად რაიმე ხერხს მოიშველიებ, სულაც არ არის დასაძრახი.
ბეჭდვა
1კ1