წერილები რედაქციას
წერილები რედაქციას
ეს სიყვარული ცეცხლია
მე მრევლის შედარებით ახალი წევრი გახლავართ და "კარიბჭე" დამატებითი სულიერი საზრდოა ჩემთვის, ამიტომ ყოველი ნომრის გამოსვლა დღესასწაულივით მიხარია.

ბავშვობაში რწმენას არავინ მინერგავდა. გულის სიღრმეში რაღაც მწამდა, თუმცა არ ვიცოდი, რა. როცა წამოვიზარდე, ბიბლიის კითხვა დავიწყე და თუმცა წაკითხულის მთავარი აზრი არ მესმოდა, ღვთის სიტყვამ ჩემს გულში მახვილივით გაიარა. როცა ჭეშმარიტება შემოდის შენს არსებაში, გეჩვენება, რომ მისი დატევა შეუძლებელია. ეს სიყვარულის ცეცხლია, რომელსაც ვერ დამალავ.

ღვთის გზაზე სვლის მოსურნე, რომელიც ცდილობს, ეკლესიური ცხოვრება დაიწყოს, ტაძარში, მოძღვართან მიდის. მეც ასე მოვიქეცი. ვაიძულე საკუთარი თავი, ღვთის მცნებანი საერო ცხოვრებაში უცდომლად დამეცვა. ეკლესიური ცხოვრების დაწყებით კაცი საბოლოოდ ემიჯნება ბოროტს. ახალი აღთქმით უფალი აღგვითქვამს იმ ღირსებისა და პატივის აღდგენას, რომელიც ადამიანმა ცოდვაში ჩავარდნის შედეგად დაკარგა. იესო ქრისტე თავის ერთგულთ ასე მიმართავს: "ვისაც მე ვუყვარვარ, ჩემს მცნებებს დაიცავს, მე და მამა მოვალთ და დავემკვიდრებით მასში". სხვაგან კი უფალი ბრძანებს: "თქვენ მეგობარნი ხართ ჩემნი".

სწორედ ჭეშმარიტებისკენ მიმავალი ვიწრო ბილიკის გაკვლევაში მეხმარება უსათნოესი და უკეთილშობილესი ადამიანი, დეკანოზი დავითი (თოლორაია). ასეთი მოძღვრის ყოლა უფლის დიდი მადლი და წყალობაა. ის მეხმარება სულიერების განმტკიცებაში, ის არის ხიდი ჩემსა და უფალს შორის, რომლის მეშვეობითაც ღვთის მადლი გარდამოედინება ჩემზე. მოძღვარი ფარია, რომელიც მკერდით ეგებება მტრის ისრებს, რათა გადაარჩინოს თავისი სულიერი შვილი.

დღეს ხშირად გაიგონებთ: "ღმერთი მწამს, მოძღვარი კი არაო". თუ გულით ლოცულობ შინ, განა მოძღვრამდე არ მიხვალ?! როდის იყო, ადამიანი წყურვილს წყლის ყურებით იკლავდა? მღვდლის ლოცვით ღმერთი ჩვეულებრივ პურსა და ღვინოს უფლის სისხლად და ხორცად გარდასახავს. მღვდელი ერისთვის ლოცულობს, ჩვენთვის გამოითხოვს წყალობას...

დიდი ბედნიერებაა ჩემთვის ტაძარში სიარული. ის ხომ კარიბჭეა სასუფევლისა და სულიერი გემი, რომლითაც ჩვენ საუკუნო სიცოცხლეში უნდა შევიდეთ. დიდი მადლობა უფალს ყველაფრისათვის!

უწმინდესი ხშირად ამბობს: მწუხარება და სიხარული ტყუპი ძმასავით ერთად დადიანო. მართლაც ასეა წუთისოფელი. უფალი კი ჩვენთან არის განსაცდელის ჟამსაც, რომელიც მისი განგებით მოგვევლინება ხოლმე. ის ტკივილი, რომელსაც მაცხოვარი უშვებს ჩვენზე, ჩვენს გადარჩენას ისახავს მიზნად, მწარეა და მძიმეა, მაგრამ სასარგებლო; მისი წყალობით იკურნება ჩვენი სულიერი სალმობა. ხორციელი ტკივილი სულიერისგან გვკურნავს; სწორედ ამ ტკივილის დათმენას მოჰყვება შვება და სიხარული.

ამბა დოროთე ამბობს: "ტანჯვა უფლის მოწყალებას ისე მოიზიდავს, როგორც ქარი - წვიმას და როგორც ხშირი წვიმა ალპობს ხის ჯერ კიდევ უსუსურ ნაყოფს, ხოლო ჭირი? და ღმერთთან აერთებს".

ბავშობაში არ მიყვარდა აღსარებისა და ზიარების რიტუალი, რადგან არ მესმოდა მათი არსი. მადლობა უფალს, გამინათა გონება და შემამეცნებინა, რომ ზიარებისა და აღსარების გარეშე სიყვარული, მადლიერება, სინანული და ცხონება შეუძლებელია. ზიარების დროს ხომ ჩვენში უფალი შემოდის საკურნებელად სულისა და ხორცისა. ჩვენ მისი ჭურჭელი ვხდებით. მთავარია, როგორ შევინარჩუნებთ მას.

ჩვენ ხშირად ვკამათობთ იმაზე, თუ რა გადაარჩენს საქართველოს ან გადარჩება თუ არა საერთოდ... ეს მხოლოდ რწმენით არის შესაძლებელი. ქართველი ოფიციალურად ხუთი მილიონია, მაგრამ აქედან რამდენი ცხოვრობს საქართველოში? რამდენს აქვს საშუალება, ქართულ მიწაზე, ქართული ცის ქვეშ მოისმინოს წირვა-ლოცვა, ილოცოს საქართველოს გაერთიანებისა და კეთილდღეობისთვის? უცხოეთში გადახვეწილნი მრავლისათვის ზრუნავენ და შფოთავენ... როცა უჭირს ქვეყანას, განა მაშინ არ უნდა დაუდგე გვერდით? განა მაშინ არ უნდა იღვაწო ჭირთა თმენით, რათა კვლავ ფეხზე წამოაყენო? ქვეყნისთვის ხომ ყველაზე დიდი სიმდიდრე ადამიანებია, მკურნალი ხომ ავადმყოფს სჭირდება და არა ჯანმრთელს! მხოლოდ ისეთი სიმდიდრე უნდა მოვიპოვოთ, რომელსაც ვერც ქურდი მოგვპარავს და ვერც მატლი შეგვიჭამს; პირველად ვეძიოთ ცათა სასუფეველი და მერე ყოველი შეგვეძინება, აღარ ვიზრუნებთ იმისთვის, რა ვჭამოთ, რა ვსვათ და რით შევიმოსოთ.

ნეტავ ოდესმე თუ მოშუშდება ქართველთა, ოსთა, აფხაზთა იარები? მხოლოდ მაშინ, თუ ერთად დავდგებით და ვილოცებთ საქართველოს გაძლიერებისა და გამთლიანებისთვის. დაე, გადააფაროს დედა ღვთისამ საქართველოს თავისი მოწყალე კალთა და ვერავინ შეეხოს მას უდიერად უკუნითი უკუნისამდე, ამინ!

გოგიტა გიორგაძე
სოფ. გორმაღალი
ბეჭდვა
1კ1