"შენგნით მაქვს, მივცე გონება"
"შენგნით მაქვს, მივცე გონება"
ჩემი იდეალი ყაზბეგის ელეონორა იყო და მასავით ვიქცეოდი
ხიბლი ყველას გვჭირს. საკუთარი ჭკუით, გვარიშვილობით, ღვთისმოსაობითაც კი მოხიბვლა ცოდვა და ღვთის გარეგანი საქმე ყოფილა. და მაინც, ვერ შეგვიმეცნებია, რომ ყველაფერი - ნიჭიც, სილამაზეც, სიმდიდრეც ღვთისგან გვეძლევა და არასოდეს ვამბობთ რუსთაველის მსგავსად: "შენგნით მაქვს, მივცე გონება".

ირინა (38 წლის): - არასოდეს მიფიქრია, რომ ის, რაც მქონდა, ღვთისგან იყო. ძალიან მომწონდა თავი სკოლაში - ხუთოსანი ვიყავი, ლამაზი, მდიდარი და გავლენიანი მშობლების ერთადერთი შვილი. ჩვენ ყვარლიდან ვართ, მაგრამ მშობლებმა, ინსტიტუტში რომ ჩავაბარე, თბილისში ბინა იყიდეს და ხან ჩემთან იყვნენ, ხან ყვარელში. იმათაც ეამაყებოდათ ჩემი სილამაზე და ჭკუა-გონება. ბევრს ვუყვარდი, მაგრამ მე არავინ მომწონდა - ჩემი ტოლი არავინ მეგონა, თუმცა პაემანზე სიარული და მათი ტანჯვა-წამება მახალისებდა. ჩემი იდეალი ყაზბეგის ელეონორა იყო და მასავით ვიქცეოდი. განსაკუთრებით ამოვიჩემე ჩემი ყვარლელი მეზობელი და თანაკლასელი. იმედს არ ვუკარგავდი და ამასაც განგებ ჩავდიოდი. ბოლოს საქმე იქამდე მივიდა, თვითმკვლელობა სცადა, ძლივს გადაარჩინეს. მამა კარგა ხნის წინ გარდაეცვალა და დედა და ბებია ზრდიდნენ. გამწარებულმა ბებიამისმა დამწყევლა, შენ არ გეღირსოს ბედ-იღბალი, ისე ჩამოჩამიჩდი და გაწვალდი, როგორც ჩემი ობოლი გააწვალეო. მეხივით მეცა ეს სიტყვები და დამაფიქრა. ვიცოდი, რომ ცოლად არ გავყვებოდი, მაგრამ პატიება ვთხოვე და მეგობრობა შევთავაზე. ახლოს არ გამიკარა. მალე ჩვენი სკოლელი გოგონა შეირთო და ძალიან ბედნიერია, მე კი ჩემმა და მშობლების თავმოწონებამ დღემდე გაუთხოვარი დამტოვა. მეტიც, იმ ამბის შემდეგ არავინ მეკარებოდა და ირგვლივმყოფებისგანაც სიძულვილს ვგრძნობდი.

თათია (25 წლის): - მორწმუნე მშობლებისა და პაპა-ბებიების გაზრდილი ვარ. ჩვენ 5 და-ძმა ვართ და სიღარიბე ჩვენი თანამდევი იყო. მამა თავდადებით მუშაობდა, მაგრამ ამხელა ოჯახის მოვლა-პატრონობა იოლი ხომ არ არის. სულ სხვისი გამონაცვალი გვეცვა. ეკლესია და მრევლი გვეხმარებოდა. მიცვალებულთა ხსენების დღეებში მამაჩემს და ჩვენ საჭმელი მოგვქონდა, დედა ახარისხებდა, ინახავდა და იმით ორი-სამი დღე ვსაზრდოობდით. ყოველ შაბათ-კვირას და დღესასწაულებზე ტაძარში ვიყავით, თავიდან არა, მაგრამ მერე და მერე ამით სიამაყე დამეტყო. მამა მარიგებდა, - ამით თავმოწონება არ არის კარგი საქციელიო. როგორც ჩანს, მატყობდა. რომ წამოვიზარდე, მივხვდი, რომ სხვების დასანახად უფრო გულმოდგინედ ვლოცულობდი, ერთი სიტყვით, ხიბლში ჩავვარდი. ძალიან შევშინდი.

გიგა (33 წლის): - ზოგჯერ ადამიანებს შემოგვეპარება ხოლმე თავმოწონება. მე რომ ეს ძალზე იოლად დამემართებოდა, რა გასაკვირია. კარგ სამსახურში მოვეწყვე სრულიად შემთხვევით და ფული გამიჩნდა, თუმცა ჩვენი ოჯახი არაერთხელ ჩავარდნილა გაჭირვებაში. მამაჩემსაც წამოვაძახე რამდენჯერმე, - შენ რომ გიშოვია, იმას ერთ დღეში ვშოულობ-მეთქი. ახლა არ მიკვირს, რომ უფალი ყველას არ აძლევს ერთნაირად... დღედაღამ ფულზე ვფიქრობდი: ვანგარიშობდი, ვაგროვებდი, ვყიდულობდი... ჩემს ფიქრებში არასოდეს ყოფილა გაჭირვებული - ნათესავი და უცხო, მით უფრო. სულ დამავიწყდა, რომ ჩვენს ოჯახს ხშირად დახმარებიან ნათესავები და ახლობლები. ერთხელ ძმაკაცმა ფული მთხოვა, - დედაჩემია შეუძლოდ, ხელფასამდე არ დამრჩა საკმარისი თანხა და იქნებ მასესხოო. ათასი რამ მოვიმიზეზე და უარი ვუთხარი. თუმცა სტუდენტობისას მამამისს ბევრჯერ გამოუწვდია ხელი და თვითონაც ლუკმას არ ჩაიდებდა პირში, რომ ჩემთვის არ ეწილადებინა. შეძლებული ოჯახის შვილი იყო და არაფერს აკლებდნენ, თუმცა არ გაზულუქებულა, მე კი სავალალო მდგომარეობაში აღმოვჩნდი. ერთი შემომხედა და უხმოდ გამეცალა. არ გასულა დიდი ხანი და სამსახური დავკარგე. ახლა ვხვდები, თორემ მაშინ თვალაბმული ვიყავი, რომ იქაც თავს ვამეტებდი ყველას. ერთი-ორი თვე კი შევინახე თავი და მერე მამაჩემის კისერზე დავჯექი. მამას არაფერი უთქვამს, მაპატია, იმ ძმაკაცმაც დამირეკა, მე რომ ცივი უარით გავისტუმრე, ერთ სისტემაში ვმუშაობდით და გაიგო ჩემი ამბავი. მერე მოვიდა და თავისი ხელფასის ნახევარი დადო მაგიდაზე, - როცა გექნება, დამიბრუნეო. ვიცი, უფალმა გამომცადა და ჩავიჭერი.
ბეჭდვა
1კ1