"ქრისტე აღსდგაო", რომ იტყვის მოძღვარი, ასე მგონია, ყველა ჩემი მიცვალებული გაცოცხლდა
"ქრისტე აღსდგაო", რომ იტყვის მოძღვარი, ასე მგონია, ყველა ჩემი მიცვალებული გაცოცხლდა
ღმერთთან სიახლოვე რომ შეიგრძნო, ბევრი რამ უნდა დათმო - პატივმოყვარეობა, სიზარმაცე, უდებება... ურწმუნოთათვის ძნელად გასაგებია, რატომ არის ერთი სამი და სამი - ერთი, მაგრამ მორწმუნე ამას ისე შეიგრძნობს, ფიქრი არ სჭირდება. არც ჩაღრმავებაა საჭირო, რადგან ჩვენი სარწმუნოების ქვაკუთხედი სამების ურთიერთობაა და აბა, ქვაკუთხედი როგორ უნდა მოშალო...

ოთარი (63 წლის): - საქართველოში სამების სახელზე უამრავი ტაძარია, აქედან გამომდინარე, ცხადი ხდება, რომ ქართველმა კაცმა ეს დოგმა თავიდანვე შეისისხლხორცა. ეს მისთვის ჰიპოსტასები, ანუ შემადგენელი ნაწილები კი არ იყო მხოლოდ, არამედ ერთი ღმერთი. ერთი მაჰმადიანი მეზობელი მყავს. უყვარს რელიგიაზე საუბარი და ხანდახან ჩამეძიება ხოლმე, ეს რატომ არის ასეო. რის საშუალებაც მაქვს და რაც ვიცი, დაუზარებლად ვუხსნი. შესაძლოა, არც მაქვს ამის უფლება, მაგრამ უყურადღებოდ არ მინდა დავტოვო. ერთხელ სამების არსზეც მკითხა. ვერაფრით დავაჯერე ის, რაც ჩემთვის სავსებით ბუნებრივი და მისაღები იყო. ალბათ, მართლმადიდებლებში კოდირებულია ეს განცდა და ჩხრეკა არაფრის გვჭირდება.

ფოტინე (58 წლის): - ყველა ქრისტიანული დღესასწაული ჩემთვის ერთნაირად სანუკვარია. ეკლესიაში, წირვაზე რომ ვდგავარ, თითქოს სხვა ადამიანად ვიქცევი, თითქოს ღმერთთან მიდის ჩემი სული და უკან მობრუნება არ მინდა. ახალს ვერაფერს ვიტყვი იმით, რომ აღდგომა განსაკუთრებით მიყვარს. "ქრისტე აღსდგაო", რომ იტყვის მოძღვარი, ასე მგონია, ყველა ჩემი მიცვალებული გაცოცხლდა და ჩემთან ერთად სიხარულით ეგებება ამ საოცარ მისტერიას. ასეცაა, მაგრამ მაშინ მათ ვხედავ და შევიგრნობ, რომ სიკვდილი ვერ ერევა ადამიანს, თუ იგი ქრისტესთან თანამყოფობაშია. სამებობაც ხომ ასეთივე უდიდესი დღესასწაულია. თავიდან ამას მთლად სისხლხორცეულად ვერ შევიგრძნობდი, მაგრამ რწმენა ყველა ბარიერს გადაგალახინებს და ახლა ამ დღესასწაულს ისე ვეგებები, როგორც უფლის შობას და აღდგომას.

გიორგი (28 წლის): - მამაჩემი ხულოს რაიონიდანაა. 7 შვილი ვყავართ და შვიდივე მოუნათლავი ვიყავით. თვითონ მუსლიმანურად იყო მონათლული. მერე თბილისში ჩამოვიდა და ჟურნალისტიკაზე ჩააბარა. დედა კახელია, მაგრამ ქმრის ხათრით ჩვენს მონათვლას ვერ ბედავდა. მამას უთქვამს, მიჭირს გარკვევა, სად არის სიმართლე და მაცადეო. ჩემი უფროსი ძმა თვითონ მოინათლა. მამას არაფერი უთქვამს. ეს სიჩუმე ისე მივიღეთ, რომ უკვე გაერკვა და მიხვდა, რომ ქრისტეს ნათელი უნდა შემოსულიყო ჩვენს ოჯახში. უფროსს დანარჩენებიც ნელ-ნელა მივყევით, მერე დებმაც დაიწყეს ეკლესიაში სიარული და მათაც გაბედეს ქრისტეს სჯულზე მოქცევა. ხულოში რომ ავდიოდით ბებია-ბაბუასთან, გვიჭირდა ამაზე ლაპარაკი. ის კი გვიკვირდა, რომ თურქები დიდად არ ეხატებოდათ გულზე - მაგინი ჩვენი დაუძინებელი მტრები არიენო, მაგრამ მათ ადათს კი მისდევდნენ. ასეთი შეუსაბამობა ბევრი გვინახავს, მაგრამ როცა საქართველოში იბადები, ამ ღვთივკურთხეულ ქვეყანაში, კი უნდა გაიაზრო, რატომ უნდა იყო ქრისტიანი, სამების მადიდებელი და არა სხვა რჯულის.

გიორგი (30 წლის): - დედაჩემი მორწმუნეა და არც ჩვენ გვაკლდა ეკლესიაში სიარული. ერთი კია და ეს ჩემს თავს შევამჩნიე უპირველესად - შეიძლება მორწმუნე იყო, უფალი გიყვარდეს და გწამდეს, მაგრამ ახალგაზრდობის თუ სხვა რამის გამო ეკლესიაში სიარულს თავს არიდებდე. ასე ვიყავი მეც. ბევრჯერ შემემთხვა განსაცდელი და ყოველთვის, როცა უფალს გულით შევთხოვდი ჩემსავე სახლში ხატებთან, ყველაფერს დავძლევდი ხოლმე. ადამიანს გონება აქვს და რაღაც-რაღაცებს ხვდება, მეც მიმახვედრა უფალმა და მარხვაც დავიცავი და ვეზიარე კიდეც არაერთხელ. ახლა ეკლესიურად ვცხოვრობ და არა მგონია, ამაზე უკეთესი რამე იყოს. ჩემი თავი უნებისყოფო რომ მეგონა, ვთქვათ, ვფიქრობდი, ვერასოდეს შევძლებ მარხვას, ლოცვას-მეთქი, უფალმა მომახვედრა, რომ შეუძლებელი არაფერია. მაქვს მავნე ჩვევებიც, მაგრამ მაქვს იმედიც, რომ ისევ უფალი შემაძლებინებს, ნელ-ნელა ვაქციო ზურგი იმას, რაც უფლისთვის და კაცთათვისაც მიუღებელია.
ბეჭდვა
1კ1