ღმერთი უნდა გიყვარდეს და სიცოცხლის არ გრცხვენოდეს
ღმერთი უნდა გიყვარდეს და სიცოცხლის არ გრცხვენოდეს
ხშირად ვფიქრობთ, რომ ჭეშმარიტი სიხარული ამქვეყნიური ცხოვრებით ტკბობას მოაქვს - ფულს, სიმდიდრეს. არადა ამასთან ერთად სულის წვრთნაცაა საჭირო, მუდმივი კონტროლი, რათა ისე არ გაგიტაცოს, მარადიული ცხოვრება და უკვდავება დაგავიწყოს.

ნინო (40 წლის): - ვიმიზეზებთ, ასე გავიზარდე და ეს ჩვევა ჩამომიყალიბდა, ამიტომაც მიჭირს ბოლომდე გააზრება კი არა, თუნდაც ზოგიერთ წვრილმანზე უარის თქმაო. სიმდიდრე ცუდი არ არის, პატრიარქიც ბრძანებს, სიღარიბეს არ უნდა შეეჩვიოს ადამიანი და მართალია, როცა ჩემს თანამემაულეებს ნაგვის ურნაში ჩაყუდებულებს ვუყურებ, გული მიკვდება. დახმარებაც ყველას არ შეუძლია, რადგან შვილების გამოსაკვები ფულიც არ გვაქვს უმრავლესობას. ბევრჯერ მინახავს დედაჩემი სასოწარკვეთილი, საკურთხის გაკეთების საშუალება არ მაქვს და მიცვალეულები ისე მრჩებაო და დახმარებაც არ შემძლებია. ძნელად წარმომიდგენია, რომ ასეთ ადამიანებს მაღალ მატერიებზე ფიქრის ან თავი ჰქონდეთ, ან შეძლება. ასეთ დროს ჩვენი თავშესაფარი ეკლესიაა, მაგრამ ასე კი არ უნდა იყოს, ღმერთი უნდა გიყვარდეს და შენი ცხოვრების, თუნდაც სიცოცხლის არ გრცხვენოდეს. რამდენი ადამიანია, სიკვდილს რომ ნატრობს და არც ეს მგონია მთლად ღვთიური. თუმცა არც ვამტყუნებ, კაცი პატრონი რომ არ გეგულება, სასოწარკვეთილი რომ ხარ და ხვალინდელი დღეც არ გეიმედება, აბა, ეს არის ამქვეყნიური სიხარული? უფალმა ეს ქვეყანა ყველასთვის შექმნა და არა ზოგიერთისთვის, მათ კი სიხარულის უფლება წაგვართვეს. სხვა რამის თქმა მინდოდა და სხვა რამეს შევყევი. ჩვევები ყველას გვაქვს და არცთუ სასარგებლო - ამ ქვეყნისთვის ან იმ ქვეყნისთვის გამოსადეგი, მაგრამ სიხარბე ცუდი ჩვევაა და თუ უფალმა სხვებზე მეტად დაგაჯილდოვა, ხელი გამოიღე და სხვისთვისაც გაისარჯე. სხვის გაჭირვებაზე თვალს რომ არ დახუჭავ, იმქვეყნიური ცხოვრებითაც გაიხარებ.

ოთარი (63 წლის): - ამქვეყნიური ბედნიერება და სიხარული ბევრი ფული, ბევრი საჭმელ-სასმელი გვგონია, ადამიანის ფაქტორი კი გამორიცხულია. გული მწყდება, ჩვენი ქალები ერთ და, ჰა და ჰა, ორ შვილზე მეტს არ აჩენენ. ცხრა დედმამიშვილი ვიყავით და ზოგჯერ მჭადიც გვიჭირდა, მაგრამ ერთმანეთი გვიყვარდა, ერთმანეთს ვზრდიდით და არასოდეს გაგვივლია ფიქრად, ამდენი რომ არ ვიყოთ, მე უკეთესად ვიქნებოდიო. ჩემს ქალიშვილს ორი შვილი ჰყავს. მე ცოლი ადრე გარდამეცვალა, მაგრამ 4 შვილი დამიტოვა. სხვა ქალი არ შევირთე - ძნელია, შენი ოთხი შვილი სხვას აჰკიდო. ჰოდა, ერთხელ ბადიშების სანახავად მივედი და ჩემი შვილი წინ გადამიდგა, სძინავთ და გაეღვიძებათ, არ შეხვიდეო. აქედან სიძემ შემომჭყივლა, - დაღლილები არიანო. რამ დაღალა 16-17 წლის გოგო-ბიჭები-მეთქი. ამათაც თავიანთი სანერვიულო აქვთო. ასე ეგოისტებად ვზრდით და მერე გვტკივა იმათგან ნაკრავი ჭიტლაყი. აბა, ის არის საქმე, მესამე და მეოთხე შვილს რომ არ გააჩენ, ის ორი დამეჩაგრებაო? სიხარული რომ არ გვაქვს და ვერ ვხარობთ, ჩვენი ბრალია. ამის გამკეთებელი დედ-მამა ვერც იმ სოფლად გაიხარებს. უშვილობა დიდი ცოდვის შედეგად ითვლებოდა და ღმერთი შვილს და სამოძიროს გაძლევს და არ გინდა?!

ციური (63 წლის): - ამქვეყნიური სიხარული კარგი შვილები, ჯანმრთელი ოჯახის წევრებია. 90 წლის დედა მყავს და ისე უხარია დილის გათენება, იფიქრებ, თითქოს სადმე მიეჩქარებოდეს. სიმდიდრე და მოჭარბებული ქონებ-ყოლება არასოდეს გვქონია, ღმერთმა ჯანის სიმდიდრით დაგვაჯილდოვა და კიდევ - რწმენით, რომ უფალი არ გაგვწირავს. ფრთხილად "ვცხოვრობთ" და ვირჯებით. მთლად ზუსტად ვერ გამოვთქვი სათქმელი, მაგრამ მთავარია, რომ გასაგებია. ვფიქრობთ, რომ ერთმანეთს არ ვაწყენინოთ, არავინ გავკიცხოთ, ვინმეს გული არ ვატკინოთ. ერთი ძმა გარდაცვლილი მყავს და ვატყობ, დედაჩემს იქ წასვლაც უხარია. ხანდახან იტყვის ხოლმე, ყოველი დღე ჩემს ბიჭთან მაახლოებსო. სიკვდილის შიშს ვერავინ თრგუნავს, მაგრამ თუკი ამქვეყნიურ ცხოვრებას იმ ქვეყნისკენ სწრაფვას შევუთავსებთ, თუკი ღვთისთვის მისაღებად და სათნოდ ვიცხოვრებთ, სასოება და იმედი არ გაგვშორდება.
ბეჭდვა
1კ1