ეს სულის ზეიმია და არა ხორცის
ეს სულის ზეიმია და არა ხორცის
წარმოუდგენელია, როგორ არსებობდა კაცობრიობა აღდგომის მადლის გარეშე. ეს დღე სხვაგვარად თენდება, საყოველთაო სიხარულია მორწმუნეთა შორის , თუმცა საქართველოში ცოტაა ადამიანი, რომელმაც არ იცოდეს ამ დღის მნიშვნელობა.

ირინა (72 წლის): - ბავშვობიდან აღდგომასთან დაკავშირებით ერთი რამ განსაკუთრებით დამამახსოვრდა და მინდა, ბებიაჩემს მივბაძო სააღდგომო სუფრის მზადებისას. ვნების კვირაში თავისი ხელით ჩამოქნიდა სანთლებს, შვილიშვილების სახელზე ჩვენ-ჩვენს სიგრძეს. აბა, მაშინ სად იყიდდი ან სანთელს, ან საკმეველს. ისე, საკმეველი სულ ჰქონდა. აღდგომას უთენია დგებოდა, თავზე ქათქათა მანდილს წაიკრავდა და კვერების ცხობას იწყებდა, მერე ზალაში მაგიდას ქათქათა სუფრას გადააფარებდა, გააწყობდა, სანთლებს დაანთებდა, მაგიდაზე საკმეველს პატარა თეფშით დადგამდა, კეცზე ნაკვერცხლებს დაყრიდა და მერე ყველას "ჩაგვაკმევინებდა". ამის შემდეგ მივდიოდით სასაფლაოზე, ჩვენ კი დაგვხვდებონენ რაიკომის და აღმასკომის წარმომადგენლები, მაგრამ უფროსებს ბევრს ვერაფერს უბედავდნენ, მით უფრო ბებიაჩემს, ოთარაანთ ქვრივივით პირგამეხებული რომ მიაბიჯებდა დიდი კალათით ხელში. მაშინ სასაფლაოზე ხდებოდა ის, რაც დღეს ეკლესიაში ხდება. საყოველთაო სიხარული იგრძნობოდა, ერთმანეთს ულოცავდნენ, საფლავებზე კვერცხებს აგორებდნენ და ამით მიცვალებულებსაც ულოცავდნენ ბრწყინვალე დღესასწაულის დადგომას.

ციური (57 წლის): - აღდგომა ჩემთვის და ყველა მორწმუნისთვის განსაკუთრებული დღესასწაულია. უფლის აღდგომა აღვივებს რწმენას, რომ სიკვდილის შემდეგ ლეშად კი არ იქცევი, სული ამაღლდება და ზეცას მიაშურებს, მერე კი, როგორც "მრწამსშია", მკვდრეთით აღვდგებით. თუმცა მინდა ისიც ვთქვა, რომ ამ დღესასწაულს გადამეტებული ნაყროვანებით ვხვდებით. კი ბატონო, სუფრაც უნდა გაიშალოს, ღვინოც უნდა დაილიოს და საზეიმო განწყობაც იყოს, მაგრამ ღრეობად არ უნდა იქცეს. ეს სულის ზეიმია და არა ხორცის.

დავითი (28 წლის): - ხშირად ადამიანები ამპარტავნობაში თავით გადავეშვებით ხოლმე. მეზვერისა და ფარისევლის იგავი არცთუ იშვიათად შემახსენებს თავს არა მარტო სხვათა, ჩემი საქციელის გამოც. ამას წინათ ეკლესიაში შვიდგზის ზეთისცხებას ვესწრებოდი. ქალი შემოვიდა, ლოთობისგან სახე დასივებული ჰქონდა, იმწუთასაც მთვრალი იყო და მოწყალება ითხოვა. ხან ერთთან მივიდა, ხან მეორესთან, უფრო მამაკაცებს ირჩევდა, როგორც ჩანს, ქალებისგან თანაგრძნობას არც ელოდა. ჩანდა კიდეც, რომ ქალები ზიზღით უყურებდნენ. მერე დაიჩოქა, ტიროდა და გულში მჯიღს იცემდა. ისეთი გულწრფელი სინანული და, მიუხედავად მისი მძიმე ცხოვრებისა, მსასოებელი დავინახე, თვალები ცრემლით ამევსო. აღდგომას ყველა ერთნაირად ველოდებით, ის ქალბატონიც. ისე, ვაჟას თქმის არ იყოს, არავინ იცის, "ვინ ახლოს ვდგევართ ღმერთთანა".

გიორგი (62 წლის): - აღდგომის უდიდეს მადლს როგორ შევადარებ, მაგრამ ადამიანში გამუდმებით მეორდება დაცემისა და აღდგომის მისტერია. ცოდვით დაცემას თუ აღდგომა მოჰყვება, გამოდის, რომ ადამიანმა სინანულის გზა გაიარა, ეს კი ცხონებისკენ მიმავალი გზაა. ადამიანი შეუბრალებელია, ზოგიერთი არაფრით გაპატიებს უნებურ შეცოდებასაც კი, არადა მიტევების უნარი სინანულზე ნაკლები როდია. ჩემს თავზე ვიტყვი, აბა, სხვას როგორ განვიკითხავ - ბევრი შეურაცხყოფა მოვითმინე ერთი მეგობრისგან, მაგრამ ბოლოს ისე ამომასხა, ლამის ხელით შევეხე. ეტყობა, უფალი მცდიდა და ვერ ჩავაბარე გამოცდა. ახლა აღარც ვესალმები. ვერ ვითვალთმაქცებ - არ მაქვს სურვილი და არც პატიება შემიძლია, თუმცა ცუდს არ ვუსურვებ. ასეა და ტყუილის თქმას ხომ მაინც სიმართლე სჯობს. ალბათ, უფალი შემაძლებინებს დავძლიო ამპარტავნება და სულიერი აღდგომის გზას შევუდგე.

მარიამი (10 წლის): - ძალიან მიყვარს აღდგომა. ბებო კვერცხებს ღებავს, დედა და მამა მარხულობენ, მე - არა და რომ შეღებავენ, იმწუთას მომინდება ჭამა, მაგრამ ნებას არ მაძლევენ. ძალიან მიყვარს ამ დღეს თანატოლებთან თამაში და კვერცხის დაჭახუნება. ეკლესიაშიც მივდივართ, ყველა ერთმანეთს ასე ვესალმებით: "ქრისტე აღსდგა", შენ უნდა უპასუხო "ჭეშმარიტად!" ყველა გახარებულია. ის გალობაც მიყვარს: "ქრისტე აღსდგა მკვდრეთით..." ჩაწერილი მაქვს და ჩემს მამიდაშვილებს ვასმენინებ ამერიკაში. ისინი დიდები არიან და ამ სიმღერაზე ტირიან. მე ვეუბნები, რომ ამ დღეს ტირილი არ შეიძლება.
ბეჭდვა
1კ1