ლამის მე გავიქცე შინიდან და სხვისი შვილის ცოდვა როგორ დავიდო?!
ლამის მე გავიქცე შინიდან და სხვისი შვილის ცოდვა როგორ დავიდო?!
ათასგვარი ნაკლი გვაქვს ადამიანებს, მაგრამ მათ შორის უარესი ამპარტავნება და მისგან შობილი მრისხანებაა. უფლის სიტყვა, როდესაც მარჯვენა ყვრიმალსა ზედა გცემდნენ, მარცხენა მიუშვირეო, მეტად არასწორად გვესმის და ალბათ, ესეცაა ერთი მიზეზი Gვენი უბედობისა, რაც მოთმინებით დაიძლევა, მრისხანება აღვივებს და განსაცდელიც არ აყოვნებს.

კახა (35 წლის): - საკუთარი თავის მართვა და ნერვების მოთოკვა რომ არ შეგიძლია, იქ უფლის სიყვარულზე ლაპარაკი მთავრდება. ძალზე მშვიდ და მოსიყვარულე ოჯახში გავიზარდე, არასოდეს მინახავს ჩემი დედ-მამის ჩხუბი. ოჯახში ყოველთვის არის სადავო, მაგრამ ისინი ამას მშვიდად და კეთილგონივრულად აგვარებდნენ. მე ბავშვობიდან ჭინჭყლი ვიყავი, უბრალო რამე ისე მაღიზიანებდა და მთრგუნავდა, მთელი ღამე ვერ ვიძინებდი. ყოველ ნათქვამს გონებაში ვატრიალებდი და ცეცხლი მეკიდებოდა. მერე იმაზე ვფიქრობდი, როგორ გადამეხადა სამაგიერო მწყენებლისთვის. ერთხელაც მეზობლის ბიჭს ისე ვცემე, საავადმყოფოში წაიყვანეს. ძალზე კეთილშობილი მშობლები ჰყავდა და ჩემი მშობლები გააფრთხილეს, საავადმყოფომ პოლიციას აცნობა და ბავშვი გადამალეთო. მამაჩემი გაგიჟდა, - სად გადავმალოთ, დააშავა და პასუხი აგოსო. ვაგე კიდევაც. მაგრამ მაინც დამინდეს. ვერ ვიტყვი, რომ ამის შემდეგ მალევე გამოვსწორდი. ოჯახიც რომ ამ მიზეზით დამენგრა, მივხვდი ჩემი ფახიფუხი სიკეთეს არ მოიტანდა და შევეცადე, ნირი მეცვალა. ცოლ-შვილს პატიება ვთხოვე და შევრიგდით. ძალზე ვემადლიერები მეუღლეს, მორწმუნე და ეკლესიურია და მეც მიმიყვანა მოძღვართან. ვფიქრობ, საკუთარ თავთან მოგებული ბრძოლა ყველაზე დიდი გამარჯვებაა.

ნელი (60 წლის): - ერთი შეხედვით ხომ წყნარი და მშვიდი ვარ, - შეიძლება ითქვას, ასეც არის, - მაგრამ თუ გავბრაზდი, გონება მეთიშება. დიდი ხანია ეკლესიურად ვცხოვრობ, მრავალგვარ ვნებას ვძლიე, მაგრამ ამას ვერაფერი მოვუხერხე. მიზეზი, რასაკვირველია, არის, უმიზეზოდ არაფერი ხდება, მაგრამ ბრალეულობა საკუთარ თავში უნდა ეძიო. მეუღლე სვამს, თან გულით ავადმყოფია და მის ხელში რომ ჭიქას დავინახავ ან მთვრალი მოვა, კანკალს ვიწყებ, ჩემს უკმეხ ლაპარაკს ვერც ის იტანს და ხელჩართული ბრძოლა იწყება. ეს შვილებზეც მოქმედებს. ვაჟი ახლა 35 წლისაა და ცოლს არ ირთავს. მიზეზი რომ ვკითხე, მიპასუხა, თქვენს ხელში ლამის მე გავიქცე შინიდან და სხვისი შვილის ცოდვა როგორ დავიდოო.

მარინა (59 წლის): - სიმშვიდე კეთილგონიერს გხდის. მრისხანება და ავის დამახსოვრება უფალთან გაშორებს. უფლის ცხოვრებას თუ გავიხსენებთ, დავინახავთ, რაოდენი მოთმინებით იტანდა იგი ადამიანთა ბოროტებას. პირადად ჩემი ცხოვრება ერთმა შემთხვევამ დაამახინჯა: მერვე თუ მეცხრე კლასში ვიყავი, მასწავლებელმა რომ გაკვეთილის არცოდნაში გამომიჭირა. საერთოდ ძალიან კარგად ვსწავლობდი. მონდომებით ვიზუთხავდი ყველა ქიმიურ ფორმულასაც, მაგრამ ამ საგანს ვერაფერი გავუგე. ამხელა გოგოს ყურებში და თმაში მწვდა და გარეთ გამათრია. იმ დღის შემდეგ სკოლაში არ მივსულვარ და მშობლები იძულებული შეიქნენ, ფეხსაცმლის ფაბრიკაში მუშად მოვეწყვე. ასე დავრჩი უსწავლელი და ვერ ვიტყვი, რომ იმ მასწავლებელს დიდი სიყვარულით ვიგონებ. ბოროტება ხშირად ბოროტებას შობს და მისადმი სიბრაზე ახლაც წამეკიდება ხოლმე, თუმცა ვცდილობ, დავივიწყო. იმ ფაბრიკაში თავი გამოვიჩინე და ოსტატიც გავხდი. როცა ჩემთან შეგირდი მოჰყავდათ, ვცდილობდი, ზედმეტი არაფერი მეთქვა - მოზარდი ხომ მგრძნობიარეა და ვინ იცის, რას მოიტანდა, ვთქვათ, ჩემი თავშეუკავებლობა.

დავითი (39 წლის): - ერთი მეგობარი მყავდა და ახლაც მყავს, რადგან უმისოდ ბევრი რამ დამაკლდება. მე მეტად ცელქი და აბეზარი ვიყავი, ის - მშვიდი და მიმტევებელი. დათვივით იყო - დიდი და ღონიერი; მე კი გაჩხინკული, უსუსური, მაგრამ მაინც არ ვასვენებდი. ძალზე რომ მოვაბეზრებდი თავს, მეტყოდა, ვიცი, რაც გეკუთვნის, მაგრამ მეცოდებიო და მეორე წუთს არ ახსოვდა წყენა. ახლაც ასეთია, ვინმე რომ აწყენინებს, იტყვის, მაგას თავისი გაჭირვება ეყოფაო. ერთხელ ვკითხე, რატომ არ იმახსოვრებ წყენას-მეთქი და ისეთი რამ მითხრა, უნდა გამცინებოდა, მაგრამ შეცბუნებულს ამის უნარიც წამერთვა - ერთხელ ვცადე და ძალიან გავწვალდიო. მე კი მიჭირს ცუდის დავიწყება-მეთქი. ჰოდა, საცოდავი ხარო!
ბეჭდვა
1კ1