იქ ყველას დახმარება და მიტევება სჭირდება და ყველაფერი მიმიტევებია, ოღონდ ჩემი ლოცვა შეეწიოთ
იქ ყველას დახმარება და მიტევება სჭირდება და ყველაფერი მიმიტევებია, ოღონდ ჩემი ლოცვა შეეწიოთ
ცოცხალი და ძლიერი ადამიანი - კაცი თუ ქალი - ნაკლებად ფიქრობს სიკვდილზე, მეტიც, ძალზე ცოტას სჯერა, უფრო სწორად, თითქმის ვერავის წარმოუდგენია თავი მკვდრად. არადა, ეკლესიის მამები სწორედ ამაში ხედავენ განწმენდის ერთ-ერთ გზას და გვთხოვენ კიდეც, თვალნათლივ დავინახოთ საკუთარი სიკვდილი. ეს ძალზე ძნელია, მეტიც, შეუძლებელიც, მაგრამ მისი სრულყოფილად გაცნობიერება რომ შევძლოთ, იქნებ ნაკლებად შევცოდოთ. მიცვალებულთა და ცოცხალთა სამყარო ხომ ერთიანია, - ეს ვიცით, მაგრამ ბოლომდე არ გვჯერა, არადა უფალი თავად მოკვდა, რომ ამით სიკვდილი დაეთრგუნა და ჩვენთვის დაენახვებინა, რაოდენ უძლურია სიკვდილი მარადიულ სიცოცხლესთან ბრძოლაში. მიცვალებულთა პატივისცემა, მათი მეხსიერებიდან არამოშლის გამუდმებული მცდელობა ჩვენი ერის ტრადიციაა, კარგი, საკეთილო ტრადიცია.

დათო (56 წლის): - ჩემს თავს მორწმუნეს ვერ ვუწოდებ; ცუდად არ გამიგოთ, უბრალოდ, მორწმუნეთა შესახებ რომ წამიკითხავს და მათ ცხოვრებას დავკვირვებივარ, როგორ გავბედავ თქმას, მორწმუნე ვარ-მეთქი. რაც შეეხება მიცვალებულთა პატივისცემას, აქ, მე მგონი, სხვადასხვანაირი ფიქრიც არ შეიძლება. თუ ქართველი გადაგვარებული არ არის, როგორ არ უნდა სცეს პატივი იმ ქვეყანაზე მყოფს. წინაპარი მუდმივად შეგვახსენებს თავს. ხშირად რომ იწერება, - სიზმარში გარდაცვლილმა ძმამ ასე მითხრა, მიცვალებული ცოცხლად გამომეცხადაო, ეს, ჩემი მცირე ცოდნითაც კი ამ საკითხში, ვფიქრობ, მკრეხელობაა; მაგრამ კავშირი რომ არსებობს, რად უნდა ლაპარაკი. ბებია მყავდა ჩიქოვანის ქალი, გოროზი და ამპარტავანი ჩანდა, მაგრამ საოცარი გულის პატრონი იყო. დამწვრობის წამალი იცოდა, როცა ვინმეს გაჭირვებას გაიგებდა, ღამეებს გაუთენებდა და სანამ ფეხზე არ დააყენებდა, შინ არ შემოდიოდა. ისე გარდაიცვალა, არავის გაუგია, უფრო სწორად, არავინ შეუწუხებია. მაშინ მორწმუნეობაზე ლაპარაკი მთლად მიღებული არ იყო, მაგრამ ბევრჯერ შევსწრებივარ, თავისი ხელით გადაწერილ ღვთისმშობლის ლოცვებს რომ კითხულობდა. ერთხელ მითხრა, - ღვთისმშობელს ვევედრები, ბებო, ჩემი თავი არ დაგავიწყოს და ჩემი რჩევა-დარიგებები საგზლად გაგყვესო. აბა, როგორ შეიძლება ასეთი წინაპრის დავიწყება და მეც რაც შემიძლია გულმოდგინედ ვლოცულობ მისი სულისთვის. მინდა ჩემმა შვილებმაც იცოდნენ, ვისი ჯიშისანი არიან.

თეონა (49 წლის): - ჩემი მშობლები გაცილებული იყვნენ - დედამ გამზარდა. მამაჩემის დებს მთელი სიცოცხლე არ ელაპარაკებოდა; ანდა რა იცოცხლა, სულ ახალგაზრდა გარდაიცვალა. მე ჩუმად დავდიოდი მამიდა-მამიდაშვილებთან. მოულოდნელად მამიდები ერთიმეორის მიყოლებით გარდამეცვალა და შავის ჩაცმა ვერ გავბედე. დედამ შენიშვნა მომცა, - შენი სისხლისა და ხორცის გლოვა რამ დაგავიწყა, შავის ჩაცმას არ კადრულობ თუ მამიდების პატივისცემა არ გმართებსო! შინ ხატებთან მოსახსენიებელი მედო, მამიდების მიწერა დამავიწყდა. ერთ დღეს ვნახე, რომ დედაჩემს განსაკუთრებული სილამაზით გამოეყვანა ორი სახელი. გაკვირვება ვერ დავმალე მაშინ, როცა შინ მიცვალებულთათვის საკურთხი გააკეთა და ჩემი მამიდების სახელებიც წარმოთქვა. მითხრა: - იქ ყველას დახმარება და მიტევება სჭირდება და ყველაფერი მიმიტევებია, ოღონდ ჩემი ლოცვა შეეწიოთო.

ლამარა (67 წლის): - ახლახან 41 წლის ვაჟკაცი დავმარხე. დედის ტკივილს ვერაფერი გააყუჩებს, მაგრამ რწმენა გაძლევს საშუალებას, ცოტათი სხვაგვარად შეხედო მიცვალებულთა სამყაროს. ადრე, შავოსან დედებს რომ ვხედავდი, მიფიქრია კიდეც, ნეტა რა აძლებინებთ-მეთქი, მაგრამ ახლა ჩემი შვილის ნათქვამი მაძლებინებს. არასოდეს უავადმყოფია და არც მაშინ უჭირდა რამე, როცა დამიძახა და მითხრა: - დედა, მე რომ მოვკვდე, შენ მომივლი, დედის ლოცვას და ღვაწლს უდიდესი ძალა აქვს. შენ რომ ჩემზე ადრე წახვიდე, ვერაფერს გაგიკეთებ და იქნებ ჩემი წასვლა სჯობდესო. აქედან რა დასკვნა გავაკეთო, არ ვიცი, მაგრამ სასოწარკვეთილს ეს რომ გამახსენდება, ჩემი მოვალეობაც რომ შემახსენებს თავს, ვმხნევდები. არ მინდა მოვეშვა და მწუხარებას დავნებდე, მინდა ჩემი შვილის ხსოვნა მის პატარა გოგონაში გადავიტანო. ეს ხომ მხოლოდ მე შემიძლია, აბა, სხვას ვის მოაგონდება მისი ბავშვობა, მისი დავაჟკაცება?!

გიორგი (22 წლის): - ჩვენი ოჯახი მორწმუნედ ითვლება და მეგონა სიკვდილს ისე მწარედ არ აღვიქვამდით, როგორც აღვიქვით. ერთი სიტყვით, უფრო მომზადებული გვეგონა თავი. ჩემი 19 წლის დაიკო მოულოდნელად გამოგვეცალა ხელიდან... მამაჩემს რომ შევხედე, მივხვდი, რას ერქვა თავზარდაცემული კაცი, მაგრამ მეორე დღეს გონს მოვიდა და ეკლესიისკენ წამიძღვა. ერთი რამ შევნიშნე, თუმცა არც მე ვიყავი მთლად სრულ ჭკუაზე - ღვთისმშობელს ევედრებოდა, ჩემს გოგონას მიმიხედეო, ღვთისმშობელი ხომ შვილმკვდარი დედაა. ამან იმიტომ გამაკვირვა, რომ ყოველთვის პირველად უფლის წინ მოიდრეკდა მუხლს. რომ ვკითხე, მიპასუხა - შვილის სიკვდილის სიმწარე ღვთისმშობელმაც გამოსცადაო. მჯერა, რომ მიცვალებულები ჩვენზე ლოცულობენ და ჩვენც არ უნდა მოვაკლოთ აქედან ლოცვა; სხვა თუ არაფერი, ამას გვავალებს წინაპართა გახსენება, იმის გაცნობიერება, რომ შენი წინაპრების გარეშე თავადაც არ იქნებოდი.

ელენე (43 წლის): - ჩვენს ხალხს ვერავინ შეედრება წინაპართა პატივისცემაში, ამას ჩვენ მათდამი დამოკიდებულებითა და ურთიერთობით გამოვხატავთ. განა ურთიერთობა არ არის ის, როცა საყდარში მიდიხარ, გარდაცვლილისთვის ლოცულობ, თითქოს ელაპარაკები, ესაუბრები, საკურთხს უკეთებ, წანდილსა და კორკოტს უხარშავ და პურ-ღვინოს არ აკლებ? ამას წინათ ტელევიზორში რომ ტელეფონით მიცვალებულთან "მოსაუბრე" ხალხი ვნახე, თავზარი დამეცა. ევროპის მრავალ ქვეყანაში ვარ ნამყოფი და სასაფლაოებიც მინახავს, სასწაულად მორთულ-მოკაზმული, იფიქრებ, აქედან არ გავალო.... მაგრამ ეს ხომ გარეგნული მხარეა. იქ არც საკურთხი იციან და არც მიცვალებულთა სულების დაურვება. თუმცა ალბათ სასაფლაოს ასეთი მორთვა-მოკაზმვითაც იმშვიდებენ აფორიაქებულ სულს. ვერაფერს გეტყვით. მხოლოდ ის ვიცი, რას განვიცდი თავად, როცა ეკლესიაში მივდივარ და ჩემი მიცვალებულისთვის ხან საკურთხი მიმაქვს, ხან სანთელს ვუნთებ და ხანაც მათ სახელზე სეფისკვერს შევგზავნი...
ბეჭდვა
1კ1