წერილები რედაქციას
წერილები რედაქციას
ჩანახატი
იუდას ხე
კედრონის ღელის გაღმა ერთი ხე დგას განმარტოებით, რომელსაც ოდითგანვე "იუდას ხეს" უწოდებენ. ეს ხეც ყოველ გაზაფხულზე ყვავის, მაგრამ ყვავილები სისხლის ფერისაა, უცბად, ერთბაშად დაფეთებული აყვავდება ხოლმე და ასევე მყისიერად ჩამოყრის ყვავილებს. ამ ხეს მზის სხივი არ ეკარება, ბაიყუშივით მდუმარედ დგას, მის ტოტებზე მხოლოდ ყვავ-ყორნები ჩამოსხდებიან და ჩხავილით არემარეს აყრუებენ.

თუ ლეონარდო და ვინჩის "საიდუმლო სერობას" კარგად დააკვირდებით, შეამჩნევთ, რომ იუდა ისკარიოტელი შემცბარი გამოიყურება, მისი ფიქრები სადღაც ქვეცნობიერშია მიყუჟული, თვალები ხომ სულის სარკეა, იმ სარკეში კი მისი შინაგანი მზაკვრული მზერაც კარგად აისახება.

იუდას ხის ერთი მსხვილი ტოტი განსაკუთრებულად ამაზრზენად გამოიყურება - მან ხომ ამ ტოტზე ჩამოიხრჩო თავი!

იუდას თვითმკვლელობა განპირობებულია ძე ღმრთისას უპირატესობით, ხალხის მისდამი დიდი სიყვარულით, პატივისცემით და, რაც მთავარია, მისი ღვთაებრივი რწმენით! აღზევებული ხალხი იუდას ჩაქოლავდა, თავს გველივით გაუჭეჭყავდა - იუდამ, შეიგნო რა ეს ყოველივე, მყისიერად გადაწყვიტა სიკვდილის იოლი ფორმა, ვიდრე ის აღზევებული ხალხისგან მიიღებდა!

ვიცით, ქრისტიანული მოძღვრება მიმტევებელია, ხალხის მოსიყვარულეა! მამა ღმერთი იუდას მიუტევებდა, შეუნდობდა ძის სიკვდილს, მაგრამ იუდა იყო ამპარტავანი, შურიანი, მზაკვარი, გაიძვერა, ურწმუნო. მას სათნოების ნატამალიც არ გააჩნდა!

იუდას მიერ ჩადენილი ბოროტება ერთადერთია, გამორჩეულია კაცობრიობის ისტორიაში!

მორწმუნე ადამიანები მიდიან ხოლმე იუდას ხის სანახავად, განსაკუთრებით კი მის ძირს ათვალიერებენ ყურადღებით, ამჩნევენ, რომ აქა-იქ ყლორტები აქვს ამოსული, ამ ყლორტებს აცლიან, მაგრამ მაინც ამოდის. ერთმა ჟღალთმიანმა მორწმუნე ქალმა თავის მოძღვარს ჰკითხა: - რატომ ვერ ვსპობთ იუდას ხის ძირზე ამონაყარ ყლორტებსო. მოძღვარმა მიუგო: - ეს ყოველივე ადამიანის დაცემული ბუნებიდან გამომდინარეობს. მათ სრულიად ვერ აღმოფხვრით, უნდა ეცადოთ, ეს ბოროტი ყლორტები შეამციროთ, კარგად გამომარგლოთ!

P.S. იუდას ხეში განსახიერებული მოღალატის სული დღემდე მაინც ბორგავს.

PP.S. ჰოი, ჰორაციო, ბევრ საიდუმლოს მალავ, მაგრამ ვერ ამხელ, ჩუმად ხარ, ვიცით, რომ სიჩუმე ოქროა!

ჰოი, ჰორაციო, დედამიწაზე თუ ვერ იტყვი, ზევით აიხედე და ჩვენი პატრიარქის, ილია II-ის სიტყვები თქვი: "შენი სიყვარულისთვის ბევრს დავითმენ, იესო!"

წაღვერის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიის მრევლის წევრი
თინათინ ჩორგოლაშვილი



KARIBCHEმამა გიორგი იოსებაშვილს
კრძალვითა და პატივისცემით 55 წლის შესრულებას ვულოცავ ჩემს სულიერ მოძღვარს, სამტრედიის წმიდა ანდრია პირველწოდებულის ტაძრის მღვდელმსახურს დეკანოზ გიორგი იოსებაშვილს.

შევთხოვ უფალს, მამაო, არ მოგკლებოდეთ ჯანის სიმრთელე, მშვიდობა, სიხარული და მრავალჟამიერი სიცოცხლე. ჩემთვის თქვენ ბრძანდებით დიდი იმედი და ნათლის სვეტი ამ წუთისოფლის სავალ გზაზე. დაე, ღმერთმა ნუ მოკგვაკლოს სულიერ შვილებს თქვენი მამობრივი მზრუნველი ხელი უკუნითი უკუნისამდე. იხარეთ ორსავე სოფელსა შინა! დიდება და მადლლობა უფალს ყველაფრისათვის.
თქვენი სულიერი შვილი
ლია გეგეშიძე
ბეჭდვა
1კ1