"მე ვარ სიცოცხლე, თქვენ კი არ მეძებთ"
"მე ვარ სიცოცხლე, თქვენ კი არ მეძებთ"
თუ არ ხართ ბედნიერნი, მე ნუ დამადანაშაულებთო, - ამბობს უფალი და იგი შეუმცდარია. ვლოცულობთ და გულგარეთ ვეზიარებით და ცოდვას ვამრავლებთ. ამიტომაც ჩვენი გულის შემხედვარე უფალი, თუმც ვუყვარვართ, არ კი არა, ვერ გვისმენს.

დოდო (63 წლის): - პირწავარდნილი კომუნისტების, ღვთისმგმობელთა ერთადერთი ქალიშვილი ვარ. ჩემთვის გაჭირვება და შიმშილი უცხო იყო, მეზობელ ღარიბებს დავცინოდი კიდეც, როცა მათ შვილებს ისე არ ეცვათ, როგორც მე და ყოველ დილით, სკოლაში მიმავლებს, კარაქიან-ხიზილალიანი პურით უკან არ მიჰყვებოდა ბებია. ჩემი კლასელები ჩუმ-ჩუმად დადიოდნენ ეკლესიაში, მეც გავყევი, რომ მათთვის უკეთ დამეცინა, იქიდან გატრუნულ-დათრგუნული დავბრუნდი, თითქოს ენა გადავყლაპე. თავიდან გაცნობიერება გამიჭირდა, რა მემართებოდა. ნელ-ნელა მოვიდა განცდა, რომ ის, რაც ჩვენ გვქონდა, ადამიანის სულისთვის, უფრორე ჩემთვის, საძაგელი იყო. როცა დედ-მამამ ჩემი ეკლესიაში სიარული შეიტყო, ხელით შემეხნენ. ისე დაიხოცნენ, ვერ შეიცნეს უფალი, ჯიუტად ადგნენ ერთხელ არჩეულ გზას. ძალიან მეცოდება ორივე... ბებია არ იყო ურწმუნო, მაგრამ მათთან ვერ ბედავდა ამის გამხელას. მათი გარდაცვალების შემდეგ, მოძღვრის რჩევით, ყველაფერი, რაც ჩემს ახლობლებს გამოადგებოდათ, დავარიგე. გავთხოვდი და დედამთილიც დედმამისნაირი შემხვდა, - დრო იყო ასეთი და ყველას გული ვერ იხსნება უფლისთვის. ბედნიერი ქალი ვარ, შვილებითა და შვილიშვილებით სავსე, და ყოველთვის ვევედრები უფალს, ნუ ამაღებს ხელს... ის კი შევიძელი, რომ შვილები ღვთის რწმენით და სიყვარულით გავზარდე. ამას ამპარტავნებით არ ვამბობ, უფალს შევცოდე და დიდ ცოდვას ამარიდა.

ოთარი (55 წლის): -
ადამიანი ღმერთს იმის გამოც არ უგდებს ყურს, რომ თავისი საქციელი გაამართლოს. სიმდიდრე და ფუფუნება გვიყვარს, მაგრამ მის მოსაპოვებლად უნამუსობა არ უნდა ჩავიდინოთ. ამის გასაცნობიერებლად, ვფიქრობ, ეკლესიაში სიარული, ღვთის მცნებების გააზრებაა საჭირო. ზოგი იმასაც იტყვის, ეკლესიაში ბევრი დადის, მაგრამ... რომ არ დადიხარ, გგონია, უკეთესი ხარ? ცოდვა ყველას ერთნაირად ბოჭავს, მაგრამ ხომ ცდილობ? "ბედი ცდაა, გამარჯვება, ღმერთსა უნდეს, მო-ცა-გხვდებისო", - ამბობს რუსთაველი და შენც ეცადე. მწყემსი კეთილი რატომ არის უფლის ერთ-ერთი სინონიმი? მისი გული სავსეა ჩვენდამი სიყვარულით და გვმწყემსავს, რომ კლდეზე არ გადავიჩეხოთ! უფლის სიყვარული მოყვასის სიყვარულით მჟღავნდება, შვილის, შვილიშვილის, მშობლების, ახლობელ-მეგობრების სიყვარულითაც. ჩვენ კი როგორ გვიყვარს მოყვასი?! გვშურს, ვაგინებთ, ვლანძღავთ, კვანტს ვუდებთ, ვამცირებთ - აი, რამდენი რამაა ჩვენი უღმერთოების დამადასტურებელი.

ნინო (37 წლის):
- ამას წინათ ნაწირვებს ეკლესიის ეზოში ჩამოვჯექი, მოძღვარს ველოდებოდი. ჩემ გვერდით ორი ქალბატონი ჩამოჯდა. ერთმა მეორეს ოჯახის ამბები გამოჰკითხა. რძალი გათხოვდა და ბავშვი ჩვენთან იზრდება, ჩემმა შვილმა ეს ვერ აიტანა და გალოთდა. ორივეზე ვლოცულობ, ძალიან მიყვარდა ის ჩემი ცოდვით სავსე, ამ საქმეს კი არაფერი ეშველება, მაგრამ იქნებ თავისი ცოდვა შეიგრძნოსო. უნდა გამოვტყდე, რომ ასეთი რამ არ შემიძლია. ამის შემდეგ უფრო ვეცადე, მტერი შემეყვარებინა, მაგრამ არ გამომივიდა. სიძულვილით არავინ მძულს, არც სიავეს ვუსურვებ, მაგრამ მე ხომ ვიცი, რომ არც მიყვარს, არც თვალთმაქცობა შემიძლია და ალბათ ამას ვამჟღავნებ კიდეც. უფალს ხომ ჩვენი უმსგავსობის მიუხედავად ვუყვარვართ - მე ვგრძნობ ამას. არაერთხელ ვყოფილვარ ისეთ მდგომარეობაში, რომ გამოსავალს ვერ ვპოულობდი და სრულიად უცხოთაგან მოსულა საშველი, ცოდვისთვისაც ბევრჯერ ავურიდებივარ. მეორე შვილის გაჩენას არ ვაპირებდი, ცოტა ხანს მაინც, რადგან პირველი პატარა მყავდა. ექიმთან მივედი და კაბინეტში რომ შემიყვანა, ერთი სიფრიფანა ახალგაზრდა ქალი დამხვდა იქ. ღარიბულად ეცვა, ხელებიც დაკოჟრილი ჰქონდა. თვალცრემლიანი ევედრებოდა ექიმს, თუ რაიმე საშველია, გადამირჩინეთ ეს შვილიო. ვკითხე, უშვილო ხართ-მეთქი? არა, ხუთი შვილი მყავსო. რა სჭირდა, რატომ არ შეიძლებოდა მშობიარობა, ვერ გავიგე, რადგან დამდუღრულივით გამოვვარდი იქიდან. ახლა ჩემი შვილი ხუთი წლისაა და მესამესაც ვაჩენ, ასეთ ბოროტებაზე მას შემდეგ არ მიფიქრია. შვილთა მკვლელობის ცოდვისგან ასე მიხსნა უფალმა.
ბეჭდვა
1კ1