წერილები რედაქციას
წერილები რედაქციას
მთავარ რედაქტორს ქალბატონ თამარ მამაცაშვილს. ვარ თქვენი ჟურნალის მკითხველი, ერთი უბრალო სომეხი ქალი, ვცხოვრობ სიღნაღის რ-ნის სოფ. ქვ. მაღაროში. ვარ ჩვენი სოფლის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მრევლი. მყავს მეუღლე და ორი შვილი. ბავშვობიდან ვწერ ლექსებს, რის შესახებაც არვინ არაფერი იცოდა. მაგრამ ახლა გადავწყვიტე გამოგიგზავნოთ. იქნებ დაიტერესდეთ, წაიკითხოთ და თუნდაც ერთი მათგანი დაიბეჭდოს ჟურნალში.

დავიბადე დედოფლისწყაროში 1960 წელს, სომხურ ოჯახში. ჩემი მშობლები წარმოშობით იყვნენ ახლანდელი ნინოწმინდის რაიონიდან. დავამთავრე სოფ. ჯაფარიძის საშუალო სკოლა. შემდეგ წარჩინებით დავასრულე საშუალო სპეციალური სასწავლებელი (ეკონომიკური). ყოველთვის მიყვარდა და მიყვარს ქართული ენა. მაქვს ქართული ოჯახი. ბავშვობიდან ვოცნებობდი გავმხდარიყავი ფილოლოგი, მაგრამ ოცნება ვერ ავისრულე. ალბათ ამიტომაც მიყვარს ლექსის წერა. 2006 წელს აღმოვჩნდი ონკოლოგიურ საავადმყოფოში. დავიწყე ეკლესიაში სიარული და უფალს შევთხოვდი გამოჯანმრთელებას. მოხდა სასწაული - განვიკურნე. უფლის ნებით, დავიწყე მისი სადიდებელი ლექსების წერა. გულით გთხოვთ, მოიღეთ მოწყალება და ქართველმა ხალხმა გაიგოს, მე, ეროვნებით სომეხს, რარიგ მიყვარს საქართველო და ქართველები. როგორც ყველა ქართველს, ასევე ჩემს ოჯახს ამშვენებს წმინდა გიორგის, მაცხოვრის და საქართველოს სადიდებელი ხატი, ყოველ დილა-საღამოს ვლოცულობ და ვევედრები უფალს მშვიდობას მთელ დედამიწაზე, მუდამ სხივნათელი იყოს საქართველო, რათა შემეძლოს, კიდევ დიდხანს ვწერო და ვიკითხო ქართულ ენაზე.
მოკრძალებული თხოვნით - არფენიკ (ლალი) შაიშმელაშვილი


ქართლის ცაო
ვარსკვლავებით მოჭედილო
ჩემო ქართლის ცაო,
მზის გვერდს მდგომო, მოლიცლიცევ,
ჩემო ქართლის ცაო!
ხელგაშლილი ეგებები ღამით მთვარესაო,
დაღლილ მეხრეს მიაცილებ
სახლის კარამდეო.
გადმოხედე ამ ჩემს მხარეს,
ჩემო ქართლის ცაო!
ვენახს მუხლი გაუმაგრე,
ყანას ნამი სცხეო,
სიმინდს ცრემლები აპკურე,
ბოსტანს დახედეო,
ენძელას და ფურისულას
გზად მიეშველეო,
თოვლის ქურქი მოაცილე,
რუ წყლით აავსეო.
იას კაბა შეუსწორე,
გზა დაულოცეო,
მუდამ ლურჯად მოელვარე
ჩემო ქართლის ცაო.


ჰოი, საქართველოვ!
ჰოი, საქართველოვ, ჩემო სათაყვანო,
მუდამ ხვავიანო, ბარაქიანო.
ბრძოლაში დაღლილო, ჭაღარათმიანო
ჩემო სამშობლოვ, ჩემო საქართველო.
შენს კავკასიონს მინდა ვეთაყვანო,
მინდა ყველა ბავშვი ხელში ავიყვანო,
მინდა დავანახო ეს ჩვენი ბახმარო,
ჰოი, საქართველოვ!
ბეჭდვა
1კ1