შვილის დაკარგვას იქნებ სჯობდა, სხვაგვარად მომეგვარებინა საქმე
შვილის დაკარგვას იქნებ სჯობდა, სხვაგვარად მომეგვარებინა საქმე
სიბრაზე და ემოციები რომ სწორად განსჯაში გვიშლის ხელს, ცხადია. განუსჯელად კი ათას სისულელეს ჩაიდენს ნებისმიერი ჩვენგანი. ამიტომაც ამბობს უფალი, "ნეტარ იყვნენ მშვიდნიო". ზოგჯერ მართლა ჭირს მშვიდად შეხვდე განსაცდელს, მაგრამ თუკი ვეცდებით და სასოებით აღვიჭურვებით, შეუძლებელი არ უნდა იყოს.

დათო (30 წლის): - ჩვენი მშობლების ძირითადი საზრუნავი ჩვენთვის სწავლა-განათლების მოცემა იყო. სამნი ვართ - ორი ძმა და ერთი და. და, როგორც უმეტესწილად ხდება, მშობლების მორჩილი და დამჯერე იყო, არც ძმა ეურჩებოდა მაინცდამაინც დედ-მამას, მე კი მოუხელთებელი ვიყავი. მუსიკა და უცხო ენა, მათემატიკა და მშობლიური ლიტერატურა - ყველაფერი უნდა მესწავლა, ვერ "გავუძელი" და ერთ დღეს მშობლებს მივახალე - ყველანი მძულხართ, წავალ და დავიკარგები-მეთქი. ჩემი მაშინდელი გადარევაც მახსოვს და მათი გაფითრებულ-გაოგნებული სახეებიც. ბაბუა ცნობილი მათემატიკოსი იყო, საოცრად მშვიდი და კეთილგონიერი კაცი. ცოტა რომ დავწყნარდი, თავის ოთახში გამიყვანა და დიდხანს მესაუბრა. ბოლოს კი დასძინა, - შენი საქციელი და სიტყვები უმართებულო კი არა, უზრდელობაა. კარგად მოიფიქრე, რა გინდა და გაგვაგებინე. სწავლას არავინ დაგაძალებს, მაგრამ ასეთი სიბრაზე ნორმალური ადამიანისთვის მიუღებელია, ეცადე, მეორედ ეს არ დაგემართოსო. წლები გავიდა, მთლად უსწავლელი არ ვარ, მაგრამ ბევრი რამ დავაკელი ჩემს თავს და ამას სწორედ იმ ფორიაქსა და განცდებს ვაბრალებ, მაშინ რომ დამეუფლა და არა მარტო მაშინ. ისეთი აფეთქება ვიცოდი, მერე თავის მოთოკვა მიჭირდა. ბაბუას შეგონებამ არ გაჭრა, მაგრამ ახლა კი ვიცი, რომ თავშეკავება ადამიანს დიდ საქმეს უკეთებს.

ნინელი (60 წლის): - სიმშვიდე, რელიგიურად, ჩემი აზრით, კეთილგონიერებას უნდა ნიშნავდეს, თორემ როცა ირგვლივ უსამართლობაა, როცა ვიღაცას შენ თვალწინ შეურაცხყოფენ, მშვიდად როგორ იქნები. ამას არც გვეუბნება უფალი. განუსჯელობამ და დაუფიქრებელმა გადაწყვეტილებამ შეიძლება დიდი განსაცდელის წინაშე დაგაყენოს და ეს ჩემს თავზე გამოვცადე. თავის ქებით არ ვამბობ, მაგრამ შვილებსა და ოჯახზე გადაყოლილს საკუთარი თავი არასოდეს მახსოვდა. ვამჩნევდი, რომ ამან სხვებსაც დააკარგვინა პატივისცემა ჩემ მიმართ. მაშინაც, როცა შეუძლოდ ვიყავი და იმდენს ვერ ვაკეთებდი, რამდენსაც კარგად ყოფნის დროს, არავინ მეკითხებოდა, რა მჭირდა, მეტიც, მოთხოვნა ისეთივე იყო, როგორიც ჩვეულებრივ. შვილები დაიზარდნენ, უფროსმა ცოლი შეირთო და აქ იჩინა იმ პრობლემამ თავი, რომელმაც ჩემს ოჯახს დაღი დაასვა. რძალმა ჩემს საქმისგან დაკოჟრილ ხელებს რომ შეხედა, ჩემს შვილს განუცხადა, დედაშენის გაკეთებულ საჭმელს არ შევჭამ, რას უგავს ხელებიო. ასე წვეთ-წვეთად აგორდა უსიამოვნება და ერთ დღესაც ყველანი კარგად გამოვლანძღე, მერე შვილსა და რძალს კარისკენ მივუთითე, ჩემმა თვალებმა არ დაგინახოთ და შენც დედაშენის ორმეტრიანფრჩხილებიანი ხელებით გაკეთებული მიირთვი-მეთქი. თავს ვეღარ ვცნობდი, ვკანკალებდი და ვყვიროდი. იმ ღამეს რომ წავიდნენ, იმის მერე უკან არ მოუხედავთ. ახლა ყველაფერს რომ ვაანალიზებ, ვხვდები, შვილის დაკარგვას იქნებ სჯობდა, სხვაგვარად მომეგვარებინა საქმე, ან საერთოდ გავცლოდი და მეცლია, იქნებ გონს მოჰგებოდნენ.

ზაირა (69 წლის): - 94 წლის დედა მყავს, მაგრამ შვილებს ახლაც გვჯობია, ჯანმრთელობითაც, აზროვნებითაც. უგრძნობელი არ იყო, მაგრამ როცა ოჯახში უსიამოვნება იჩენდა თავს ან განსაცდელი დაგვატყდებოდა, ისე მოაგვარებდა ყველაფერს, ისე გამოგვაძვრენდა გაჭირვებიდან, თითქოს არაფერი მომხდარიყო. მამაჩემი თანამდებობის პირი იყო. პატიოსანი კაცს თავისი პრივილეგია სხვათა საზიანოდ არასდროს გამოუყენებია. არ გვიჭირდა, მაგრამ არც მდიდრები ვიყავით. ერთ დღესაც უცერემონიოდ მოისროლეს და ვერ აიტანა, სმა დაიწყო. სამი ქალიშვილი ვიყავით, უკვე გასათხოვრები და საშინლად გვრცხვენოდა. დედას კი საყვედური არასოდეს დასცდენია, თუმცა ვხედავდით, როგორ იტანჯებოდა. ერთხელ, საშინელ ყინვაში, მამა მეზობლის ბიჭებმა ძლივს შემოიყვანეს სახლში. დედამ მშვიდად გახადა, სახე და ხელები მობანა, დააწვინა, სათბურები ამოუწყო და თვითონ კომპოტის კეთება დაიწყო. რას აკეთებო, გადაირია ჩემი და, როგორ შეგიძლია ახლა მაგის კეთება, ნერვები არ გაქვსო? ხვალ რომ გაიღვიძებს მამა და ნაბახუსევი იქნება, ესიამოვნებაო, - თითქოს აუღელვებლად თქვა დედამ, თუმცა ნიკაპი აუკანკალდა. ჩვენს თავზე ბევრმა ქარტეხილმა გადაიარა და ბევრჯერ გაგვიჭირდა თავშეკავება, მაგრამ დედას ეს თვისება ჩვენს მომეტებულ ემოციებს გზას უღობავდა.
ბეჭდვა
1კ1