გაამაყებულს ცა ქუდად არ მიმაჩნდა და დედამიწა - ქალამნად
გაამაყებულს ცა ქუდად არ მიმაჩნდა და დედამიწა - ქალამნად
არცთუ იშვიათად წარმატებას ჩვენს თავს მივაწერთ, წარუმატებლობას კი - სხვას და კიდევ უარესი - უფალს. როცა რუსთველი ბრძანებდა, "შენგნით მაქვს გონებაო", ჩვენ რა უფლება გვაქვს, ნიჭი, სილამაზე, გონებაგახნილობა "ჩვენს საქმეებად" მივიჩნიოთ?

გიორგი (28 წლის): - უფლის შეცნობა, მისი მადლის და სიკეთის გასიგრძეგანება ბავშვობიდანვეა საჭირო, თორემ ადამიანს, თუკი რაიმეს მიაღწევს, თავში აუვარდება ხოლმე და უამრავ შეცდომას უშვებს. "მე რა კარგი ვარ" - ამ პრინციპით ცხოვრება კლდეზე გადაჩეხაა. ჩემი ცხოვრებიდან შემიძლია მაგალითის მოყვანა: ჩვეულებრივ თბილისურ ოჯახში გავიზარდე, წესიერი და პატიოსანი მშობლების ხელში. ცხოვრება რომ გაჭირდა, ყველანი უმუშევრები დარჩნენ. დედ-მამა ექიმები არიან, მაგრამ აბა, რა უნდა ექნათ. ვთხოვე დედას, ვიმუშავებ და რაღაცაში დაგეხმარებით-მეთქი. ქვა ააგდო ორივემ, მაგრამ მე მაინც არ შევეპუე და სამუშაოს ძებნა დავიწყე. ერთ უცხოურ ფირმაში მიმიღეს. ძირითადად ქართველები ვიყავით მუშებად. სიმძიმეების აწევა მიწევდა და შინაც გასავათებული მივდიოდი, მაგრამ მაშინდელი კურსით საკმაოდ კარგი ხელფასი ავიღე. ჩვენმა ინგლისელმა პატრონმა ყურადღება მომაქცია და ოფისში კომპიუტერთან დამსვა. კომპიუტერიც ვისწავლე და ინგლისურის სწავლა დავიწყე. დამაწინაურეს და ხელფასიც მომიმატეს. აი, მაშინ ამივარდა თავში. უბნის ბიჭები არ მშორდებოდნენ, ჩემი ხელფასის აღების დღეც იცოდნენ და მეც ბატონკაცურად შევუძღვებოდი მათ მაღაზიაში... თუ აქამდე დედ-მამას ბაზარში წასასვლელ ფულს ვაძლევდი, ახლა ამაზეც ვეჯიჯღინებოდი. სიგარეტის წევასაც მოვუხშირე და ძვირფას სიგარეტებს არ ვიკლებდი. ჩემმა შეფმა ეს შეამჩნია და შენიშვნა მომცა, მაგრამ მთლად ვერ გამიმეტა. მერე მანქანაც ვიყიდე, მაგრამ რესტორანში ბიჭებთან ერთად "დავასველე" და იქიდან წამოსული ბოძს დავეჯახე... ცოცხალი ძლივს გადავრჩი. ჩემს მშობლებს, იმის ნაცვლად, რომ მივხმარებოდი, ვალი დავადე, დღესაც ვიხდით იმ ვალს. დიდხანს ვიწექი და ფიქრისთვის უამრავი დრო მქონდა - მივხვდი, რომ ეს ყველაფერი ამპარტავნებამ დამმართა. გამახსენდა, როგორ ვდიდკაცობდი და ყველა ამ წყალობას უფალს კი არა, საკუთარ თავს მივაწერდი.

მაყვალა (60 წლის): - ძალიან ნიჭიერი ვიყავი. სკოლა ოქროს მედალზე დავამთავრე და უნივერსიტეტიც წითელ დიპლომზე. ამიტომ გაამაყებულს ცა ქუდად არ მიმაჩნდა და დედამიწა - ქალამნად. სამსახურში რომ ვინმესგან დაბრკლოებას წავაწყდებოდი, ლამის თმაში ვწვდებოდი, დებილსა და უნიჭოს ვეძახდი. რამდენჯერ ამიტირებია სრულიად უდანაშაულო ადამიანი. წლები გავიდა და მივხვდი, რომ ყველაფერი წარმავალია წუთისოფელში და ჩემი ნიჭიერებაც ღვთის ბოძებული იყო და არა ჩემი დამსახურება, როგორც აქამდე მეგონა. ერთხელ ავად გავხდი და შვილებმა საავადმყოფოში გამაქანეს. ორშაბათ დილით შემოვლაზე პროფესორი გამოიძახეს და ის ბიჭი შემოვიდა, მე რომ შავ დღეში ჩავაგდე. შემრცხვა და თვალი ავარიდე, მან კი არც თვალი ამარიდა და ძალიან დიდი სიყვარულით მომიკითხა, თქვენი სიმკაცრე რომ არა, შესაძლოა, დღეს ქუჩის ბიჭი ვყოფილიყავიო. იმას ასე ეგონა, მე კი მაშინ ჩემს კომპეტენტურობას ვუსვამდი ხაზს და ვამცირებდი.

დემიკო (65 წლის): - ჩემი კოზირი გარეგნობა იყო, ამიტომ ქალებისგან გათამამებულს გოგონების "შებმა" ჰობიდ მექცა. უნივერსიტეტში სწავლისას რამდენიმე გოგონასთან "გამიმართლა", რამდენიმე კი მიმიხვდა განზრახვას და ბევრი ჯაფა დამჭირდა, თუმცა მათ შორის უმეტესობასთან მაინც მივაღწიე საწადელს. მერე ყველანი მივატოვე და მოსკოვში გადავედი საცხოვრებლად. იქ ცოლი შევირთე, ულამაზესი ქალი იყო და მაღალჩინოსნის ქალიშვილი, სამსახურშიც წარმატებები მქონდა, მაგრამ ჩემსას არ ვიშლიდი. ცოლმა ერთი-ორჯერ მიმანიშნა, რომ ყველაფერი იცოდა. რაღაცები მივკიბ-მოვკიბე და ისევ ჩემსას ვაგრძელებდი. როცა ისევ "გავინაპირე" და შინ დავბრუნდი, ჩემი ჩემოდნები კართან დამხვდა, არც მუდარამ მიშველა და არც სხვა ხერხმა გაჭრა. მალე სამსახურშიც შემექმნა პრობლემები და მოსკოვის დატოვებამ მომიწია. ოჯახი რომ დამენგრა, ისევ ვაგრძელებდი ჩვეულ ცხოვრებას და სხვათა გაუბედურებას. ეს ახლა მგონია ასე, თორემ მაშინ მეგონა, ვაბედნიერებდი. მერე მოხდა ის, რაც უნდა მომხდარიყო. საშინელ ავარიაში მოვყევი და ისე დავმახინჯდი, სარკეში ჩახედვა არ მინდოდა. ძალიან არ მინდა პათეტიკურად გამომივიდეს, მაგრამ ცოდვამ მიწია. ოჯახს მეორედ მოვეკიდე. ასეთი ხეიბარი შემიყვარა ჩემმა ახლანდელმა ცოლმა და ორი შვილიც გამიჩინა. ასე რომ, უფლისაგან მინიჭებულ მადლს მოფრთხილება უნდა, თორემ წაგერთმევა და არცთუ კმაყოფილი დარჩები.
ბეჭდვა
1კ1