ბრძოლა და დაბრკოლება არა მარტო ეკლესიური ცხოვრების დროს გვაქვს, არამედ ჩვეულებრივ, თუნდაც ოჯახურ ცხოვრებაშიც
ბრძოლა და დაბრკოლება არა მარტო ეკლესიური ცხოვრების დროს გვაქვს, არამედ ჩვეულებრივ, თუნდაც ოჯახურ ცხოვრებაშიც
ადამიანის სულიერი ცხოვრება ორი ეტაპისაგან შედგება: როცა მას დაბრკოლებები ელოდება და არ აძლევს საშუალებას, უფალს მიუახლოვდეს და როცა უხილავ და თუნდაც ხილულ ძალებთან ბრძოლას გაცნობიერებულად იწყებს - იცის, უნდა იაროს ამ გზით, რადგან იგია მიმყვანებელი მარადიულ ცხოვრებასთან. ზოგს გამოსდის ეს, ზოგს - არა.

ნინო (40 წლის):
- ყველა ადამიანის სულში სხვადასხვანაირად შემოდის უფალი. ჩემი გადაწყვეტილება, მეცხოვრა ეკლესიური ცხოვრებით, ერთმა შემთხვევამ განაპირობა. მე და ჩემი ოჯახი საშინელ ავარიაში მოვყევით და ყველანი ცოცხლები და უვნებლები გადავრჩით. ხალხმა თავი რომ მოიყარა, ერთი მოხუცი კაცი გამოეყო მათ და მითხრა, - შვილო, უფალს მადლობა უთხარი, თქვენს ოჯახზე დიდი მადლი გადმოვიდაო. გლეხკაცი იყო და ეს სიტყვები ალბათ ისე თქვა, უბრალოდ, მაგრამ ჩემზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა, თავში ჩამებეჭდა. ეკლესიაში დავიწყე სიარული, მაგრამ ლოცვას გულს ვერ ვუდებდი. ყოველთვის მეზარებოდა, მაგრამ, განსაკუთრებით საღამოობით, თავს იმით ვიმართლებდი, რომ სამსახურის მერე საოჯახო საქმის კეთებაც მიწევდა და ვიღლებოდი, ათასი ფიქრი შემომესეოდა - ეს მაქვს გასაკეთებელი და რომ დავამთავრებ ლოცვას, გავაკეთებ-მეთქი, ზოგჯერ ვნატრობდი, მალე მორჩენილიყო ყველაფერი და გარეთ გავვარდნილიყავი. აღსარებაში ბევრ ჩემს ცოდვას ვუყრიდი თავს, მაგრამ ეს კი მავიწყდებოდა. ვგრძნობდი, ჩემს ლოცვებს მადლი არ ახლდა, სულს ვერ მიმშვიდებდა. ერთხელ, როცა ძალიან შევწუხდი, მოძღვარს ვუთხარი და მირჩია, ის ლოცვა, რომელსაც უგულისყუროდ წაიკითხავ, თავიდან წაიკითხე ან დაიზეპირე, დილის ლოცვები მაინც, და მეტ აზრს დაატან. ეს უხილავი ძალების ბრძოლაა და ამიტომაც გეფანტება ყურადღებაო. ამის გარდა, უამრავი ბრძოლა აქვს ადამიანს, მაგრამ რას ვიზამთ, ისე მაინც დავიცვათ თავი, როგორც შეგვიძლია.

სოსო (60 წლის): - ბრძოლა და დაბრკოლება არა მარტო ეკლესიური ცხოვრების დროს გვაქვს, არამედ ჩვეულებრივ, თუნდაც ოჯახურ ცხოვრებაში. ყველა ბავშვი, როცა ის თავის თავში რაღაცის ნიჭს გააცნობიერებს, სამომავლოდ პროფესიას ამის მიხედვით ირჩევს. პროფესია საყვარელ საქმედ უნდა იქცეს და არა ფულის კეთების წყაროდ. ხომ ხდება, რომ აღარც ფული გინდა და საკუთარი თავიც გეზიზღება, რადგან არ არის ის საქმე შენი. მოკლედ, მე მსახიობობა მინდოდა, მშობლებმა - ექიმი უნდა გახდეო. მერე მეც გადამიბრუნდა ჭკუა... ხუთოსანი სტუდენტი ვიყავი, თეორიულად ყველაფერს ისე ვითვისებდი, თითქოს მთელი ცხოვრება ექიმობაში გამეტარებინოს, მაგრამ გვამის, თუნდაც ცოცხალი ადამიანის ოპერაციის დანახვაზე, რომ იტყვიან, შიგანი ამომიბრუნდებოდა. ასე იყო თუ ისე, კარგი ექიმი ვიყავი და არც პაციენტები მაკლდა, მაგრამ მაინც რაღაც მთრგუნავდა, თუმცა ვიცოდი, რომ მკურნლობა დიდი მადლია. ალბათ ასე გაგრძელდებოდა ჩემი ტანჯვა არაფრის გამო, რომ არა ერთი სრულიად ახალგაზრდა პაციენტი ქალი - ოპერაციის შემდეგ ხელები დამიკოცნა, - ექიმო, ღმერთმა გაგახაროთ, სიცოცხლე დამიბრუნეთ, დედაჩემს ერთადერთი შვილი ვყავარ და ჩემს თავზე მეტად იმას ვდარდობდიო. ხომ იყო ყველა ის ფიქრი და წინააღმდეგობა, თავში რომ მიტრიალებდა და სიკეთის ქმნას მიშლიდა, დაბრკოლება?

თენგიზი (31 წლის): - 13-14 წლის ვიყავი, პირველად საზღვარგარეთ რომ გავემგზავრე ცეკვის ანსამბლთან ერთად. ტუალეტში შესვლა მომინდა და მასწავლებელს ვთხოვე, ავტობუსიდან ჩავეშვი. ტუალეტი ქუჩის მეორე მხარეს იყო. იქაური შუქნიშნის ვერაფერი გავიგე, - ისე, ჩვენ ხომ ამ წესის დაცვას არავინ გვასწავლის და... მანქანამ დამარტყა. თვალი რომ გავახილე, დაბინტული ვიწექი და მივხვდი, რომ ცეკვა ჩემთვის დამთავრდა. არავინ იცის, დიდი მოცეკვავე გავხდებოდი თუ ამ გასტროლით დამთავრდებოდა ჩემი მოცეკვავეობა, მაგრამ მაინც დამწყდა გული და მთელი ცხოვრება მახსოვს. მეორე დაბრკოლება სულიერ ცხოვრებაში შემხვდა. პაპაჩემი ბეჟანი ძველი კომუნისტი იყო. ცოცხალი რომ გადავრჩი, ეკლესიაში დავიწყე სიარული. ერთხელ ვეზიარე და მერე ბაბუას მივახარე. გამიშალა და მთხლიშა. ხელი შევუბრუნე... მას შემდეგ განვიცდი ამ ამბავს. კარგა ხანს ეკლესიაშიც ვერ შევდიოდი. რა მეთქვა მოძღვრისთვის, ბაბუა გავლახე-მეთქი? მერე გავბედე და ვესაუბრე. შეწუხდა ძალიან და გაძლიერებული ლოცვა და მეტანიები მომთხოვა.
ბეჭდვა
1კ1