წირვიდან ძალით გამოუგდიათ ბოლშევიკებს და როგორც ხალხი ამბობდა, გასულელებულა
წირვიდან ძალით გამოუგდიათ ბოლშევიკებს და როგორც ხალხი ამბობდა, გასულელებულა
ხშირად მიფიქრია, ილიამ, რომელმაც მოწამებრივი ცხოვრებით იცხოვრა, რატომ დაგმო განდევნილი ბერის უდიდესი ღვაწლი, რატომ დაამარცხა იგი უბრალო სოფლელ გოგონასთან, თუნდაც სიტყვიერ პაექრობაში. როცა სალოსობის არსს გააცნობიერებ (რასაკვირველია, Gემისთანა სოფლისმოყვარე ბოლომდე ვერ ჩასწვდება), მიხვდები, რომ ის უკეთურებანი, რომელთა გამო ახალგაზრდა კაცმა და მერე უკვე განდეგილმა სოფელი დათმო, პირუთვნელ და თუნდაც მოურიდებელ მხილებას მოითხოვდა. ლოცვას უდიდესი ძალა აქვს, მაგრამ იგი მთლიანად ვერ გარდაქმნის ადამიანის უკუღმართ ბუნებას. ამიტომ მოგვიწოდებს უფალი, ვამხილოთ ბოროტება და ალბათ იმიტომაც დაუშვა სალოსობა, რომ "ჭკვიან" ღვთისმსახურს ყოველთვის არ შეუძლია ადამიანების მოქცევა.
სოფიო (39 წლის): - ჩვენისთანა ამქვეყნიურ ცხოვრებაზე შეყვარებული ადამიანებისთვის ძნელი წარმოსადგენია, როგორ უნდა დათმო მიწიერი სიამენი და თავი მთლიანად ღმერთს მიუძღვნა. ნეტარ არიან, რომელთა არ მიხილონ და მიწამონო, მაგრამ ჩვენს ცნობიერებაში ხომ მხოლოდ ხილულობას აქვს უდიდესი მნიშვნელობა. ჰოდა, ქრისტესთვის გლახაკნი ანუ ამ ცხოვრების უარმყოფელნი არიან ისინი, ვინც უფალს ჭვრეტს. გვგონია, ასეთები მხოლოდ გარდასულ საუკუნეებში იყვნენ, მაგრამ ახლაც არიან და მრავალნი. ისინი უკიდურესი თავმდაბლობითა და ღმერთთან სიახლოვის წადილით, შემუსვრილი გულით ცდილობენ, არ დაკარგონ კავშირი იმასთან, რაც მათი სიცოცხლის მიზანს წარმოადგენს. ჩვენ ირგვლივ სასწაულიც უამრავი ხდება - ღმერთს უნდა ესა თუ ის ამბავი შენს ყურამდე მოიტანოს და ვიღაცის, ზოგჯერ სრულიად უცნობი ადამიანის პირით გაგებინებს ამას. ამას წინათ ტაძარში ვიყავი. ზიარება რომ დაიწყო, მე არ ვეზიარებოდი და გარეთ გამოვედი. გვერდით სანდომიანი ქალბატონი მომიჯდა და მითხრა, წირვის შემდეგ ბორჯომში მივდივარ, პატარა ბაზარში ის პირი უნდა მოვიდეს, მდუმარების აღთქმა რომ აქვს დადებული და დაგვლოცოსო. გავიოცე, მდუმარების აღთქმა თუ დადო, როგორ დაგლოცავთ-მეთქი. გულშიო, - მიპასუხა. მე ზუსტად არ ვიცი, მაგრამ სალოსობა ამქვეყნიურ სიამოვნებათა დათმობა უნდა იყოს და ღვთის უდიდესი სიყვარული. აბა, რამ უნდა გათქმევინოს უარი ოჯახზე, მშობლებზე, ახლობლებზე?

დიმიტრი (60 წლის): - იმ კაცს, რომელზეც ახლა უნდა გესაუბროთ, ჩემი მშობლები ბავშვობიდან იცნობდნენ. ეკლესიები რომ დაანგრიეს ჩვენს სოფელში, იგი ერთი ჩვეულებრივი მრევლთაგანი ყოფილა. წირვიდან ძალით გამოუგდიათ ბოლშევიკებს და როგორც ხალხი ამბობდა, გასულელებულა. ისეთ რამეებს ამბობდა, ჭკვიანი რომ ყოფილიყო, უთუოდ დახვრეტდნენო. სრულიად ახალგაზრდას ოჯახი მიუტოვებია და ეკლესიის ნანგრევებთან "დასახლებულა". ტიროდა და ეფერებოდა თურმე ქვებს. იმ ადგილას არ შედიოდა, სადაც ადრე საკურთხეველი ყოფილა. ის ეკლესია სასაფლაოზე მდგარა და ერთხელ ქალები შესულან საკურთხვლის ადგილას და სანთლები დაუნთიათ, - რასაკვირველია, უცოდინარობით მოუვიდათ. ჯოხით გამოჰკიდებია და გაულანძღავს. მაშინ მართლა შეურაცხადი ეგონებოდა კაცსო, ჰყვებოდნენ. ისე ჩვეულებრივად ლაპარაკობდა თურმე, მაგრამ მხოლოდ ღმერთსა და სარწმუნოებაზე. ერთი ძმა გაკომუნისტებულა და ახლოს იკარებდა კი არა, სულ იმას ეუბნებოდა, დედაჩემს საშო რატომ არ დაეწვა, შენ რომ გაჩენდაო. ბავშვები დათიკო ბაბუას ვეძახდით, ჩვენთან მოფერებით იცოდა ლაპარაკი, მაგრამ ჩვენ ხომ პიონერ-ოქტომბრელები ვიყავით და როცა გულზე ოქტომბრელის ნიშანს დაგვინახავდა ლენინის სურათით, ან ყელსახვევს, ბრდღვინვას იწყებდა. სამჯერ წაუყვანიათ კომუნისტებს, ციხეშიც გამოუკეტავთ, მაგრამ მალევე გამოუშვიათ, - სულელია, ამას რა ჭკუა მოეკითხებაო. იქვე, ეკლესიასთან გარდაცვლილა, დილით სასაფლაოზე მისულ ხალხს უნახავს, სახეზე ნათელი გადასდიოდაო.

ნათია (30 წლის): - პატარაობიდან დავყავდი დედ-მამას ეკლესიაში. სალოსობა მაშინ გავიგე პირველად, როცა მამა გაბრიელის (ურგებაძე) ცხოვრება წავიკითხე. ვფიქრობდი, რომ მაშინ საჭირო იყო ასე მოქცევა და მამა გაბრიელი გარკვეული ხერხით ცდილობდა, უღმერთობაში გადავარდნილი საზოგადოების გონს მოყვანას. ახლა ეკლესიაში სიარულს არავინ გვიშლის, მაგრამ ისეთი საცთურებია, თვითონ არ იტყვი უარს ამქვეყნიურ, თუნდაც წვრილმან სიამოვნებაზე. ეს კი ეკლესიას და, შესაბამისად, ღმერთს დაგვაშორებს ხოლმე. ბერებს კი ვიცნობ, მონაზვნებსაც, მაგრამ სალოსის (ვგულისხმობ ახლანდელს) შესახებ არაფერი გამიგია. ჩემი აზრით, საჭიროა ვინმემ მიგვითითოს, თუნდაც გაგვლანძღოს ისე, როგორც იოანე ნათლისმცემელმა და არა მოჩვენებით, არამედ ჭეშმარიტ ქრიტიანობაზე დაგვაფიქროს.
ბეჭდვა
1კ1