ყვავის ჩხავილს რომ გავიგონებდი, მთელი დღე მოშხამული დავდიოდი
ყვავის ჩხავილს რომ გავიგონებდი, მთელი დღე მოშხამული დავდიოდი
უფალს მაშინ მიემსგავსება ადამიანი, როცა მისი გზით ივლის და არა ამქვეყნიური ღმერთისა. ცრურწმენები კი მაშინ მოეძალება ნებისმიერ ჩვენგანს, როცა რწმენა შეერყევა. ცრურწმენა წარმართობისკენ მიბრუნებაა, მეტიც, იგი ახლოს დგას ჯადოქრობასა და მისნობასთან. როცა რწმენით ხარ აღჭურვილი, არ გეშინია არც გზაზე კატის გადარბენის, არც ცხვირის ქავილის, არც სიზმრის... ჩვეულებრივ, არაფრით გამორჩეულ ადამიანს არც წინასწარმეტყველების ნიჭი მიეცემა და ტყუილია, როცა ამბობენ, მომავლის ჭვრეტა შემიძლიაო.

მამუკა (43 წლის): - ბავშვობიდან ცრუმორწმუნე ვიყავი, განსაკუთრებით მეშინოდა ყვავების. მათ ჩხავილს რომ გავიგონებდი, მთელი დღე მოშხამული დავდიოდი, არადა ჩემი პატარა ქალაქი ყვავებით იყო სავსე. ელექტრობოძებზე უყვარდათ შემოსკუპება და სკოლაში რომ მივდიოდი, გული მისკდებოდა, არ დაიჩხავლონ და ორიანი არ მივიღო-მეთქი. ეს შიში შემდეგ, ასე ვთქვათ, "ორგანულ ნაწილად" მექცა და ჩემს ყველა "უბედურებას" მის ჩხავილს ანუ, როგორც იმერეთში იტყვიან, ყრანტალს ვუკავშირებდი. ერთხელ ძალიან ძნელ საქმეზე მივდიოდდი, თუმცა დარწმუნებული ვიყავი, რომ არაფერი გამოვიდოდა. ყვავის დანახვაზე შიშით გული გადამელია - არ დაიჩხავლოს-მეთქი და იმდენი ვირბინე, დანიშნულების ადგილზე სული ძლივს მივიტანე. ჩემი თავისა შემრცხვა, უცებ გავაცნობიერე, რომ ამხელა ვაჟკაცი ცრურწმენას ვიყავი აყოლილი და ეს ბევრ რამეში მაბრკოლებდა. თამამად შევედი და მოსაზრება ისე დავასაბუთე, ყველას გაუკვირდა და, თქვენ წარმოიდგინეთ, შედეგსაც მივაღწიე.

ნონა (63 წლის): - ჩემს ბავშვობაში დედაჩემის სოფელში ერთი მოხუცი ქალი ცხოვრობდა. საცოდავს სიბერეში ნიკაპსა და საულვაშეზე თმა ამოუვიდა და იქაურებმა აითვალწუნეს - ტურაქალას ეძახდნენ. საოცრად სათნო და ტკბილი მოხუცი იყო, განსაკუთრებით ბავშვები უყვარდა. მოდი, ბებოო, - დამისვამდა მუხლზე და ათას რამეს მიამბობდა. ამის გამო ბევრი უსიამოვნება შემხვდა ჯერ კიდევ პატარას - ალბათ შენც მისნაირი ხარ, თორემ რას გეალერსებაო. ის კი არა, შვილებმაც აუბზუეს ცხვირი. უდანაშაულო მოხუცი რამდენჯერ მინახავს აცრემლებული. ერთხელ ჩემი ყურით გავიგონე, როგორ ეხვეწებოდა უფალს, - ღმერთო, შენ რას მოგედრები, მაგრამ შენსავით მინდა ვთქვა, შეიბრალე ეს უგუნურებიო. თუმცა მაშინ ხალხი რწმენასა და ცრურწმენას ერთმანეთისგან ვერ არჩევდა და თავად მკითხავებთან მოსიარულენი უმწეო მოხუცს ჯადოქრობას აბრალებდნენ. ამას ბოღმით არ ვამბობ, მაგრამ როცა გამახსენდება ოლიჩკა ბებია, მართლა სიბრალულით მევსება გული.

ნია (25 წლის): - ეკლესიაში სიარული ახლახან დავიწყე. მანამდე, მართალი გითხრათ, სულ არ მეგონა ცოდვა ყავის ჭიქაში ჩახედვა, კარტის გაშლა. ეს განსაკუთრებით მოდური დედაჩემის თაობაში იყო და მეც მომწონდა... მერე, უფროს კლასებში, მიცვალებულთა სულების გამოძახება დავიწყეთ - ვიკრიბებოდით, ვხაზავდით, ვხატავდით და მიცვალებულებს ვიძახებდით. ახლა ძალიან მრცხვენია ამის, მგონია, ის ყველაფერი ცუდი სიზმარი იყო და უკან დარჩა; მაგრამ რომ გამახსენდება, რაზე ვკარგავდი დროს და რისი მჯეროდა, უფალს მადლობას ვწირავ, რომ არ გამწირა და გონს მომიყვანა. ეს ხომ სიბნელეში ცხოვრება, საკუთარ ნერვებზე თამაშია. მახსოვს, ყავის ჭიქაში დანახული ცუდი მნიშვნელობის ფიგურა როგორ მიწამლავდა გუნებას და ახლაც რომ ასე არ ვფიქრობ, მიხარია.

ტასო (68 წლის): - არ ვიცი, რა ერქვა ამას, მაგრამ სიზმრების მჯეროდა. არადა, თითქოს საგანგებოდ, ყოველღამე ათასნაირ სიზმარს ვნახულობდი, ასე ვთქვათ, მსოფლიო მაქვს მოვლილი. ახლა ვხუმრობ, თორემ მაშინ საშინლად დათრგუნვილი ვიყავი. გამეღვიძებოდა და დაახლოებით 15-20 წუთი სიზმარს ვშიფრავდი და მერე მთელი დღე იმ განწყობით ვცხოვრობდი. არ ვიცი, მართლა მისრულდებოდა თუ არა, მაგრამ ყველაფერს ნანახს ვუსადაგებდი. მერე ეკლესიაში სიარული დავიწყე და მივხვდი, რა ყოფილა თავისუფლება ანუ სიზმარ-ნარკოტიკის გარეშე ყოფნა. არ იფიქროთ, უცებ გავთავისუფლდი ამისგან, ნელ-ნელა მოვიდა შეგნება, რომ სიცრუესა და სიზმარში ვცხოვრობდი.

ციალა (40 წლის): - ალბათ ყველა ადამიანს აქვს უბედურების ან ბედნიერების მოლოდინი. რაც უნდა მორწმუნე იყო, ცუდისა და განსაცდელის გეშინია. მე ყველაფერს შვილებს ვუკავშირებდი და ყველაფრის მეშინოდა - სიზმრის, მარილის დაბნევის, თვალის თამაშის, კატის გადარბენის და, წარმოიდგინეთ, ჩიტის ჭიკჭიკისაც კი. ამაზე მიყურადებულს ლოცვა მავიწყდებოდა. ეს საშინელება იყო - ახლა იმ პერიოდს რომ ვაანალიზებ, ვხვდები, რითი ვიყავი შეპყრობილი. ჩემი ნერვიულობა შვილებზეც გადადიოდა. მარილი თუ დაებნეოდათ, ვეჩხუბებოდი, - ჩხუბი იცის-მეთქი. ერთხელ თავგაბეზრებულმა ბიჭმა მითხრა, - დედა, ამაზე მეტი ვინ უნდა გვეჩხუბოს, ლამის დაგვხოცოო. თვალი ამითამაშდებოდა და გარეთ არ ვუშვებდი. უბედურების მოლოდინში ოთახიდან ოთახში დავდიოდი. ლოცვამ გამათავისუფლა ამისგან და როცა "ცუდი წინათგრძნობა" შემომიტევს, ლოცვას ვიშველიებ ხოლმე.

დავითი (72 წლის): - ცრუმორწმუნე არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ რადგან ჩემს ახალგაზრდობაში მორწმუნეებს ცრუმორწმუნეებს ეძახდნენ, ეკლესიაში შესვლას ვერიდებოდი. მადლობა ღმერთს, რომ ახლა მაინც ვიცი, რა განსხვავებაა მათ შორის.
ბეჭდვა
1კ1