განდგომილი ერებისთვისაც დამღუპველი გამოდგა ღალატი - გაგვთიშეს და იბატონეს!
 განდგომილი ერებისთვისაც დამღუპველი გამოდგა ღალატი - გაგვთიშეს და იბატონეს!
საქართველო ყოველთვის იყო გეზის მიმცემი კავკასიის ხალხისა, ეს მით უფრო მართლმადიდებლობას შეეხება, რომლისთვისაც საქართველოს, როგორც სახელმწიფოს, არასოდეს უღალატია. ვერ ვიტყვით, რომ ცალკეულ პიროვნებებს, თუნდაც მეფეთა შთამომავლებს არასოდეს შეუქცევიათ ზურგი მრწამსისთვის, მაგრამ ეს არაფერია ერთან, რომელიც აბობოქრებულ ზღვას ემსგავსებოდა, როცა ქრისტეს რჯულის ხელყოფას შეეცდებოდა მტერი.

ეთერი (61 წლის):
მე ოსი ვარ, საქართველოში დაბადებული და ქართული კულტურითა და ზნეობით გაზრდილი, რა თქმა უნდა, მართლმადიდებელი. ჩემი ორივე შვილის ნათლია ქართველი კაცი იყო. ჩემი პაპა-ბებია ძალზე მორწმუნეები იყვნენ და ქართულად ლოცულობდნენ. მართალია, მაშინ ეკლესიაში ვერ დავდიოდით, მაგრამ სახლში ხატებიც გვქონდა და ბებიაჩემმა ყველა დღესასწაული ზეპირად იცოდა, აღდგომასაც თვითონ გამოითვლიდნენ. მე თუ შემიძლია აღდგომის გამოთვლა? არა, მე კალენდარს ვეყრდნობი, მარხვასაც ვინახავ და აღდგომის დადგომა როგორ უნდა გამომეპაროს? როცა ქვეყანა აირია, ჩემი დები და დისშვილები ჩრდილო ოსეთში გადავიდნენ საცხოვრებლად, მორწმუნე მართლმადიდებლები იყვნენ, მაგრამ ერთი დისშვილი იქ ოსმა მომიკლა და შეუჩნდნენ იეღოველები. გამწარებულმა დედამ ალბათ იფიქრა, რასაც მეუბნებიან, მართალიაო და იეღოველი გახდა, მერე შვილებიც გადაუყვანია. ეს რომ გავიგე, მოთქმით ვტიროდი, ღვთისმშობელს როგორ უღალატე-მეთქი. ჩვენს სოფელში მარიამობას განსაკუთრებით ზეიმობდნენ ქართველები და ოსები. ჩემს ქმარს, მიუხედავად იმისა, რომ მორწმუნე არ არის, იეღოველების ხსენებაც კი არ უნდოდა, ამიკრძალა, მაგათი ფეხი არ ვნახო ჩემს ოჯახშიო, მაგრამ ერთხელ მაინც მესტუმრნენ. აბა, შვილკვდარ დას რას ვეტყოდი, თუმცა გავაფრთხილე, იეღოვაზე ლაპარაკი არ დამიწყო, ვახტანგი არ გადამირიო-მეთქი. ერთი-ორი დღე ითმინა ჩემმა დამ და მაინც არ დაიშალა თავისი, მოჰყვა და მოჰყვა. ჩემი ქმარი შემოგვესწრო და იქ ამბავი ატყდა, მეზობლები შემოცვივდნენ ყვირილზე. ძალიან მიჭირს ამაზე ლაპარაკი, მაგრამ არ მიმიწევს გული მათკენ, უცხო და მიუღებელია ჩემთვის მათი რჯულიც და მათი ლოცვაც.

ოთარი (72 წლის):
იმ სოფელში, სადაც დავიბადე და სკოლა დავამთავრე, კათოლიკეები ცხოვრობდნენ. ჩემი ოჯახიც მათ წესზე იყო მონათლული. ბაბუის მამა მართლმადიდებელი ყოფილა და როცა იქ ფრანგი მისიონერი ჩასულა და ხალხს რწმენის შეცვლა დაუწყია, თურმე თავს იკლავდა, რას შვრებით, ხალხო, თურქებს გავუძელით და ახლა როგორ დატოვებთ რჯულსო. მერე ეკლესიაში ჩაკეტილა და გარეთ არ გამოდიოდა თურმე. ტაძრის კარი რომ გაუღია და ჰაერი მოხვედრია, იქვე დაულევია სული. პაპამ და მისმა ძმებმა ვერ გაუძლეს ზეწოლას და კათოლიკურად მოინათლნენ. თბილისში თავდაპირველად კათოლიკურ ეკლესიაში დავდიოდი, მაგრამ რაღაც არ მომწონდა, გული მეთანაღრებოდა. ერთხელ სიონში შევედი იმ ფიქრით, რომ მენახა, რისთვის "მოიკლა თავი" ჩემმა დიდმა პაპამ. სადღესასწაულო წირვა მიდიოდა, მგონი, გიორგობა იყო და გალობამ ისე მიმიზიდა, ფეხი ვერ გამოვდგი გარეთ. გავიფიქრე, აქედან არსად წამსვლელი არ ვარ-მეთქი. ასე ვიარე ეკლესიაში კარგა ხანს, თუმცა მოძღვართან არ მივსულვარ, იმდენი ჭორი მესმოდა მღვდლებზე, არ ღირს-მეთქი, ვფიქრობდი. ერთ დღეს შავით მოსილი კაფანდარა მოხუცი ქალი მომიახლოვდა და საუბარი გამიბა. მირჩია, ამდენი ხანია დადიხარ და მოძღვარს არ ეკარები, მიდი და აღსარება ჩააბარეო. მერე მოვინათლე და ასე დავუბრუნდი წინაპართა რწმენას. მომავალი მეუღლე იქ გავიცანი. ერთი შვილი საფრანგეთში წავიდა იმ გაჭირვებულ წლებში. მამა, რას მეტყვიო, წასვლის წინ მკითხა. რწმენას არ უღალატო-მეთქი, ვუთხარი, - ამის მართლა მეშინოდა, მაინც ვთვლიდი, რომ ჩემმა უახლოესმა წინაპრებმა დიდი ერთგულება ვერ გამოიჩინეს.

სოფიო (30 წლის):
ისტორიიდან ცნობილია, რომ კავკასია მთლიანად მართლმადიდებელი იყო. ბევრი რამ მოხდა, ქარტეხილებმა შეცვალა მათი ბუნება და მოგვიანებით კავკასიაში ძირითადი რელიგია, მიუხედავად იმისა, რომ წარმართობას დიდხანს ვერ დააღწია თავი ზოგიერთმა ტომმა, მაინც მართლმადიდებლობა იყო. მაჰმადიანობა და მონოფიზიტობა მოახვიეს თავს კავკასიელებს. ეს ტრაგედია იყო და ასე ტრაგიკულია დღეს ჩვენი ცხოვრება. ფაქტობრივად, მტრული ძალების გარემოცვაშია ქართველი ერი, რომელმაც უდიდესი მსხვერპლის ფასად შეინარჩუნა ჭეშმარიტი რჯული. იმ განდგომილი ერებისთვისაც დამღუპველი გამოდგა ღალატი - გაგვთიშეს და იბატონეს!
ბეჭდვა
1კ1