წერილები რედაქციას
წერილები რედაქციას
მურად გოგოჭური
დებიუტი
ვაჟას სწორად არ მიგულოთ,
მას არ ვუტოლებ თავსაო;

მე მისი მოტრფიალე ვარ,
გავყვები მისსა კვალსაო.
ლექსის წერით გავერთობი
და ამოვიღებ ხმალსაო,
ლექსებს წყალივით გიამბობთ
შეუერთდება ზღვასაო.
ენაზე ბულბულს დავისვამ,
თქვენ განაცვალებთ თავსაო,
ჩემი ლექსებით დაგატკბობთ
მოხუცებულს თუ ბალღსაო.
ტკბილი სიტყვებით დავათრობ
დიდ-პატარას თუ ქალსაო.
კიდევაც გამოვაფხიზლებ
ჟიპიტაურით მთვრალსაო.
სისხლმა ყივილი დაიწყო,
არ უღალატო გვარსაო,
ხელში კალამი ავიღე
და არ დავზოგავ თავსაო.
ისეთი სიტყვით შევამკობ
მთა-გორებს, თუნდაც ბარსაო,
თვალზე ცრემლები მოგადგეთ,
როგორც მოზარე ქალსაო.
საგურამოში შობილი,
მუდამ ვეტრფოდი მთასაო.
მთას ვიყო, მთაზე ვილექსო,
მწადია თქვენსა ყმასაო.
ჩემსა მამულსა დავლოცავ,
ყანწს დავლევ, ჯიხვის რქასაო.
შაირი, ტკბილი ლექსობა,
უხდება ხევსურ, ფშავსაო.
ჩემი კალმით შევეცდები
და გავახარებ ხალხსაო.
ენასაც ავადგმევინებ
ბუნებას, ცას და წყალსაო.

ზედაზენი
აივნიდან გავცქეროდი
გარიჟრაჟის ლანდებსა,
დილის ნისლი ამშვენებდა
მის მადლიან კალთებსა
გულმა იქით გამიწია
ავირბინე ფერდობი
რომ ახლოდან დამენახა
მისი მთა და ბექობი.
შირმის წყალთან დავისვენე,
მოვიკალი წყურვილი.
სილამაზით დავმტკბარიყავ,
სხვა არ მქონდა სურვილი.
მუხის პირას ჩამოვჯექი,
ამეშალა ფიქრები,
ზედაზენი თუ არ ვნახე,
რა ქართველი ვიქნები?!
სადღაც შაშვმა დაუსტვინა,
გაიღვიძა ბუნებამ,
მომხიბლა და გამიტაცა
სილამაზის ყურებამ.
ზედაზნის მთამ გაიღვიძა,
ახმაურდნენ ჩიტები,
ლამაზ დილას მილოცავენ
ოლოლი და გვრიტები.
მუხასაც გამოეღვიძა
და გამომხედა ამაყად,
წიფელსაც ჩაუჩურჩულა,
ალბათ გვესტუმრა ამაღამ.
გამიღიმა, მომესალმა,
თითქოს ხელი გაშალა.
ზორბა ტანი შეარხია
და ფოთლები აშალა.
გრილმა სიომ დაუბერა,
შეარხია თილები,
ჩემ წინ ისე აღმართულან,
ვით ზღაპრული დევები.
ბილიკს ზემოთ ავუყევი,
მივადექი ქასურსა,
ხავსიანი კედლებია,
მოგაგონებთ წარსულსა.
აქ ოდესღაც ლოცულობდნენ
ასურელი მამები.
მათმა ლოცვამ ჩვენ გაგვიღო
წმინდა წიგნის კარები.
ხავსიან გზას გავუყევი,
გავიარე ხევები.
ცამეტ მამას აღუპყრია
აქ ოდესღაც ხელები.
მთის წვერისკენ მივიჩქარი,
მინდა ვნახო ტაძარი,
ზედაზნელის სამფლობელო
მადლიანი რამ არის.
მის ეზოში ფეხს დაადგამ,
ამაღლდები ცათამდის.
გაიფიქრებ, რად არ ვნახე,
სად ვიყავი აქამდის?
სიო მუდამ ნაზად დაქრის,
ბეთლემიდან მონაბერი,
ანგელოზთა ლოცვა გესმის,
ქრისტესათვის მონამღერი.
ჯვრის მონასტერს გადახედავ,
მოჩანს სვეტიცხოველი.
სულიერად ამაღლდები
მის ეზოში მყოფელი.

* * *
თვალხილულთათვის ყველა გზა ტაძართან მიდის
ქუთაისში ისეთ უბანში ვცხოვრობ, რომ ყველა გზა ტაძართან მიდის. დიდხანს, ძალიან დიდხანს ვფიქრობდი, რომელ ტაძარში მივსულიყავი და ვინ იქნებოდა ჩემი სულიერი მოძღვარი.

ბავშვობიდანვე ჩამინერგა დედამ ღვთის სიყვარული. დავდიოდი ეკლესიებში და ყოველთვის მხურვალედ ვლოცულობდი, მაგრამ ქრისტეს სისხლსა და ხორცს მხოლოდ 36 წლის ასაკში ვეზიარე. ყველაფერი ასე დაიწყო: 2001 წელი იყო. თანამშრომელმა მითხრა: გორაზე გოჭოურას სასაფლაოს მიდამოებში ძველი ტაძრის ადგილას ახალი სიონის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი შენდებაო. მაპატიოს უფალმა ჩემი ნაკლებმორწმუნეობის გამო, ხმამაღლა არ მითქვამს, გულში გავივლე: - ასე შორს ვინ ივლის, მოძღვრად ალბათ ვინმე ბებერი და უძლური იქნება-მეთქი. მოხდა პირიქით. 2008 წლის აგვისტოს ომი რომ დაიწყო, ბავშვებთან ერთად სურამში ვისვენებდი. ქალაქიდან როცა გავდივარ, ღვთისმშობლის ხატი მუდამ თან მიმაქვს. ისეთი შეშინებული ვიყავი, ვთქვი, - ოღონდ ქუთაისში ჩავაღწიო და იმ დღესვე ტაძარში წავალ-მეთქი. მართლაც, ჩამოვედი თუ არა, დილით სწორედ იმ ეკლესიაში გავიქეცი, რომელიც სიშორის გამო დავიწუნე.

მარიამობის მარხვა იწყებოდა, ლოცვა რომ დამთავრდა, ეკლესიის ახალგაზრდა მოძღვარმა მამა იოსებმა თქვა, - ვინც იმარხულებს, წირვა-ლოცვას დაესწრება, დაიწყებს ქრისტიანულ ცხოვრებას, ყველას ვაზიარებო. იქიდან კი არ წამოვედი, გამოვფრინდი თვალაცრემლებული, რადგან მომეცა საშუალება, აღსარება ჩამებარებინა და წმინდა ზიარება მიმეღო. მას შემდეგ დავდივარ ტაძარში, რომელიც თეთრად მორთული პატარძალივით გამოიყურება და ძალიან მიყვარს. წირვა-ლოცვაზე დგომა ჩემთვის დიდი ბედნიერებაა, ხოლო მამა იოსების ქადაგებების მოსმენას არაფერი სჯობს. უგულოს გულიანს გახდის, ურწმუნოს - რწმენის ნათელ გზაზე დააყენებს, სიძულვილს - სიყვარულით შეგვიცვლის...

იყო დაუღალავი მოძღვარი, ყველას მანუგეშებელი, გულში ჩამწვდომი, ეს ხომ რჩეულთა ხვედრია. მამა იოსები თავისი შრომითა და გარჯით, თავმდაბლობით, რწმენისადმი უსაზღვრო სიყვარულით გვაძლევს მაგალითს იმისა, თუ როგორი უნდა იყოს ჭეშმარიტი ქრისტიანი.

9 აგვისტოს ჩვენი მოძღვრის დაბადების დღე იყო. მოკრძალებით ვულოცავ და ვუსურვებ ჯანმრთელობას, უფლის წყალობას, დიდხანს სიცოცხლეს მის ლამაზ ოჯახთან ერთად... მისი მრევლის საიმედოდ და საკეთილდღეოდ.

ქუთაისი, სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის
ტაძრის მრევლი ფიქრია ხაჭაპურიძე
ბეჭდვა
1კ1