უცხოეთში მცხოვრებ ქართველებში უფრო იგრძნობა გენეტიკური ლტოლვა საკუთარი ფესვებისაკენ
უცხოეთში მცხოვრებ ქართველებში უფრო იგრძნობა გენეტიკური ლტოლვა საკუთარი ფესვებისაკენ
"ყმაწვილი უნდა სწავლობდეს საცნობლად თავისადაო" - უთქვამს ქართველთა დიდ წინაპარს. იგი ამაში გულისხმობდა არა ზოგად განათლებას, არამედ იმ ფესვების ღრმად წვდომას, რომელზეც ჩვენ, როგორც ქართველები, ვიზრდებით და ვვითარდებით. ქრისტიანული მოძღვრება არავითარ შემთხვევაში არ ითხოვს ბრმა მორჩილებას, არამედ გაანალიზებას, შეცნობას.

ნინო (42 წლის): - ნებისმიერ ადამიანს უფალი სთხოვს მიიღოს ცოდნა, ანუ ბოლომდე შეიმეცნოს ის, რაც სწამს, რისიც სჯერა. ეს, უპირატესად, სარწმუნოებაა. ქრისტიანობა, მართალია, უფლის მოძღვრების მორჩილებას გვავალებს, მაგრამ ეს მორჩილება გაცნობიერებული უნდა იყოს. ამიტომაც, როცა ეკლესიაში სახარება იკითხება, მას მოსდევს ქადაგება, სადაც მოძღვარი განმარტავს, როგორ უნდა გავიგოთ ესა თუ ის აზრი. თვითნებურად ამას ვერ გააკეთებ და თუ ასე მოიქცევი, მკრეხელობამდე მიხვალ. ამას წინათ სააგარაკოდ სურამში გახლდით. ორი ულამაზესი გოგონა შემხვდა. უფლის სიტყვაზე, როგორც თავად ამბობდნენ, ლაპარაკი დამიწყეს. ასეთ დროს მიჭირს თავის შეკავება და ცხარედ შევეკამათე. ასეთ ღვთიურ ადგილას, ამდენ ეკლესია-მონასტერს შორის გაგაჩინათ ღმერთმა და თქვენ ეშმაკს აჰყოლიხართ-მეთქი. ბიბლია სანამ არ წავიკითხეთ, ჩვენც ასე გვეგონაო. ეს ხომ ტვინის აბსოლუტური დაბნელებაა. ეს რომ არ მოხდეს, ამიტომაც ბრძანებს უფალი: "შეიცან თავი შენი". საკუთარი თავის შეცნობა დიდ წინაპართა საქმიანობის შეცნობით ხდება. ზოგიერთს აუჩემებია, დავით აღმაშენებელმაც ხომ მოახდინა ეკლესიის რეფორმაო. აღმაშენებელს რომ ედრები, არ უნდა იცოდე, მას რა დააკისრა უფალმა და შენ - რა? რეფორმა მოახდინა, მაგრამ ეკლესიას კი არ განდგომია. ძნელია ასეთებთან კამათი, მაგრამ ჩვენ მოვალენი ვართ, ვილოცოთ დაბნეულ თანამოძმეებზე.

თორნიკე (27 წლის): - უფლის მორჩილება შენი წინაპრების პატივისცემაა. ჯერ ახალგაზრდა ვარ, მაგრამ ხშირად შევკითხივარ თავს, - თუკი ადამიანი, - ამწუთას ქართველებზე მაქვს ლაპარაკი, - ისტორიის ანალებში ჩაიხედავს, ერთი რამ გაცხადდება მისთვის - ჩვენი წინაპრები თავს სწირავდნენ ქრისტიანობას და ამაში ერის გადარჩენას ხედავდნენ. ქართველი კაცის ნათქვამია, "სჯობს სიცოცხლესა ნაზრახსა სიკვდილი სახელოვანი". შოთა რუსთაველმა თქვა ეს, მაგრამ ხომ ხალხისგან, წინაპრებისგან იცოდა ის, რაც იცოდა, მისი ცოდნა თავისთავად ხომ არ აღმოცენებულა? წინაპართა თავდადებამ, რაც ამ სიტყვებში გაცხადდა, მიიყვანა იგი აქამდე და სწორედ ეს არის და იყო ქართველთა სამოქმედო პროგრამა. უფლისმიერი კანონები არ გვაძლევს უფლებას, ისე ვიცხოვროთ, როგორც ჩვენ გვინდა, ეს რომ ასე არ იყოს, წარმოიდგინეთ, რა მოხდებოდა. სხვა აღმსარებლობაზე რას ვიტყვი? - ყველამ თავისი იცოდეს, მაგრამ კარგად მოგეხსენებათ, როგორი დამცირებულია ქალი ზოგიერთ რელიგიაში და, შესაბამისად, როგორი უუფლებოა იგი. არადა ქალიც ღვთის შექმნილია და ქართველები ეთაყვანებოდნენ მას. ცოდნა, რომელსაც ვიღებთ, ამასაც გვეუბნება.

ნანა (49 წლის): - ოთხი წელი ვიცხოვრე ამერიკაში და რომ დავბრუნდი, ერთმა რამემ გამაოცა. იქაური ქართველები, მიუხედავად მძიმე შრომისა, არასოდეს ცდილობენ ამერიკელებს დაემსგავსონ, პირიქით, იქ უფრო იგრძნობა გენეტიკური ლტოლვა საკუთარი ფესვებისაკენ. არ შეიძლება არ მოგწონდეს სხვა ერების თუნდაც კულტურა, თუნდაც ცხოვრების წესი, მაგრამ შენი ისე უნდა იცოდე, არ აითქვიფო და არ შებღალო წინაპართა ცდა და ღვაწლი, რომელიც ეროვნული სულის შენარჩუნებაში მდგომარეობს. თუ რამე არ მოგწონს, შენია და შენშივე აღმოფხვარი, ანდა შენს მოყვასს მიუთითე, რა შეიძლება და რა - არა. ამისთვის კი ის ცოდნა გჭირდება, რომელსაც შენი წინაპრები უძველესი დროიდან აგროვებდნენ, რომ თავგზა არ აგვბნეოდა. ისინი ყველაფერს ითვალისწინებდნენ, - იმასაც, რომ არ დაკარგულიყო მათი სახელები, ვინც ერის გადარჩენის ქვაკუთხედს თუნდაც ერთი კენჭი მიაშველა. საგანგებოდ მინდა სამოელ კათალიკოსი გავიხსენო. გახსოვთ, ალბათ, იოანე საბანისძისთვის მიწერილი ეპისტოლე. დაავალა აბოს ცხოვრება და წამება აღეწერა მათთვის, ვინც მოვა შემდგომად ჩვენსაო. ამ ყველაფერში სამომავლო მიზანი იდო. ასე ზრუნავდა იოანე მთაწმინდელი სამშობლოში დარჩენილ ქართველთა განათლებაზე და ამიტომაც დაუდო მიზნად თავის ძეს, ეთარგმნა და გადაეწერა სასულიერო ლიტერატურა. ჩვენი გონების განმანათლებელი სწავლება ჩვენსავე მწერლობაშია. უამრავი ქვეყნის ლიტერატურას ვიცნობ, მაგრამ არსად მინახავს ისეთი სრულყოფილი მწერლობა, როგორიც ქართულია. სწორედ ის მგონია ნათელი და ერისათვის გამოსადეგი ცოდნის გარანტი.
ბეჭდვა
1კ1