ბევრჯერ შევვედრებივარ იერემიას, საგოდებლად არ გაეხადა ჩვენთვის ჩვენი ქვეყანა
 ბევრჯერ შევვედრებივარ იერემიას, საგოდებლად არ გაეხადა ჩვენთვის ჩვენი ქვეყანა
"ცათა სასუფეველი დედამიწაზე არ არის, ცაშია, მაგრამ მასში ეკლესიის გზით შედიან", - წერდა დოსტოევსკი. ეკლესიის როლი და მნიშვნელობა უდიდესია და მის დაფუძნებას უძველესი დროიდან ცდილობდნენ უფალთან ერთად ღვთით განბრძნობილნი კაცნი, წინასწარმეტყველნი. ძალზე ძნელია, ჩვეულებრივმა ადამიანმა სწორად და შეუმცდარად გაიგოს მისი სწავლება, მაგრამ აქ ისევ ეკლესია გვეხმარება. თუ ყურს დავუგდებთ მოძღვართ ქადაგებებს, მივხვდებით და გავიაზრებთ, რა ელის კაცობრიობას თავისი ცოდვებისთვის.

ნინო (50 წლის): - წინასწარმეტყველთა შესახებ ბევრი არაფერი ვიცი, მაგრამ ის ვიცი, რომ "დავითნი" წყაროა სიცოცხლისა. ამ წიგნის შესავალში წერია კიდეც: "ეკლესიის კურთხევით თითოეული ქრისტიანი ყოველდღიურად უნდა კითხულობდეს "ფსალმუნს", რათა სულიერად გაძლიერდეს მოძალებული განსაცდელის ჟამს". სანამ ამას გავიგებდი და საერთოდ "უკეთესი მორწმუნე" გავხდებოდი, ვიდრე ვიყავი, დიდად არ მეხალისებოდა ფსალმუნების კითხვა. მეტიც, მხოლოდ დილის და საღამოს ლოცვებში შემავალ ფსალმუნებს ვკითხულობდი. უფალი ხედავს ჩვენს გულს და ერთხელაც, მესიზმრა-მეთქი, ვერ ვიტყვი, უფრო მეჩვენა, რომ სადღაც, ტაძარში შევედი. საკურთხეველს მივუახლოვდი და ჩემს წინ უზარმაზარი ასოებით გამოისახა: "დავით, წყარო ცხოვრებისა". რომ გითხრათ, დიდად დამაფიქრა ამან-მეთქი, ვიცრუებ. ადრე ფერისცვალების ეკლესიის მრევლის წევრი ვიყავი. ერთხელაც გადავწყვიტე, წირვას იქ დავსწრებოდი. გზა ამებნა, სულ სხვანაირად მომეჩვენა ის ქუჩები, სადაც წლების განმავლობაში დავდიოდი და ერთ პატარა საყდარს მივადექი. კი მივხვდი, რომ ფერისცვალების ეკლესია არ იყო, მაგრამ მაინც შევედი. ვიკითხე, ვისი სახელობისაა-მეთქი. დავით წინასწარმეტყველისო, რომ მითხრეს, ყველაფერი ერთად გამახსენდა. მას შემდეგ თითქოს ფსალმუნებსაც სხვაგვარად ვიგებდი. ის ადგილები რომ ვნახე, სადაც მაცხოვრის მოსვლა და ჯვარცმაა ნაწინასწარმეტყველები, ლამის გული გამიჩერდა.

ილია (60 წლის): - ადამიანის ცხოვრება რამდენიმე ეტაპისგან რომ შედგება, უცხო არავისთვისაა. რწმენაც ალბათ უფრო მაშინ მოდის, როცა სული ითხოვს ამას. მორწმუნე დედ-მამა მყავდა, სახელიც წინასწარმეტყველის დამარქვეს. ბაბუას ერქვა, უფრო სწორად, იმას დაარქვეს მშობლებმა. ილია წინასწარმეტყველი უყვარდათ საქართველოში და მას შესთხოვდნენ, როცა ტაროსი ვერ იყო ისეთი, მოსავალს რომ სჭირდებოდა. როცა ეკლესიაში დავიწყე სიარული, არ ვიცი, რატომ, მოძღვარმა მირჩია, ეკლესიასტე წაიკითხეო. თუმცა როგორ არ ვიცი, მე ხომ საკმაოზე მეტად მდიდარი ვიყავი იმ დროისათვის და ფულისა და კარგი ცხოვრების სიყვარულიც მეტყობოდა. დამეზარა, მაგრამ ცოლმა მირჩია, მოძღვრის ურჩობა არ ვარგა და რასაც გეტყვის, ის უნდა გააკეთოო. დავიწყე კითხვა. მოგეხსენებათ, როგორი ღრმა და ლამაზხმოვანია. ეკლესიასტე, მეფის ძე, რომელმაც ყველა ამქვეყნიური სიამე იგემა, ამაოებას რომ დაარქმევს ყოველივეს, აბა, ჩვენ ვინ ვართ და რა უნდა ვიფიქროთ? მაშინ მივხვდი, მართლა რა წარმავალია წუთისოფელი, ოღონდ ეგ არის, სიკეთე არ არის ამაო, სიკეთე თან მიგყვება, როგორც გურამიშვილი ბრძანებდა: "კაცს მიუძღვის აქ ნაქმარი, ავსა ავი, კარგსა კარგი".

ანდრია (34 წლის): - წინასწარმეტყველი ბევრია და სახელებიც ვიცი ზოგიერთისა. თუმცა ვერ დავიჩემებ, რომ მათ ცხოვრებასა და ქადაგებებს ვიცნობდე. აბიტურიენტი რომ ვიყავი, ჩემმა მასწავლებელმა ცრემლნარევი სიტყვებით აგვიხსნა მელქისედეკ კათალიკოსის საუბარი ზვიად სპასალართან. იქ არის სწორედ ნახსენები იერემია წინასწარმეტყველი - ვაი მას, ვისაც იერემიასებრი გოდება ხვდა წილადო. დანგრეული სამშობლოსათვის გოდებს იერემია და მელქისედეკსაც არ სურს დაინგრეს და განადგურდეს საქართველო. ჩემი ქვეყანა ჩემთვის ყველაფერია და დავინტერესდი, რა იყო იერმიას გოდების მიზეზი. მაშინ ისიც გავიგე, რომ იერუსალიმის დამანგრეველთა შორის ერთ-ერთი იბერიული ტომიც ერია. ახლა სახელი არ მახსოვს იმ ტომისა, მაგრამ კარგად მახსოვს ის განცდა, რომელიც მაშინ დამეუფლა. ჩვენი შორეული წინაპრებიც ხომ არ მონაწილეობდნენ უფლის ქალაქის დანგრევაში-მეთქი. მე პირადად ბევრჯერ შევვედრებივარ იერემიას, საგოდებლად არ გაეხადა ჩვენთვის ჩვენი ქვეყანა...
ბეჭდვა
1კ1