წერილები რედაქციას
წერილები რედაქციას
შენ დედა გყავს?
შინიდან როგორ გავიდა, არ ახსოვს. მხრებში მოხრილი ძლივს მიდიოდა, გული ძლიერ უცემდა, ფეხებს მიათრევდა, ცრემლის ბურთი ყელში ებჯინებოდა. ის ერთი კითხვა სულს უფორიაქებდა, მაგრამ უკან არ სურდა დაბრუნება. როგორმე უნდა მიეღწია იქამდე, სადაც ყოველთვის სულის დასამშვიდებლად მიდიოდა. წუთით შეჩერდა, გულში მწარედ გაივლო, - ნუთუ ეს ცხოვრება კარუსელია? ალბათო და გზა განაგრძო. როგორც იქნა, მიაღწია სასურველ ადგილს, მაღლა აიხედა და უნებურად წამოსცდა, - შენ დედა გყავს?

ტაძრის ეზოში ფეხაკრეფით შევიდა, ტაძარს გარს შემოუარა, ცრემლი თავისთავად მოდიოდა თვალთაგან. ტაძარში შევიდა, ჯვარს ემთხვია, სანთელი აანთო, დაიჩოქა და უფალს ყველაფერი უამბო, უფალს, რომელსაც არასდროს არაფერს უმალავდა. იცოდა, მოუსმენდა და განსჯიდა. სანთლის შუქმა დაამშვიდა. ნუთუ ეს ბედისწერაა? სულს ისევ ის კითხვა უშფოთებდა, - შენ დედა გყავს? დიდხანს ილოცა. სანთელი იღვენთებოდა და სიამოვნებდა ყურება, თითქოს მისი ტანჯული სული იფერფლებოდა სანათლის მაგივრად. რატომ, ღმერთო? - ხმამაღლა აღმოხდა. გარეთ გამოვიდა, ტაძრის ეზოში ქვაზე ჩამოჯდა. არ ჩქარობდა. გუმბათზე ჯვარი დაინახა. "უფალომ შემიწყალე", - ხმამაღლა წარმოთქვა, თითქოს ჯვარმა გულისტკივილი გაუგო, ნათელი სხივები გამოაბრწყინა და მისკენ გადმოაფრქვია. გული გაუნათდა, იმედი ჩაესახა, ფრთებშესხმული ადგა. სიყვარულით შეავლო თვალი საყდარს. ბეჭებში გასწორდა და წამოვიდა, სწამდა, უფალი არ გაწირავდა. ნათელმა სხივმა, რომელიც უფალმა გამოუგზავნა, სიცოცხლე დაუბრუნა, სიცოცხლე, რომელიც ცოტა ხნის წინ არაფრად მიაჩნდა. ღვთისმშობლის ხატი გულში ჩაიხუტა და სახლამდე მხნედ მივიდა. სალოცავ კუთხესთან დაიჩოქა. ლოცულობდა სიმართლისთვის, სიყვარულისთვის. მთელი ღამე ლოცვაში გაათენა. ეიმედებოდა, მეორე დღე იმ იდუმალი სხივებით გაბრწყინებული გათენდებოდა, რომელიც მისი ტანჯული გულის გასახარად გამოუგზავნა უფალმა.
ნანული რობაქიძე

***
მივესალმები ჟურნალ "კარიბჭის" რედაქციას დიდი სიყვარულით, რადგან "კარიბჭე" თითოეული ქართველის და არამარტო ქართველის მეგობარია, ის ყველას უწვდის მეგობრობის ხელს, ვინც კი მასთან მეგობრობას მოისურვებს.

სწორედ ასეთი განუყრელი მეგობრები გავხდით მე და "კარიბჭე", რადგან მისგან დაუშრეტელი სიხარული, სიყვარული და იმედი მოედინება, ის უსაზღვროდ კეთილია და სიკეთით აღავსებს ყველა მის მკითხველს, და სწორედ ამიტომ ჩვენთვის, პატიმრობაში მყოფი ადამიანებისთვის, უდავოდ გამორჩეული მეგობარია. ჰოდა, ასეთი საუკეთესო მეგობრის საშუალებით მსურს, ლექსი მივუძღვნა უწმინდესსა და უნეტარესს ილია II-ს.
გურამ ორთოიძე

პატრიარქს
შენ ის ვაზი ხარ,
კურთხეულ მიწაზე რომ არს დარგული.
შენ ის ვაზი ხარ,
ფესვები რომ აქვს მედგრად გადგმული.
შენ ის ვაზი ხარ,
ნაყოფი რომ აქვს ქვეყნად განთქმული.
შენ ის ვაზი ხარ,
ფოთლებით რომ არს დამშვენებული.
შენ ის ვაზი ხარ,
ცრემლებით რომ აქვს მიწა ნამული.
შენ ის ვაზი ხარ,
რომლის შემყურე ხარობს მამული.
შენ ის ვაზი ხარ,
რომლის ნაჟურით საზრდოობს სული.
შენ ის ვაზი ხარ,
რომლის ნაჟური არს სიყვარული!
ბეჭდვა
1კ1